ცრემლიანი კიბეები


ცრემლიანი კიბეები

       რამდენი ხანია ვეძებ იმ სურნელს და ვერავისგან ვერ ვიგრძენი მიმსგავსებულიც. დავდივარ მას შემდეგ, ყველაში და ყველაფერ ლამაზში მის მსგავსებას ვხედავ. წუთები,წუთებს მიყვება, საათები საათებს, დღეები დღეებს და მე ისევ იმ ადგილას ვარ დარჩენილი, ცრემლიანი თვალებით გაცილებაც, რომ არ ისურვა და კიბეებს დაუყვა. თითქოს ისევ იმ პატარა მაგიდას ვუზივარ, წინ ტკბილეული და გაუხსნელი ბოთლით წითელი ღვინო მიდგას, რომლის გახსნასაც ვერ ვბედავ, რადგან წითელი ღვინო მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ტკბილეულს ზედაც ვერ ვუყურებ, ჩემი ცხოვრების სიტკბოება ჰო ახლახანს ჩაუყვა კიბეებს. წავიდა,მაგრამ დამიტოვა მთელი განვლილი, რომელიც სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში დარჩება! ყველგან ჩემთან ერთად ივლის და წუთით არ მომცემს სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას!
        მეორე კლასიდან მოდის ეს ნაცნობობა, რომელიც მეხუთე კლასში იქცა ბავშურ გრძნობად, რომელსაც პირველი სიყვარული ჰქვია.ჰმ ბავშვური! ბავშვური ეძახე და კი გამოიარა ჩემთან ერთად მთლიანი სიყმაწვილე, ჩემთან ერთად იზრდებოდა და მომყვა დღემდის. სადაც წავსულვარ, თუ მოვხედრილვარ; მონასტერი იყო ეს, სოფელი ქალაქი, თუ ციხე... არსად დამიტოვია. ჩემს გულში ყოველთვის იყო ის ადგილი სადაც ბინადრობდა და ჩემთან ერთად აგრძელებდა ცხოვრებას. რა შეიცვალა მის მერე? მხოლოდ წლები, მხოლოდ კალენდარიდან ამოხეული ფურცლები, ფურცლები რომელიც  თვალების გარშემო წვრილ ხაზებად განაწილდა. სულ ეს არის! სხვა ყველაფერი ისევ სკოლის მერხთან მაბრუნებს, ისევ გაბუტულ გოგოს მახსენებს. გოგოს, რომელსაც თმები უკან მოხდენილად აქვს გადაწეული და თეთრ  ლამაზ სახეს უფრო უბადრავს. ძნელია არ შეხედო ამ ქმნილებას და უმალ უკან არ მოიტოვო ყველა დიდი მხატვარი, ვისაც ოდესმე ფუნჯი აუღია ხელში და არ აღიარო, რომ ღმერთზე დიდი ხელოვანი არ არსებობს!
         ისევ ის წითელი ღვინო მახსენდება და ისევ კიბეებზე თვალცრემლიანი ჩამავალი გოგო, ორივე ერთად კი ღმერთს მახსენებს. ღმერთს, რომელიც გვავიწყდება ადამიანებს სამწუხაროდ და მხოლოდ ტკივილის ჟამს გვახსენდება. ალბათ ამიტომაც დღემდის ჩემს გულში ბინადრობს ის კიბეებზე ჩამავალი თვალცრემლიანი გოგო, ამიტომაც სულ მიახლებს ტკივილს, რომ ღმერთი არ დამავიწყდეს.
          კვლავ იგივე სურნელი მესმის. სურნელი, რომელიც მთელი მსოფლიო საუკეთესო პარფიუმერები, რომ შეკრიბო და მთელი ცოდნა და მონდომება ჩადონ ვერ შექმნიან. ის პატარა მაგიდა სადაც დავრჩი უნებურად სკოლის მერხად იქცევა. წითელ ღვინოს და ტკბილეულს, რვეული და საწერკალამი ანაცვლებს. მე გვერდიდან შევყურებ მერხთან მჯდარ გოგონას, ვხდები გრძნობს ჩემს მზერას და  ლოყები ეფარკლება. თითქოს სცხვენია. უხერხულად გრძნობს თავს და მისი შეფარკლული ლოყები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ მის ქვეყნად მოვლინებაში ღმერთი ხელი ურევია.
   მასწავლებელი გაკვეთილს ეკითხება. არვიცი რას პასუხობს, რას ყვება. მე მხოლოდ მუსიკად ჩამესმის მისი  ხმა. მუსიკა რომელიც დღემდე ყოველ გაღვიძებისას მესმის, მთელი დღე მდევს და ამავე მუსიკაზე ვიძინებ. მუსიკა, რომელიც ჯერ არცერთ კომპოზიტორს არ შეუქმნია.
  სკოლა  მთლიანად მასთან ასოცირდება. ჩუმი, უთქმელი, გაბუტული წლები, შემდეგ ამ სიჩუმისთვის ბოდიშის მოხდა ( ცუდათ გექცეოდი მაშინო).  რა ადვილად ითქმის ამდენი ჩუმი წლის მერე ერთი ბოდიში და თითქოს ამ ბოდიშით იმ წარსულ წლებში ყველაფერი დალაგდა, ყველა ის განვლილი გულის ტკივილი სითბოდ გადაიქცა და გულში ჩაიღვარა.
    ჩვიდმეტი წლის მერე ვხდებით ერთმანეთს და იმდღესვე  ხელს ვკიდებთ და პირობას ვდებთ. პირობას ხელგაუშვებლობისას მუდამ ასე ხელჩაკიდებულნი გავაგრძელებდით ცხოვრებას, რომელი ცხოვრებაც უერთმანეთოდ აღარ იქნებოდა.ის უკვე ორი შვილის დედაა, თუმცა ისეთივე ბავშვური, ისეთივე პატარა მგონია, როგორიც სკოლის მერხთან. მის თვალებში ვიხედები და ვიძირები, ასეთი ღრმა, ნათელი, თვალები სხვაზე არ მახსოვს, ფსკერზე კი დარდი მოჩანს, დარდი რომელიც იმედგაცრუებამ დაუტოვა.ცხოვრებას მისთვისაც მიუყენებია დაუნდობელი დარტყმა. მარტოა ცხოვრების მძიმე ასპარეზზე და თავს არ ზოგავს, რათა მის შვილებს ნათელი მომავალი შეუქმნას. მათვის, მხოლოდ მათვის უნდა სიცოცხლე. დაღალა მარტოობამ და აი გამოვჩნდი მე მის გვერდით და მე უნდა შევძლო ყველაფერი ცუდი დავავიწყო, არ არის ადვილი, ნამდვილად არ არის ადვილი, რადგან ეს  ისე უნდა შევძლო, რომ უკან დეპრესიაში არ დავაბრუნო. მე უნდა დავუბრუნო ის რწმენა, რომ ის სასურველი ქალია და ისევ ისეთ ვნებას აღძრავს, რაც ყოველთვის დევს და უნდა იდოს ქალში. ვნება, რომელიც სიყვარულიდან მოდის და არა ვნებიდან სიყვარული. მე უნდა ვათქმევინო მას, რომ ცხოვრება მშვენიერია! 
ძნელია.
ნამდვილად ძნელია!
სიძნელემ ისევ ღმერთი გამახსენა.
ის მომენდო მე. მის თვალებში მომავლის სხივი გაჩნდა, მან იგრძნო ისევ ქალია, სასუსრველი ქალი, რომელიც უვართ, რომელზეც ზრუნავენ და რომლისთვისაც არის ადამიანი ვინ ღმერთს შეავედრებს და მისთვის ილოცებს. 
     ორი ზღაპრული წელი ჩემს ცხოვრებაში, თურმე ორ წელს შეუძლია გადაფაროს ოცდაჩვიმეტი წელი (ალბათ ორ წუთსაც შეუძლია).
ჩვენ ორნი ვზივართ პატარა მაგიდასთან. მინდა წითელი ღვინო გავხსნა. ზარია მის ტელეფონზე...მისი ყოფილი ქმარი რეკავს, როგორც თვითონ მოიხსენიებს მისი შვილების მამა. მოკლე საუბარი, ნერიული კანკალი, რამდენიმე ღერი სიგარეტის მოწევა უხმოდ, ხელებში თავის ჩარგვა და გადაწყვეტილება: მე უნდა წავიდე! ვერ მექნება ვერასოდეს პირადი ცხოვრება. ვიცი, ვიცი მე თვითონ ვაძლევ ყველას ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.
ნუ გამაცილებ! 
ბოდიში!
ისევ ეს „ბოდიში“...
მე მივდივარ ახლაც და შენგანაც სამუდამოდ! არ შემიზლია გპარავდე წლებს, შენ უნდა შეიგრძნო, თუ რამხელა ბედნიერებაა შვილი, რომელსაც მე ვერ მოგცემ.
უნდა დამივიწყო!
წავედი!
ბოდიში!
მშვიდობით!
წასვლისას შუბლზე ვკოცნი, გული უფრო უჩუყდება  და ტირილს უმატებს. ისევ ის ნაცნობი ტკივილი გულში და მე ისევ მახსენდება ღმერთი.
     მართალია წავიდა, მაგრამ როგორ ვთქვა მის გარეშე ვცხოვრობ, როდესაც მერხი, სკოლა, ცეკვა, წითელი ღვინო, სითბო, ცრემლები, დაძინება, გაღვიძება, კიბეები, მის თავს მახსენებს. მე არ გამიშვია ხელი, მეც მასთან ერთად ჩვდივარ კიბეებზე ასე ხელჩაკიდებული მივყვები და ვხედავ, თუ როგორ სველდება მისი ცრემლებისგან კიბეები.  ცრემლები კი კვლავაც ტკივილს მიღძრავს გულში და ეს ის ტკივილია, რომელიც ღმერთს მახსენებს.
მადლობა მას, რომ არ მავიწყებს ღმერთს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი