თეთრი ოცნებით


თეთრი ოცნებით ეღვიძება თბილისის დილას,
ჩრდილავს ისრები კუპიდონის,ნანატრ ზმანებას,
შენი თვალების გახელაზე,ლაჟვარდის ლილას,
გააპობს მზერა ელვარე და ოდნავ თავნება.

იღვიძებ ასე,ჩემს კოსმოსში მე ვწყვიტავ რადგან,
გადრეკვა ტანის...და იატაკს ეხები ტერფით...
გენიალურად,პოეტურად (მე ვფიქრობ) ადგა...
და ვამბობ ახლა,რაც ტალღების ხმაურში ვერ ვთქვი...

არსებით სრულად გაგეფინე კენჭებზე ნოხად,
ზენიტის მზეში გაგიკიდე ჩრდილად ღრუბელი,
შენი სურნელი,თმების ბადე..და ჩემი ოხვრა
ხარ შეზავება სანატრელის და დამღუპველის.

...და უკვე დგახარ,შენს სხეულზე ჰაერი დნება...
ტვინში ხარ ბადედ დაქსაქსული ძაფებად ნერვის...
ვენებში სისხლად დამიდიხარ,სტროფებში ვნებად,
პულსსაც და სუნთქვას,უნაზესად რიტმულად ერთვი.

გადადგამ ნაბიჯს,შეირხევა კოსმოსის ხაზი,
თეთრ გამჭირვალე ბადეებში ელვარებს ცეცხლი'...
შემოგხვევია ჩემი სუნთქვა ვით ჭიგოს ვაზი...
ოცდაათ ფოტოდ მოგეყიდე...და არა ვერცხლით...

მეორე ნაბიჯს...და მესამეც...ო როგორ გშვენის..
აკორდში აჰყვა დედამიწა სიარულს შენსას...
ვენეციური ბროლის სურას ავავსებ შენით,
და მარადიულ სიყვარულის სონეტად შეგსვამ....

ყოველი დილა ასე სავსე შენით..და შენზე
იხსნება კარი უხილავი სხივების გამით,
უშენოდ როგორც ორაგული ჰაერზე ვერ ვძლებ...
მთელი სისავსით,როგორც დილით...მოდიხარ ღამით....

გაივლის ალბათ დედამიწა ორბიტას კიდევ,
ასჯერ ათასჯერ,მილიარდჯერ და კიდევ მრავალ...
წერილთან ერთად ჩემი გულის გასაღებს გიდებ
კონვერტში,მე კი სალოდინოდ კოსმოსში გავალ...'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი