კრიტიკოსი


კითხულობს რვეულს ჩემსას
ფურცლავს და მიდის ბიჯით,
ამბობს ვერაფერს ვხედავ 
აქ პოეტური ნიჭის.
ერთ ლექსს დაადგა თვალი,
არ მოეწონა ვატყობ
ალბად სულ არის მთვრალი,
ლექსის დამწერზე ამბობს.
და ირონიულ ღიმილს
სიტყვაც დაურთო მწარე
ვერ ვგრძნობ პოეტურ  ტკივილს
ვერც პოეზიის ქარებს...
ჩემი ეგონა ლექსი
და დამცირება სურდა,
ვით შევირჩინო გესლი
როგორ არ მივცე ხურდა?!
მე პასუხს ვაძლევ ასეთს:
ძმაო ნაღდი თქვი ერთი
უყვარდა მაგის დამწერს
თრობაც და მისი ღმერთიც,
კრიტიკა გიყვარს კი სჩანს 
ტლიკინებ როგორც ქალი,
„ხეებს რკალად ხრის“ გლიჯავს
მაგის შექმნილი ქარი.
რვეული ჩემი არის
ლექსი– გალასი ძმაკაც
არის ცოდვა და ბრალი
რომ აკრიტიკებ მაგ კაცს.
მაგი თუ წერდა სმაში,
იმნაირ სტრიქონს თხზავდა
შენს შტერ და ფხიზელ თავში
ას წელს არ მოვა აზრად.
ერთ ხანს მზომავდა თვალით
გაიგო ჩემი ლანღვაც
იგრძნო ტკივილიც ქარიც
ადგა და მის გზას გაჰყვა...
2000 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი