უშურველი სიკეთე


უსხეულო სხეულებს, ციურ ველთა ტრამალებს,
უმანძილო ბილიკებს, უსასრულო ბრუნვებით.
ჩვენი თვალის გუგებში სხვა სამყარო დამალეს
როდის დაგვიბრუნებენ, ან როდის დავბრუნდებით...

ზღვათა ღელვის მაგვარად არის წასვლა-მოსვლები
ცრემლი ისე იღვრება როგორც წმინდა ჩანჩქერი
სანამ ბოლო სითეთრით, მარად შევიმოსებით,
არის პოეზია და უკვე "ნისლის ნამქერი".


ნაწერებში იბნევა ბიბლიიდან მარცვლები
ყველა წიგნის ფურცელი მკითხველის თვალს აოსებს...
პარალელურ ზეფირში, როგორც მოდგმა არ ვცდებით...
ვწერთ სხვა თანაც იმავე უკვდავ "ვეფხისტყაოსნებს"...


ჩამალული კოდების, გაცხადების მარლაში,
უფრო მოლოდინებში, სული ცაში გვექცევა,
ჩანასახის წამშივე გასული ვართ ასტრალში
გათიშული ტალღების თვლაში თავის შექცევა...

მართლა რა დაინახეს? ორბიტალურ სიშორის
გონებებმაც დახიეს, თავის წილი ფარდები...
ყველა ჩვენ წილ მართკუთხედს და თარიღებს ვიშოვნით
მარადიულს გაყოფის ხაზით შევეფარდებით...

ასე იყო აქემდეც, უსასრულოდ გაზრდაში
უსასრულოდ მცირდება, სხვა მეორე რაობა...
მხოლოდ წამი ეძლევა, ქაოსური თამაშის,
ერთი ყლუპი სიცოცხლე დოზად ყველა თაობას...

დახურული ტალღების, რხევას ვერვინ უყურებს
სანამ დამხურველია ამ ყველაფრის მოსურნე...
მხოლოდ პოეტებისთვის ხსნის მომენტში შუქურებს
რომ არ დავიკარგოთ და კვლავ ნაპირთან მოვცურდეთ...

უსხეულო სხეულებს, რა გეგმა და ფიქრი აქვთ...
ან რამდენ ხანს, ან ხანი თუა სადმე გაშლაში?..
ეს სხივებიც სხივების თვისებებით მიქრიან
არის ფერთა და სულთა უსასრულო თამაში...

ყველა ტირის ადრე თუ გვიან, ცრემლი ასველებს...
თვალის ჭრილში ჩამალულ დაუნახავ სიშორეს...
ისევ პოეზიაა და სიზმრიან ნაჭენებ
ქროლვით ხედავს ზეციურ მანათობელ ნიშნობებს...

უსხეულო, უწონო  და უსაზღვრო ჩვენები.. 
მხოლო პოეზიაში ვხედავთ არა ყველანი...
ასე გამონათებით გალას ლურჯა ცხენებით
ასე გამოელვებით მფრინავ ტატოს მერანით...



დახურული ტალღების, რხევას ვერვინ უყურებს
სანამ დამხურველია ამ ყველაფრის მსურველი...
მხოლოდ პოეტებისთვის ხსნის მომენტში შუქურებს
უშურველი სიკითე, სიკეთე უშურველი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი