ქუთაისო
ქუთაისს რა უნდა მივწერო, ამ ფიქრით გავხსენი თვალები, სკოლაში შედგმული ნაბიჯიც, ბურუსში მახსოვს ან ვიხსენებ... დროშები, მუსიკა, კენწერო, ბავშვები, კაცები, ქალები... ბუფეტის კოლტელეტით და პურით, ვამთავრებ, ეზოში ვისვენებ... აქედან იწყება ჩემს ტვინიში ქალაქის აღქმა და მასშტაბი, მე წერა მანამდე ვიცოდი, მასწავლეს და ვწერ ჩემს მისამართს, აღმართში მივყვები ცივ კედლებს, სულ მარმარილოთი ნაქარგი... ზემოდან ჭადრების ქოლგები, დავდივარ ვიაზრებ ვინა ვარ... ეზოებს, შენობებს, შესახვევს, ვცდილობ რომ მივაგნო ჩემითაც, პატარა თვალებით დავეძებ ნაცნობებს, არავინ მახლია ის კაცი ვიცანი, რომელიც პაპიროსს ეწევა ზევიდან, აქედან შევუხვევ მარცნივ და ბოლოში მარჯვნივ კი სახლია. შევდივარ: სტუმრები, - სად ცხოვრობ? ეს კითხვა ო როგორ მომწონდა, სადგურის იმ პირველ შესახვევს მყოფ ჩვენს სახლს ნომერი ცხრა ჰქონდა... ვიცოდი, ველოდი, მომდევნოს, სად ვსწავლობ რომ იმას მომთხოვდა... და უბნის სახელსაც...ბალახვანს... და იქვე ნიშნებიც რა მქონდა. როდესაც პირველად ვიჩხუბე, გავლახე, სისხლები სდიოდათ.. არ მახსოვს სამთან თუ ორ ბიჭთან,( ჩანთები ჩრდილებში ეყარა)... მეც კაი ნაცემი ვიყავი, გვერდებიც ძლიერად მტკიოდა სახლში კი ზემოდან ამ ჩხუბის ამკიდეს ხარკი და ბეგარა. მასწავლეს ქალაქის წესები, ხელს ვართმევ იმ ბიჭებს...გაცნობა რომ ერთი ოჯახის წევრი ვართ, უბანი, მეობა, ქალაქი .. ხუთებზე სწავლა და ოჯახი, ქუჩა და ზრდილობა კაცობა... იზრდება ჟარგონულ ლექსიკის ჩემს ტვინში სიტყვების მარაგი. ..... კლასიკური გიმნაზია, ორი თეთრი დაფით, წინ ვდგევარ და გენიალურ სახელ გვართა სიას... (უკან რიონს მორევია სიგიჟისგან ქაფი)... საუკუნემ გენიოსთა ჯარი მიუსია... სულ უცხოა პირველ სკოლის სურნელი და წესი... გოგონებიც ლამაზები, ქუთაისის გულში... ქუჩა ცისფერყანწელების, სიო უთბილესი აგერ ახლა გაპენტილი ტყემალი და ნუში... საბაგიროს მოყოლილი გორის ვარდთა ქნარით... სასწაულით გათანგულთა ვერაფერი ვერ თქვეს თეთრი ხიდის ჯებირიდან გადამხტარი ქარი ლექსის ლამაზ სტრიქონებად ეხეთქება თეთრ ქვებს ! ფალიაშვილს და წერეთელს გაუყვით ბაღის სანეტარო ადგილები, ჩრდილში ჩუმად სხედან ოქროს ჩარდახს, ზეციური უციმციმებს თაღი ქუთაისის სილამაზეს სუნთქავ კი არ ხედავ. რა დავწერო ამ ქალაქზე, რომ გაუძლოს დროს და სიყვარული ამოვიღო გულის გულში ნთქმული მიყვარს როგორც ხუთჯვრიანი საქართველოს დროშა და ზღაპარი ძილის წინა დედაჩემის თქმული. როცა დილის პირველ სხივებს მზე სიფრთხილით აქსოვს, ცაზე მოსჩანს წმინდა ლანდი და სამყაროს ღერძი, თითქოს სტუმრად მოსულ ბერძენს,(რიბირაბოდ ახსოვს) ოქროს საწმისს ტანთ იხდის და თვითონ ჩუქნის ვერძი. როცა დგება გაზაფხული, ვარდის ელექსირი წვეთავს ყველა უბანში და ცაში წვდება ექოდ ამ გარითმვით, და ამ ძღვენით მოკრძალებით მცირით... გეფერები თეთრო ხიდო და რიონის შხეფო... მინდა მაგრამ ცაში ნაწერს სად მიუვა ჩემი, მაინც ვიტყვი რადგან ეს დრო პოეტურად ვხარჯე, ამ ქალაქის სიყვარულში, ტერფამდე ვარ თხემით, ბევრჯერ სისხლი გასდენია სიგიჟისგან მაჯებს. ..... არაფერი ისე მხოლოდ, მოფერება მეწადა, ჩახუტება, და რიონში დარდის ჩაყრა ხურდებად... თუნდაც ფიქრით: -ჩაგივლი და...ქუდი არ მომეხადა?! ვინც გიხილა უსათუოდ ყველა გამიჯნურდება. სანამ სულის ტკივილებს შეცვლის უამინდობა, სანამ ჯვარზე გაკრულის, მადლი მაინც მფარველობს (ქუთაისო შენს სუნთქვაზე ჩახუტება მინდოდა) შენით ვქალაქელობ და შენით ვწერ და ვქართველობ !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი