ხეზე ხილი ჰკიდია
ხეზე ხილი ჰკიდია, ხილი მაგრამ რა ხილი, ცოდნა რაში სჭირდება, მეფედ შექმნილ რაობას გველიც იქვე აგდია: უტყუარი სამხილი, მოკბეჩილი ცოდნა და ცოტა არარაობაც... ზის, მტერს ეძებს, სადაა, მტერი როგორც ალიბი, სიტყვებს ალბათ მოსვლამდე, გამოძებდნის, იშოვნის... გვერდზე ბაღში მინდორში დევს შექმნილის ყალიბი... ფიქრი მიაქვს ქაფქაფა ტალღებს მღვრიე ფიშონის... იცის! განა ვერ ხვდება, შემოქმედის გამოცდას? მაგრამ უკვე არ უნდა, ან უფრო არ ინდომებს... აგერ უკვე საცაა ბაღის ჭიშკარს გამოსცდა, თავად შუქი, ნათელი... და სულს გააცისკროვნებს. ვაშლში ბევრი რკინაა, რკინას უნდა გადნობა, რკინის დანა კვლავ დაღვრის სისხლს ძმისას და შვილისას... ცოდნა უკონტროლოა თუ არ არის დანდობა, საიდომლოს ფლობის და უდროო მანძილისა. ჩაიშალა დალალი, ბოლოს ღამის სარეცელს, და მეწყვილეს ამშვიდებს, პირველყოფილ ვნებებით... მერა რა რომ ნამუსი ხიდეკელში გარეცხეს... და მას შემდეგ გვამძიმებს ტკბილი მოგონებები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი