მონოდიალოგი


ცაში გაფრენილი ლურჯი ოცნებიდან,
თითქოს გაილია უკვე ყველა გამა,
შავი ტკივილები თვალზე მომებინდა,
სულის ტკივილები ზეცამ შეაჯამა.

დრამა დრამას მისდევს თეთრი თოლიებით,
ზღვაში კუნძულია, მარტო მთაგრეხილით,
ყელში ამოვიდა ფიქრთა ორგიები,
ძილი ასე რომ ვთქვათ თვალებგახელილი.

სუნთქვაც იმედია, უფრო მოლოდინი,
მომესათუთება თბილი ალერსიდან...
ყალბი რევერსებით ისე დავიღალე
რომ მზე ირეკლება მბრუნავ ავერსიდან.

მტკივა სამყაროჯერ წყვილი ღალატები...
მტკივა სიშორეში ნერვი გაცვეთილი ....
გდია იმედები როგორც ანათემა,
როგორც ქალამნები თასმებდაწყვეტილი...

მე ხომ ვერ მოვერგე ცაში ორბიტალებს,
უფრო უცნობია ფრთების განშლადობა...
კვლავაც ღამეები სევდას მომიტანენ
ისევ წუხილია ცრემლით გასაშრობად

მზეზე გაკიდული, როგორც პერანგები,
ზღვაზე აფრები და დროშა გამარჯვების...
-განა სიმართლის თქმას ასე შეგარგებენ?
-ან ვინ დაგტოვებს და ან შენ სად დარჩები?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი