დაასხი


აღარც ცოლს ვუნდივარ აღარც შვილს
აღარც ძმას, მოსისხლეც წავიდა
ამ ჩემს თავს ვიყენებ რაღაში...
დაასხი დიდებში თავიდან...

დასხი ! ზეფირებს ვუსმინოთ
მწვანეში გავშალოთ ფარჩები...
არ ვარგა სამყარო უღვინოდ
დაასხი ერთ ას წელს აქ ვრჩები...

ყოველდღე ქართული ბალახის
სიმღერას ვუსმინო ნამიდან
აქამდე რაც  მქონდა ნანახი
ფუჭია...დაასხი თავიდან !

სამყაროს არასწორ რანდებში
ჩემს იღბალს კვალი ვერ ვუჩინე...
წვიმებში, მზეებში...ბარდნებში...
არ იყო წადი და უჩივლე...

ამიტომ არავის ვუნდივარ
ვახსოვარ ნაკლებად ძმაბიჭებს
ვიღაცის მზერაში ბრუნდი ვარ
სანამდე ყულფები წამიჭერს

დაასხი ზეციდან მზის სხივი
მე ცოლიკაურით გამზარდეს ...
ცისკრებზე აჩრდილებს მივკივი
ხმა მყოფნის და სუნთქვა სადამდეც

დაასხი ! სამყარო გაგიჟდა...
თავს მოჩვენებითად ვიქებდით
არავის ლუკმაც კი არ მინდა...
ჭიქები...ჭიქები... ჭიქები....

არავის არ უნდა, ხვეწნაში
ხო ხედავ ეს მზეც კი ჩავიდა...
მეცხვარემ ჩასტირა ლერწამში...
თენდება...დაასხი თავიდან !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი