ჯვარიც რა იქნებოდა


ვარსკვლავებში დამარხულ საიდუმლო საფლავებს,
უჯრებივით აკიდებს მარადიულ ხვეულებს
მერამდენედ ვანაცრებთ და იმედებს ვაფლავებთ
ცეცხლს ვუკიდებთ, ლექსების გაყვითლებულ რვეულებს.

პოეტობა ძმაკაცის გაიზავებს კაეშანს
ყველა როდი დაგლიჯავს, თოკებს და აპეურებს
მეგობრობის გრძნობისთვის ჯვარზე უნდა დაეშვა
ადრეც ვთქვი და გამოდით, სული გაამზეურეთ...

მე არ მყოფნის მარტივი, სასაცილო ახსნები,
სულ შემთხვევით გასცვივდა სიბრძნე მსუბუქ ლაპარაკს, 
თუკი გასაკეთებელს, თვალში თითით გახსენებ...
ძმაკაცობას  ვერ მოთხოვ, თუნდაც სიყრმის ამხანაგს...

რადგან როგორც გენიას, ზეცა ყველას არ სჩუქნის,
გრძნობის გაზიარება, სულზე ვაზად ეხვევა...
და ცემს ცხოვრების გრდემლზე ბერვი ფუჭი ჩაქუჩი
მეგობრობის საჭედი იშვიათი შემთხვევა...

ვდგავარ მზეზე ღამეშიც, ეს კიდევ სხვა ნიჭია,
მეტი საჩუქარია, მძიმე ლოდად სათრევი...
ზოგი თოხარიკია, ზოგი ზე ტაიჭია
მხოლოდ საკეთებელი, იშვიათად სათქმელი.

მეგობრობა ნიჭია, ძმაკაცობა ტვირთია,
ციდან დანაბერტყია, მილიონში ერთია,
საქმე უცვლის შინაარს, ის ნივთიც რომ ნივთია,
ჯვარიც რა იქნებოდა, ქრისტეს რომ არ ეთრია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი