შეიშალა მსოფლიო


შეიშალა მსოფლიო, ცეცხლი მოდის ციდან და
ცეცხლი მოდის მიწიდან, ცეცხლი მოდის ზღვებიდან,
ცა რომ აირეოდა ადრე მზე პირს იბანდა...
-ახლა ღმერთო რაც ხდება:  ყველაფერი, შენ გინდა?

ქვესკნელის და სამოთხის გზები ისე აშალე...
მადლიც უკვე ცოდვების ელემენტებს შეიცავს
ეშმაკებმა ზეცაში სისხლის ფრთები გაშალეს
ლოცვები და ფსალმუნნი, თოთო ბავშვებს ვერ იცავს...

ვერ მიუვა შენ გზებს და ვერც იმ მცირე ბილიკებს,
ჩემი აზრის პინა და შეწონილი განცდები...
ერთი აზრი დამცინის, არ მასვენებს, ქილიკებს...
სანამ ჩავმიწდები და სანამ ჩავინაცრები...

რატომ სრულად არ მოსპობ, ამ ბოროტის ყველა ფესვს, 
ყველა თესლს და საცეცებს, არ გააქრობ მარადის,
ქრისტეს სისხლად ნაკურთხი საფერე რომ შემასვეს,
მეგონა რომ თავსაც და სხვასაც დავიფარავდი...


შეიშალა მსოფლიო, ცოდვა მოდის ციდან და
ცოდვა მოდის მიწიდან, ცოდვა მოდის ზღვებიდან,
(ცა რომ აირეოდა ადრე: - მზე პირს იბანდა)...
-ნუთუ ღმერთო რაც ხდება:  ყველაფერი, შენ გინდა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი