პირობა


შენი სიჩუმე ისე განივთდა
ცელქი, ლამაზი თვალის ჭრილებით,
ისე მეტყველი მზერით დადიხარ
ღია ღიმილით, მეჩხერ კბილებით...

ბევრჯერ სიკვდილთან ფიქრით მივედი...
შენი ღიმილი მშველის ანაზდად
შენ ხარ იმედი შენზე იმედის
სიკეთის სხივიც შენში განაზდა...

შენ ხარ უდაბნოს ხვატის თამაშში,
წყაროს წყალი და წყარო სიცოცხლის...
შენ ვერ უყურებ მამას მამაში,
მე კი ძირს ნარბენ ფეხებს გიკოცნი...

შენ ხარ ძალა და შენ ხარ მიზანი,
და ტკივილი და შვებაც  ასევე...
რომ მივაკვდები ნერვებს ხიზანი,
შენს ხითხითებში სუნთქვას ვასვენებ.

მზე ჩამოიხევს კაბას ზენიტში,
წყალთან მისასვლელს თითით მაჩვენებ
შენს გასართობად ენას შევიშლი
შენ თუ დაგჭირდა გულს გავაჩერებ !

შენი სიჩუმე მტეხავს ნეკნებში...
დრო ნერვებსა და ლექსს ამერდინებს...
ხო იცი მაინც არ შეგეშვები,
მაინც ლაპარაკს  გაგაბედინებ !...

რომ ერთად ვაწყოთ სიტყვის თარაზო
მე ბევრს დავწერ და შენ გამაგონე, 
როგორ კითხულობ, როგორ თამაშობ
მანქანებსა და ჩაბმულ ვაგონებს...

შენს სიჩუმეში იმედს ვკითხულობ
ცელქი, ლამაზი თვალის ჭრილებით,
არ შეგეშინდეს, არ მოიღრუბლო
არ გავჩერდები, არ დავიღლები !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი