ბალახვანი


ამ სიყვარულის და დაფასების
ბავშვობის ჭრილში ღირდა დანახვა
ზეცამ დაბერტყა სითბო თასებით
და მოაბნია ბებერ ბალახვანს.

ბევრჯერ დამჯდარა მთვარე ჭადარზე,
ქუთაისური სულის ნაკვთებით
რიონის პირას ლექსის ღადარი
და კიბეებთან ვარდის ბაფთები...

ცაჩი დაიხრჩო თავი ვარსკვლავმა,
ღამის ლანდებში ცეცხლი ტკვარცალებს...
ერთი ჯილდო და დამალობანა
მეორე უკვე აღარ გვაცადეს...

მერე დაიწყო ომის გამოცდა...
დაფლეთილ ფიქრის მახეს გავებით,
იმ სიბნელეში უფრო გამოჩნდა
კაი კაცობა ჩვენი მამების...

შეშაც იყო და პურიც მოჰქონდათ,
ოდნავ ჭაღარა თმით, წვერ-ულვაშით...
როცა ყინავდა, როცა მოთოვდა
ერთად ანთებნენ კოცონს ქუჩაში.

როგორც ზღაპარი ცაში ნაწერი,
და ვით აკვანში ჩვილის ზრახვანი
მთელი ბავშვობა მასში ნარწევი...
სადგურის ქუჩა და ბალახვანი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი