ლექსი არის ომი


სულის ნაღდი აკორდი არის უმანკოება,
დილის სხივებს მზე მოაქვთ ცხელი ოქროს ლანგარით...
ჩემი ნერვის ძაფები გაშლილია რტოებად
და ცხოვრების ომებთან, ლექსი არის სანგარი.

სული რომ ჩავითქვა და აზრიანად შევნივთდე
ამდენ ყალბ ლექსის მწერში, მჭიდსაც არვინ მაწოდებს... 
ვითომ პოეტები კი ტაშს უკრავენ ხელმწიფეს,
ზოგი ელაქუცება, ზოგი თავსაც აცოდებს.

ლექსს ბევრი სწერს კარგად და აგურს აწყობს აგურზე, 
მერე კოხტად შელესავს და ბათქაშს არ იშურებს...
მთავარია რომ გაძღეს თავის შემორაგულზე,
პირფერობით ამუქებს მტრისთვის საცნობ ნიშნულებს.

ყველაფერი ყალბია, ხელმწიფე კი მტერია,
ქრისტეს სისხლში ღებავენ გასაყიდად გატანილს...
საქართველოს ნაწილებს, და ფულის მისტერია
ვერც კი ხვდება ვით აქცევს ხელის ბიჭად სატანის !

მონა ავადმყოფია, მონობა კი კეთრია...
და თანაბრად ეყრება, ხელმწიფეს და ლექსის მწერს...
ხელოვნების განცდაში სამშობლო კი ღმერთია
და რწმენაში პოეტის არსებისკენ ვერც იწევს !


სულის ნაღდი აკორდი არის უმანკოება,
დილის სხივის ბილიკით, თავად მზესთან მივედი
ჩემი ნერვის ძაფები გაშლილია რტოებად
ლექსი არის ომი და პოეზია იმედი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი