ახალი დილა


ნელა იღება, ფანჯარა და შემოაქვს დილა,
მზე ძვრება ჭრილში, ახალი დღის ყვითელი მეკვლე.
ხორცი აგდია სარეცელზე ჯერ კიდევ თბილად,
სული სამყაროს ლაბირითნში მიჯეგავს ეკლებს.

რა დროს ძილია, ან ვინ გაცლის სიზმრების ნახვას, 
კარგი სიზმრების, თორე ცუდი იხარე კია...
მთელი ცხოვრების დაცინვები სულში მაქვს ლახვრად,
ვერ ან არ თქმული პასუხები, გულში მაქვს ტყვიად.

ტკივილი უფრო მაგრძნობინებს რომ ვარ ცოცხალი,
ან უფრო სწორად კლინიკური სიცოცხლის ფორმა,
როგორც იმედი, შორიდან რომ მოვა მერცხალი,
უკვე რომელიც ბარტყს აჭამა შუადღით ქორმა !

-რისი იმედი, ამ ჩახლართულ ტრიალში  გქონდეს,
ან ვის დაეყრდნო: არც კი იცი სად ხარ და ვინ ხარ?!
ადგახარ თავზე ოკეანის ნაპირა კბოდეს,
შემოქმედისგან მონაზელი წარსულში თიხა!

ვკითხულობ ასე, საკუთარი თავის და ღმერთის, 
მუდამ მოველი ამოხსნებს და...იმედით მხოლოდ,
ცხოვრობ თუ ვცოცხლობ, არც ეს ვიცი, რომელი ერთი,
ვინ გამცემს პასუხს, ვინ ამიხსნის ბოლოს და ბოლოს ?..

არავინ არის მოპასუხე, ცის მრგვალი სარკე,
ირეკლავს აზრებს შეკითხვის ან  ლოცვების  ფორმით,
წყნარია ზეცა...და ჩაგრულებს სისუსტით ვარკვევთ,
სიმშვიდეს სულის კი მოველით ძალიან შორით...


ფერადი არსად შემხვედრია,  -ყოველთვის მუქი...
იმედით, რომლის არსებობა ჯვარზედაც არ ცნეს...
იღება ნელა ფანჯარა და შემოაქვს შუქი,
მზე ძვრება ჭრილში, ახალი დღის კაშკაშა მაცნე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი