ვიღაცას უნდა რომ გახდეს დიდი
ზეცა მიწასთან ფიფქების ხიდით, ბუხარში ადის მსუქანი კვამლი, ვიღაცას უნდა რომ გახდეს დიდი, დაატყოს მიწას ტორი და კვალი. ტკაცუნებს შეშა, კისკისება დედა, მამას სტუმრისკენ გაურბის ჭიქა... პრობლემით სავსე დღეების ჭედვა, და ქარიშხლების ცრემლებზე მირქმა. ტკივილის ურდოდ მოსული ალი, ღალატი, გაცვლა, დაცინვა, გესლი... გაუცხოვება და ავი თვალი, რამდენი შურის დაყრილი თესლი. ლექსები მხოლოდ, კოსმოსი მხოლოდ, ღმერთის რაობა ვერ იტევს ხატი... ნაფიცი მამლის ნაქურდალ ბოლოს შეეფარდება კაბოსნის ტახტი. ვიღაცას უნდა რომ გახდეს დიდი, რომ დიდი იყოს ვიღაცას უნდა მან ჯერ არ იცის: კაცი კაცს ჰყიდის, ნაღდად, ნისიად, ვერცხლად თუ ხურდად. და ყიდის დას და და ყიდის დედას, ძმა ყიდის მამას, მამიდა ბიძას... ბევრის საღამოს სარკეში ხედავს: ვინც შურის გამო ასკდება მიზანს. ზეცა მიწასთან ფიფქების ხიდით, ბუხარში ადის მსუქანი ბოლი... ბევრს მოუნდება რომ გახდეს დიდი ! ბევრჯერ დარჩება ცას მწვანე ზოლი ! 24.03.2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი