პარადოქსი


და როგორც ქარით ახვეტილ ფოთლებს
ისე აქუჩებს წამი საათებს...
ან დასამტვრევად დაწყობილ ბოთლებს
ჭიქებს და ქილებს, ღამის სანათებს...

ყველა თავისთავს ისე დაეძებს,
თოთქოს დაკარგეს სქელი საფულე...
სულის აჩრდილი ღმერთის მხარეზე
დგას და უპოვრებს ჩუმად აპურებს...

რა დაინახეს არც კი იციან,
ვინ დაგვანახა ცოდნაც არ უნდათ...
თაფლის სანთლები ისე იწვიან
თითქოს ომიდან შვილი დაბრუნდა...

ვერ გასწორდება, ამ სამებაში
ადამიანის ბნელი წარსული
კბილთა ღრჭენაში და წამებაში
გატარებული დრო, არ გასული...

ვერ გათენდება ისე ნატრულად
როგორც ჩვენ გვინდა თეთრი თაღებით
ასე სისხლის სმით არაქართულად
ასე ყველაფრის სახლში წაღებით

და როგორც ქუჩებს მოხატულს ცარცით
ახვეტავს დრო წამს, და კითხვას ამბობს
ორბიტას გავცდით, მთვარესაც გავცდით
რატომ ვერ გავცდით იუდას ამბორს?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი