ისე წახვედი


ისე წახვედი,გაიყოლე ნაპირის ფარჩა,
ზღვა,ჩახატული ტალღებშუა მცირე მზეებით,
შენს ნამყოფ ადგილს,ორქიდეის სურნელი დარჩა,
სხეულზე წვეთად,უშენობით სავსე დღეები...

წაიღე მზერა,აკიდებულ შავი ძაფივით,
თვალს მიეფარე,შენი რხევის ყველა ნაწყვეტით,
მე დავიშალე მარილიან ტალღის ქაფივით,
როცა ამოდი,ტალღებიდან..როცა წახვედი...

სადა ხარ ახლა?არ გცილდები წამით ფიქრითაც,
აგვისტოს ახრჩობს უშენობა სავსე სიცივით...
სავსე ვარ შენით,როგორც დოქი თეთრი ღვინისა
და ჩაჭყენტილი ლოყა მიყვარს როცა იცინი...

გაგეცინება...მოაბრუნებ ხორბლისფერ  პროფილს,
იქით საითაც კითხულობდი ოქროს ანფასით,
შენი სურვილი მომდებია როგორაც ჭორფლი,
ძლიერი როგორც ტოსკანურის ბოლო ნაფაზი...

დაივლის სისხლში ბოლო ,,ზმანის'' ფერთა ზოლები
რომლითაც გნახე,გაგაცილე ზღვიდან რომლითაც
და გატანილი შენი მზერის ჩემთან გოლები,
ნეტა ზედები გაგვეცვალა ჩვენ ორს ნომრითაც...

ისე წახვედი გაიყოლე ნაპირის ფარჩა,
ჩემი თვალები ... და ფიქრების დიდი არმია,
შენი სიცილის ექოები ტალღებში დარჩა,
და სანაპიროც გაგეტირა ასე შარმიანს...

მზე იყო როგორც,სამკაული შენს ყურის ბოლოს
ცა ლურჯი შენი მოსასხამი კრიალა,ფარჩის...
დაღამდა როგორც უმწიფარი მოშავო ჟოლო...
წახვედი სრულად,და სრულადვე ჩემს სულში ჩარჩი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი