BERNARDO BAGARDI 1891


არნოს ნაპირზე, პატარა კოცონი ციკლოპის თვალივით ანათებდა მდინარის ზედაპირს, ქართულ ღვინოს ვაგემოვნებინებდი იტალიელ დეგუსტატორს, მწვადი ნაკვეცხალზე და კიტრი პომიდორის სალათა რეჰანით, ლავაში, ხაჭაპური, მოკლედ იმერეთი მოვაწყვეთ შუა ტოსკანაში. კარგად ნასვამები უკან დაბრუნებისას მთვარის და ტელეფონის შუქებით ვიკვლევდით გზას, როცა სიბნელეში ფეხი რაღაცას წამოვკარი და ჩემი ახლადნაყიდი ფეხსაცმელის მარჯვენა მეწყვილე, დაემსგავსა დაღლილ ენაგადმოგდებულ ძაღლს.
შეწუხდა მასპინძელი, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია, მთელი ღამე არ დაუძინია, დილით როცა გათენდა მანქანით ერთ პატარა დასახლებაში მიმიყვანა, მეწაღესთან, პატარა სახელოსნო იყო, სულ რამდენიმე კვადრატული მეტრი, გემოვნებით მოწყობილი და წებოს სუნით გაჟღენთილი, შესვლისას ისეთი განცდა გიჩნდებოდა რომ შეხვედი იქ სადაც იციან რა არის ხარისხი, გემოვნება და მომხმარებლის ინტერესი.
მეწაღე ისე მომესალმა, თანაკლასელი თუარა თანასკოლელი მაინც მეგონებოდა რომ არა ტოსკანაში ყოფნა და იტალიური ენა. ჩვენმა მასპინძელმა ორი სიტყვა გაცვალა მასთან მითხრა რომ თვითონ საქმეზე უნდა გაქცეულიყო და მერე მომაკითხავდა: - შენ ფეხსაცმლის შოკიდან გამოყვანას ორი საათი მაინც უნდაო მითხრა, და საუკეთესო ქირურგთან მოგიყვანე ტოსკანის მასშტაბითო, გამიცინა და გაიქცა თავის საქმეებზე.
მეწაღე ენაწყლიანი, კეთილმოსაუბრე საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, მე ნაბახუსევი მტანჯავდა, იქვე ბარი შევნიშნე, ნათხოვარი ფეხსაცმელებით გადავედი, ჩაციებული ლუდი გადმოვიტანე და ამ უსაშინლეს მტერს შევები, არანაკლები ლუდის მოყვარული აღმოჩნდა ჩვენი ოსტატიც...
არაფერი ისე არ უხდება ნაბახუსევს, როგორც ლუდი და საინტერესო თანამეინახე, თან საქმის კეთებას საინტერესო საუბრით გალამაზება უფრო მსუბუქს ხდის.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეწაღე  ერთი ძალიან საინტერესო ადამიანის ისტორია მომიყვა რომელიც ბაბუამისისგან იცოდა და ხანდახან იმ პიროვნების ილეთებსა და მეთოდიკაასაც მიმართავდა ვისზე ეს ამბავი მომითხრო.

ბაბუიდან გადმოცემის თანახმად, ვინმე ბერნარდო ბაგარდი დაიბადა  1891 წლის ივლისში, ვიტოლინის მახლობლად, ვინჩის კომუნაში, ტოსკანაში, მამამისი ანტონიო ბაგარდი არ იყო შეძლებული კაცი, სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს, თუმცა მაღალი ინტელექტით და ხელოვნებისადმი სიყვარულით გამოირჩეოდა, რაც აისახებოდა მის ნამუშევრებზე მხატვრობაში. ის ძირითადად ხატავდა პორტრეტებს, რაც ასე ვთქვათ ოჯახში დამატებით შემოსავლის წყარო იყო. 
დედა მარია ტერეზა ბაგარდიმ შესანიშნავდ იცოდა წერა-კითხვა, ძველი ლათინური და ისიც ხელოვნებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა, ხშირად იყო საკუთარი მეუღლის ნატურა და მუზის წყაროც. ანტონიო ასევე ხატავდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოდელებს, ქმნიდა ესკიზებს, ჰქონდა მრავალი ჩანაწერი, რომელთა ბედიც შემდეგ ერთმა ტრაგიკულმა შემთხვევამ გადაწყვიტა. ხალხი იმასაც ამბობდა, რომ   მათი ოჯახის და დიდი ლეონარდო და ვინჩის ოჯახს შორის იყო გენეტიკური ხაზის კავშირებიც.
პატარა ბერნარდო ხშირად თამაშობდა მამის სახელოსნოში და ერთ ერთი ასეთი თამაშისას გადააკეთა მამის შექმნილი ნახატი, რომელზეც დედა იყო გამოსახული. როცა ანტონიომ ეს შეამჩნია არ გაუბრაზდა პატარას, მისცა ფანქარი და თხოვა დაეხატა მამა. პატარა ბერნარდომ რამდენიმე წუთში შექმნა მამის უნიკალური პორტრეტი მხოლოდ შავი ფანქრით. გაოცებისგან და სიხარულისგან მამა ცრემლებს ვერ მალავდა, ის გიჟივით გამოვარდა ეზოში და ხმამაღლა ყვიროდა Gena non amittuntur.(გენები არ იკარგება -ლათ). არავინ იცის რას გულისხმობდა ამ დროს, დიდი ლეონარდოს გენებს თუ თავის გენებს.
ბერნარდოს აღმოაჩნდა გასაოცარი ნიჭი მხატვრობისა. ის უკვე 7 წლის ასაკში მამასთან ერთად იჯდა სახელოსნოში და გასაოცარი ინტერესითა და სიდინჯით ეხმარებოდა მამას ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოდელების დახატვაში, იგონებდა ახალ ფორმებს, ახალ დიზაინებს. საკმარისი იყო მისთვის ვინმეს ეთქვა რა ან როგორ სურდა და ის წამოუდგენელი სისწრაფით მყისვე გადაიტანდა ამ ყველაფერს ფურცელზე.
მაგრამ ერთ დღეს მოხდა ის ტრაგიკული ამბავი რომელმაც მთლიანად შეცვალა გენიოსის ბედიც და ცხოვრებაც. მამამისმა მიიღო შეკვეთა ტოსკანაში სტუმრად მყოფი, მედიჩების ნათესავებისგან. მას უნდა დაეხატა ერთერთი დიდგვაროვნის ცოლი. გადმოცემის თანხმად მან ეს შეკვეთა იმდენად გენიალურად შეასრულა რომ თვით ენრიკო რიდოლფიც(უფიცის გალერეის დირექტორი) დაინტერესებულა. საბედისწერო აღმოჩნდა ამ ნახატში განხორციელებული ფანტაზია, რომელიც ანტონიომ გამოხატა ქალბატონის ზომაზე მეტად მოშიშვლებულ მკერდსა და მკლავებში, რაც გახდა ქალბატონის ქმრისთვის ეჭვიანობის საბაბი. მოვიდა ანტონიოსთან და სახელოსნოს ცეცხლი წაუკიდა, ამით განრისხებული ანტონიო ნაჯახით ხელში გაექანა მისკენ მაგრამ, ბატონის თანმხლებმა პირებმა ის მოკლეს ზურგში გასროლით. ამ ამბავს შეეწირა დედაც მარია ტერეზა ბაგარდიც, რომელიც ქმრის გადარჩენას ცდილობდა. როდესაც ნახეს რომ ორივე მკვდარი იყო, მათ ბავშვს დაუწყეს ძებნა, რომელიც იქვე მახლობლად სამლოცველოში იყო მოხეტიალე ბერთან, რომელიც მაც ბიბლიიდან უკითხავდა დროდადრო სახარებას.

როდესაც მთელ კარმიდამოს ცეცხლი მოედო, პატარა ბერნარდო გარეთ გამოვარდა ბერის სენაკიდან და საკუთარი თვალით უყურებდა როგორ ყლაპავდა ცეცხლი ყველაფერს.
განრისხებულმა სისხლში ხელებგასვრილმა დიდგვაროვმა დიდხანს ეძება პატარა ბერნარდო, რათა ყოველგვარი ვენდეტის პოტენციური შანსი ჩაეკლა და ამით დაემშვიდებინა თავი, მაგრამ ბერნარდო ბერმა პანტელეიმონმა საგულდაგულოდ გადამალა, მიხვდა რა მოახლოებულ საფთხეს. ის ასევე დაეხმარა პატარა ბერნარდოს ტოსკანის სასწრაფოდ დატოვებაში, გაგზავნა ჟენევაში, მის შორეულ ნათესავ ჟან პიერ მიკელთან(Jean Pierre Michel), რომელსაც ტყავის დამუშავების სახელოსნოები და სამეწაღეო საქმიანობა ჰქონდა.
პატარა ბერნარდო, გულმოდგინედ შეუდგა საქმიანობის შესწავლას. მისი გასაოცარი ნიჭის წყალობით მალევე მიიქცია ჟან პიერის ყურადღება, რომელმაც ის უკვე მიაბარა ფეხსაცმელების ოსტატს რათა კიდევ უფრო დაეხვეწა თანდაყოლილი ნიჭი. ბედის უკუღმართობის გამო გამოწვეული ტრაგედიით სხვა ქვეყანაში გადახვეწილი პატარა გენიოსი იძულებული იყო თავის მხატვრული ნიჭი და გენია მიემართა სულ სხვა მიმართულებით, რასაც ფეხსაცმელების დიზაინის და მოდელების შექმნა შეგვიძლია ვუწოდოთ. ხელოვნების უსაზღვროებიდან ხელოსნის ჩარჩოებში მოექცა პატარა გენიოსის ნათელი გონება და მომავალი.

მაგრამ როგორც ვიცით ოქრო ყველაგან ოქროა, უკვე რამდენიმე წელში ბიჭობის ასაკში შესული ბერნარდო იყო მთავარი მეწაღის საქმის მემკვიდრე და მარჯვენა ხელი.

1911 წელს მან ცოლად შეირთო, უმშვენიერესი ილონა ფრანცისკა კოვაჩი (Ilona Franciska Kovács), ქორწინებიდან მალევე მათ ერთად გახსნეს პატარა სახელოსნო, სადაც იკერებოდა ულამაზესი და ყველაზე გამძლე ფეხსაცმელი, და მეუღლის ილონას მოდელებით შექმნილი ქალთა აქსესურები და ტანსაცმელი.

როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, შვეიცარიაში არსებული წითელი ჯვრის საერთაშორის კომიტეტი, სწორედ ახლაგაზრდა ბერნარდოს და ილონას სახელოსნოს აძლევდნენ შეკვეთებს ფეხსაცმლისთვის და ტანსაცმლისთვის. ისინი ქმნიდნენ პროდუქციას როგორც თავად წითელი ჯვრის თანამშრომლებისთვის (უნიფორმა და აქსესუარები), ასევე ჰუმანიტარული


ტვირთებისთვის რომლითაც ამარაგებნენ ომისგან დაზარალებულ მოსახლეობას, დაჭრილებს.
ისინი ქმნიდნენ სპეციალურ ფეხსაცმელებს და აღჭურვილობასაც კი მოკავშირე პარტიზანებისთვის, წინააღმდეგობის მეომრებისთვის. მალევე ამ ფეხსაცმელებზე ლეგენდები შეიქმნა, რომ ვისაც ისინი ეცვა, მათ ტყვია არ ეკარებოდათ, ამის საფუძველი იყო ის რომ ფეხსაცმელი იყო დამზადებული სპეციალური ტექნიკით, არ სველდებოდა, ჰქონდა საოცარი მოჭიდება ნებისმიერ ზედაპირზე, მასში ადამინი იდგა როგორც ძეგლი, ასე ამბობდნენ მაშინდელი მებრძოლები, და რადგან ძეგლს ტყვია ვერაფერს აკლებს, სავარაუდოდ ეს გახდა ამ ლეგენდის თუ რწმენის საფუძველიც.
1922 წელს ბერნარდო გაურკვეველი სენით დაავადდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
მარტო დარჩენილმა მეუღლემ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად გააგრძელა ოჯახის მთავარი საქმიანობა.
ბერნარდოს ფერფლი დიდხანს ინახებოდა მათ მთავარ საოჯახო სახელოსნოში. როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ოჯახი დაბრუნდა იტალიაში სადაც, მისი დაბადების ადგილზე, წმინდა პანტელეიმონის ბაზილიკის ეზოში მოაბნიეს მისი ფერფლი, კიდევ ერთხელ პატივისა და უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებად ოჯახის მხრიდან.

საუბარი და ბოლო ბოთლი ლუდი ერთად დაამთავრა, პაუზის დროს თითქო გამოვფხიზლდი და მაშინ გამახსენდა რისთვისაც ვიყავი მოსული ამ წესიერ კაცთან, ჩემი ფეხსაცმელი ისე იდო, ახალს სჯობდა, ხელში ავიღე და ალბათ სასიამოვნო ღიმილი მქონდა სახეზე, და შემეკითხა: 
-როგორია მოგწონს?
-ეს არის ხელოვნების ნიმუში, აღმომხდა მე, ვერ დავფარე გაოცებაც და სიამოვნებაც, ეს იყო ხელობის და ხელოვნების სინთეზი, ნამდვილი, იტალიური, ტოსკანური... 
ჩვენი მასპინძელიც მალე მოვიდა, იმ სახელოსნოდან გამოვედი ძალიან გახარებული და კმაყოფილი, პრაქტიკულად ახალი ფეხსაცმელებით და ერთი პატარა მოთხრობის მასალით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი