ვარ ნაპოლეონი
ვარ ნაპოლეონი!.. მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ, ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავარად, სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ, მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ! ვარ ნაპოლეონი! მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება, მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება, არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი, უკან არ დაიხევს ავარა მშიერი, მოვმადლე ავარას მეფური იერი! ვარ ნაპოლეონი!.. ქარები, წვიმები არის სასაცილო, მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ და ჩემთან დადექით ფერკმრთალი ვარდებით, რადგან სიფერადეც გახდა სასაცილო, მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ. ვარ ნაპოლეონი, ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი!.. თქვენ ჩემთან მოხვედით? რა გინდათ, ბატონო? და რაკი მოხვედით, ხართ გიჟი ან პოეტი, ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის. ვარ ნაპოლეონი!.. მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა, არ შეცდეთ, მე სისხლი სულაც არ მწყურია, არ მინდა ოცნების ეჭვებით გალუმპვა და ვიცი დიდების შიში და შურია. უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს, მწყურია! ვარ ნაპოლეონი!.. როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი და როცა შევიგრძენი ცრემლები ნამდვილი, როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში და როცა ღრიალით საშინლად დავოსდი,- არ მსურდა ეჭვებით ოცნების დაღუპვა. ვარ ნაპოლეონი!.. ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად, მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი, ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი! ძნელია ოცნების, იდეის განდევნა. ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი. ვარ ნაპოლეონი!.. ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის, დავმარცხდი? არ მჯერა და ალბათ შემრისხეს, მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი. და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს, წადი, ჯანდაბამდის გზა გაქვს, ნაპოლეონ! მასხრობა ყოფილა ადამის გენია, დახურეთ ფარდები, ფარდები, მრცხვენია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი