ოხ როგორ მინდა
ოხ, როგორ მინდა შენი თვალები, ოხ, როგორ მინდა, რომ კიდევ გნახო, რომ დრო გაჩერდეს მხოლოდ წამები, ეს მწარე სევდა რომ გადავლახო. ეჰ, როგორ მიყვარს ეგ შენი მზერა, ვით მზის სხივები ლიახვის ფერდზე, მე ისევ მესმის მაგ გულის ძგერა, ვით ჩვილ პატარას თბილ დედის მკერდზე. მე რომ მეგონა, ვუძლებდი ამ გულს, სიჩუმე მკლავდა შავბნელ წყვდიადში, მე ლოთს ვემსგავსე, ჭიქა გადაკრულს, რომელიც ეძებს ქარბუქს ნიავში. შენზე ფიქრები არ მტოვებს, როცა ბუხართან ჩუმად უსუსურს მძინავს, ეს დარდი შენმა სიჩუმემ მომცა და ეს სიჩუმე ფსკერისკენ მძირავს. მინდა, მათბობდეს შენი მკლავები, რომ ჩემი თავი შენს მუხლზე იდოს, ჩვენ რომ არ ვიყოთ ეს მოკვდავები, ოხ, როგორ მინდა, რომ ჩემი იყოს. შენი ღიმილი გასაღებია, რომელიც აღებს ამ გულის კარებს, მაგრამ ის უკვე განაღებია, ის გაუღია შენს ლამაზ თვალებს. ვერ დავივიწყებ მე შენს სიყვარულს, ვითარც ობოლი მშობლების სურნელს, მე ვერ განახებ წამით სინანულს, რადგან მაშორე მარტოსულ სულებს. დღითიდღე უფრო იმატებს დარდი, რადგან აღარ ჩანს შენი სინათლე, გახმა, ჩამოჭკნა ეს ყველა ვარდი, სანამ ველოდი სხივებს დილამდე. ყურში ჩამესმის შენი გალობა, გეძებ და ვერსად, ვერსად გპოულობ, სახე ცრემლებით ისევ ჩამოდნა, ღმერთთან შენ კიდევ ნახვას ვთხოვულობ. შენთვის დანთებულ ყველა სანთელში ისევ გიზგიზებს ჩემი ვედრება, ისევ დაგეძებ კვამლით სარკმელში და ეს სანთელი წლები ვერ დნება. მე ვიცი, ბოლოს მაინც მიპოვი, ცივი სხეულით, სულით კი — ღმერთთან, და მხოლოდ ერთხელ, ერთხელ ვითხოვ, რომ დამაბრუნონ წამებით შენთან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი