ნარცისო დედავ


მე შემეშინდა შენი
რომ დავიბადე,
შენი მოშიში გავხდი 
სამშობიაროშივე არ მიმიკარე, 
მკერდს არ მიმაკარე,
ზიზღით მიყურე უსუსურ არსებას, 
რომელსაც შენი
სურვილების შესრულება არ შეეძლო. 
მტკიცედ უარმყავი,
ნარცისო დედავ.

მას შემდეგ ვცდილობ
თავი მოგაწონო, შეგაყვარო, 
მდუმარებით, მორჩილებით, 
შენი სურვილების უპირობო 
შესრულებით,
ოღონდ შენ გაამო
შენ გაგახარო.
შენ ძალადობ ჩემზე 
სულიერად, ემოციურად, 
ნარცისო დედავ.

შენ აუფასურებ
ყველა ჩემს გრძნობას,
შენ ხედავ ყველა ჩემს ნაკლს, 
არ იმჩნევ ჩემს სურვილებს, 
გინდა რომ ჩემი
ფიქრიც და განცდაც
შენ გეკუთვნოდეს,
შენ ანგრევ ჩემს ცხოვრებას 
ნაწილებად შლი,
ნარცისო დედავ.

მე ეს ვიცი, არ ვიმჩნევ,
შენ მირჩევ ყველაფერს:
ვინ უნდა მიყვარდეს,
ვის ვემეგობრო,
რამდენი შვილი მყავდეს,
რა საქმე მქონდეს,
ვისთან ვიწვე და ვისთან ვიდგე 
საკურთხეველთან,
შენ მე წამართვი სიყვარული, 
ნარცისო დედავ.

მე ამის თქმას
ვერ გაგიბედავ ვერასოდეს,
რომ შენ მომკალი მე როგორც ქალი, 
დამაყენე მუხლებზე
როცა მიყვარდა,
ის ვინც შენ არ გიყვარდა,
დამაყენე ხატების წინ,
მაფიცე, გამაწირვინე,
მათქმევინე უარი ჩემს სიყვარულზე, 
ნარცისო დედავ.

განვეშორე მე ამ სიყვარულს, 
შემეშინდა ამ ფიცის ძალის,
მისი გატეხვის,
შენ მეგობარ მამაოებთან
ვიარე ჩუმად, შენ შეუმჩნევლად, 
შესანანებლად ამ ცოდვის,
შენ ცოდვა რომ უწოდე ჩემს სიყვარულს. 
მინდოდა მყვარებოდა ის
ვინც შენ არ გიყვარდა,
ნარცისო დედავ.

მამაოები მიყურებდნენ,
ისმენდნენ ამბავს და მარიგებდნენ, 
რად გინდა შვილო
ის სიყვარული,
რომელსაც დედის კურთხევა
არ ახლავს,
მეშინოდა შენი რისხვის,
ღმერთის რისხვის,
ამ ფიცის გატეხვის,
ნარცისო დედავ.

გავემიჯნე მე
ჩემს სიყვარულს,
ვიყავი უბედური,
შენ უსაზღვროდ
ბედნიერი,
მივიღე შენი ყველა სურვილი, 
ღმერთის სურვილად 
ჩათვლილი,
და დაგნებდი,
ნარცისო დედავ.

ცხოვრება რომ გავიდა
მივხვდი ის უნდა მიყვარდეს, 
ვინც შენ არ გიყვარდა,
და გიღალატე,
შენს ნაძალადევ ფიცს ვუღალატე, 
აღარ ვიქნები სუსტი 
მუხლებგადაყვლეფილი,
ცრუ ფიცით შებყრობილი,
შენს კერპეპს მინდობილი, 
ნარცისო დედავ.

და მინდა შენმა უარყოფილმა
შვილმა გითხრას მაინც მაპატიე,
რომ ვერ გამოვდექ
შენ მოსაწონ შვილად, 
მისაღებ შვილად, 
რომ მიყვარდა ის,
ვინც შენ არ გიყვარდა, 
მთელი ცხოვრება

მაპატიე რომ გიღალატე, 
ვიცი ღმერთს ვუღალატე, 
ნარცისო დედავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი