ნუ გააღვიძებ


ჩემმა ანგელოზებმა
დახმატკბილებული ორფეოსის
ჰანგები უმღერეს
გამჭვირვალე ხელებით
მაწყევარი თვალები დაუხუჭეს,
ტკბილი ბაგენით დაუკოცნეს.
შეშლილი სიზმრები 
ლევიათანთან ფსკერზე ჩაძირეს
მრუდედ მოლიცლიცე მანკიერ დრუდებს 
სული შეუბერეს.
გავარვარებული სუნთქვის ქარიშხლები 
გრილ ნიავებად პირჯვრად გადაისახეს, 
მამონური ჭირვეულობის,
ახირებების შფოთვა მოაშორეს, 
სისხლის ოფლით დანამული შუბლი მოუწმინდეს
სუსტი სულების მწამებელ ხელთაგან, 
გველები დააყრევინეს,
დამახრჩობელი კოჟრები
მალამოებით დაუზილეს, დაუამეს,
გულმკერდზე მშვიდად დაულაგეს, 
ფაფუკი გადააფარეს.
სიშლეგით ადუღებული
მფეთქავი გულები 
კისერზე ჩამოიკიდეს, 
დაარწიეს, ტკბილი იავნანა უგალობეს, 
და მიაძინეს, 
შენი დემონები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი