მახუბინ


მახუბინ

მახუბიიინ - ჩემთან, მეძახიან შენი მკლავები,
მახუბიიინ - ცაზე რად კანკალებს ნამგალა მთვარე,
მახუბიიინ - როგორ ფეხაკრეფით, შეპარვით, ფრთხილად,
როგორი კვნესით მიმღერიან შენი თვალები.

ქალდეას
ტანზე,
როგორც 
ცხელი
ქვიშის
ბორცვებზე,
შავი გველივით მისრიალებს ნიმრუდის ღამე,
ყველა ქვას ძინავს, კედრის ტყეშიც სიზმრის ბილიკზე,
ოდნავ კიაფობს
ჰაფეზის მუქი, ძოწისფერი ვარდის ხავერდი.

მახუბიიინ - ჩემთვის ვინ დაითვლის ცაში ვარსკვლავებს,
ან ვინ მიამბობს
რად შეჭამა ცეცხლის ენამ ქვის ქალაქი - ჩემი ჰალდეა,
იმ შავი გველის ცხელ სიზმრებში რატომ იწვება
სიტყვები
შიმშა,
სიტყვები
ქუხვა,
ბუბლა,
შმაია.

მახუბიიინ - ბაღში ჩემთვის გალობს შენი ბულბული,
ჰაფეზის ვარდი სევდის ჩრდილებს მაფენს სახეზე,
მე და შენ ცაში ვირეკლებით - აქამდე აღწევს
შენი ძახილი - შენ ხარ ჩემი ქუხვა, შმაია.

თითქოს შორიდან ნიავს მოაქვს უცხო ბგერების -
შლამალუუუხ,
სარააა - 
ნამსხვრევები, სახეს მისერავს,
უდაბნოს ქვიშით იფარება იშთარის მხრები -
ენქიდუს მხეცი დაჭრილია თვალში, ღრიალებს.

რამდენი ზღვები გადმოცურე სანამ ჩემს თვალებს,
თითქოს შემთხვევით შეხვდებოდნენ შენი თვალები,
მე კი მინდოდა დავსხლტომოდი სევდის მარწუხებს,
ნიმრუდის კედლებს შეენახათ ჩემი ცრემლები.

მახუბიიინ - ჩემთან, მეძახიან შენი მკლავები,
მახუბიიინ - ახლა სხვა ქარები ჰქრიან სხვა ზღვიდან,
გაჩეხილია კედრის ტყეც და მათი ფესვები,
თითქოს მოჭრილი მკლავებივით ყრია ფეხებთან.

მახუბიიინ - სად ხარ, ან ვინა ხარ, როგორ მომაგენ,
ამხელა ცაზე სად იპოვნე ჩემი ვარსკვლავი,
როგორღა ჰყვავის შენს სიზმრებში ჩემი თვალები,
ხავერდის სახე, სახის ფსკერზე ლურჯი თევზები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი