უსათაურო
... ვის უნდა შენი ნაზი ლექსი, ვის უნდა შენი ნაზი ხმა, ვის უნდა შენი თხელი სახე, ვის უნდა შენი სახელი თქვას, ვინ უნდა დაგლიოს წყალივით, ზახულის იმ ყველაზე ცხელ დღეს- მკერდში რომ ცივ ტალღასავით იყო, მკერდში რომ მთელი წლის ჰაერი ხარ. ვის უნდა მხოლოდ შენიდან შენამდე, გაბმული ბეწვის ხიდი იყოს, ვის უნდა იმ ხიდზე ტაატით, იაროს, სიცილით იაროს. ვის უნდა შენი თვალებიდან ამოდგას თეთრი ყვავილები, რომლებიც თრთიან და ყვავილობენ, რომელზეც წინა ლექსში გწერდი. ვის უნდა ემაგ შენს თვალებში ყველაზე გრძელი, მძიმე თოკით ჩაეშვას პირქვე და ვერ დაბრუნდეს, შორს დარჩეს ყველა უფსკრულები. ვის უნდა, ვინ გეძახის, ყელში მომდგარი ჟანგიან ხმით - უკვე რამდენი მდინარის წყალს ჩაუვლია დიდი მოთმინებით. ვის უნდა შენი ნაზი ლექსი, ვინ ხედავს ბგერას და ბგერას შორის, რამდენი დანაღმული ხელი, რამდენი დალეწილი თვალი, რამდენი დამსხვრეული ლურჯი და თეთრი ზამბახები გზადაგზა შემოგაკვდა ხელში, ვერცერთს ცოცხალს ვერ მიუსწარი. ვის უნდა შენი თხელი სახე ან შენი სახელი ვინ უნდა თქვას ან იმ ზაფხულის ცხელ დღეებში შენც ხომ გადაგღვრიან ზიზღნარევი მზერით და არც არავის არ ეხსომები და არც არავინ არ დაგიძახებს, ეჰ, რა მხიარულად ციმციმებენ მზის შუქზე ოქროს ნამცეცები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი