უსათაურო
ეძღვნება ყველას,
ვინც სინანულის ლბილი მზერით
დაჰყურებს თავის მკერდზე მისვენებულ,
გარდაცვლილი სიყვარულის უსულო სხეულს
და ნეტარებით სამუდამოდ დახუჭულ თვალებს
აი, ის სიყვარული,
თამამად რომ მიმოდიოდა ჩვენს შორის,
ვნებისა და სიხარულით სავსე თვალებით, -
მისი ბროლივით, ათას სვეტად ატყორცნილი სიცილის ექო
აზანზარებდა ჭაობისფრად ალესილ ჭანჭრობს
სავსეს გესლით და ყუმი მზერით,
ანგრევდა, შლიდა, შიშის ზარს სცემდა,
ჩვენ კი ვხარობდით - უდარდელად მივცურავდით
ვარსკვლავთა მჩქეარე მდინარეში,-
ტალღის ქიმზე შემომსხდარ თევზებს
ვუყვებოდით სიზმრის ბაღების მოხუც ხეებზე,
სიზმრის ბაღების უსიერ ტყეზე,
სადაც ბინადრობს ყველაზე უცხო,
უცხო ფერებით შემოსილი ლურჯი ფრინველი,
სადაც ყველაზე მშვენიერი ხმები ირხევა
მუხის მკლავებზე გადაწოლილ ფოთოლთა შორის.
აი, ის სიყვარული
ვნებისა და სიხარულის მარცვლებით სავსე,
თამამად რომ მიმოდიოდა ჩვენს შორის,
შეუმჩნევლად
ჩვენი მზერის ბილიკებს ასცდა -
არც დაგვინახავს, ოდნავი სიოც კი არ გვიგვრძვნია-
არც ფრთის ნაკაწრი სიზმრის ბაღების ღამეულ ცაზე,
არც მოხუცი ხეების გმინვა,
არც ვნების და სიხარულის მარცვლების მსხვრევა-
ჩქამი რა არის არ გაგვიგია, -
დაშრა ჩვენი სურვილთა მდინარე-
აქა-იქ თუ მოვკარით თვალი
ჩავარდნილ ფსკერზე,
შავი და მძიმე შლამის ბორცვებზე წამოდებულ ვარსკვლავის ნამსხვრევს,
როგორც უტყუარ, ნამდვილ ამბავს
ჩვენს თვალებში მოზეიმე სიყვარულისა.
ნეტა რომელი მდინარის ტალღას
ჩაეხვივნენ ის თევზები, ჩაეკრნენ გულში,
ვინ უამბობს ზღაპრებს ბაღებზე,
ვის მიაპყრობენ გაწვრთნილ მზერას
ან ლაყუჩების სიყვარულით დაგეშილ სმენას?!
თუ იქაც უკვე გაბატონდა ჭაობისფერი,
თუ იქაც უკვე ყუმი მზერით ამოქოლეს
სიზმრის ბაღებში შესასვლელი მძიმე ჭიშკარი,
თუ იქაც უკვე
ჭანჭრობების უღრანებს შორის
გამეებული ბასრი დუმილი ზარივით რეკავს.
ღამეა ახლა,
გამჭვირვალე ზაფხულის ღამე,
ოდნავი ჩქამიც არ არხევს ჰაერს,
ვწევარ ქათქათა შუაღამის მაყვლისერ მკლავზე,
ცას აქა-იქ შერჩენია ვარსკვლავები,
როგორც სახეს ნაყვავილარი,
როგორც მონას სახეზე დამღა,
მე კი მათ შორის გამორჩეულად
მხოლოდ ერთი,
ერთადერთი ვარსკვლავი მიყვარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი