ერთი საუბარი


ხანდახან დგება ის იშვიათი სულიერი მდგომარეობა, როდესაც შემთხვევითობისა, თუ ზეგარდმო წყალობის ძალით თანამოაზრეებს შორის ყალიბდება კეთილგანწყობისა და გაგების განსაკუთრებული ველი. ეს ველი ხანდახან თრობის დროსაც მიიღწევა, რადგან ზოგიერთ სასმელს აღენიშნება ისეთი თვისება, რომელიც ცნობიერის გარკვეული წნეხისაგან შემსუბუქებით შეუმჩნევლის ამეტყველებას უწყობს ხელს. ზოგჯერ დამხმარე ნივთიერებების მიღებაც არ არის საჭირო, რომ ამგვარი დაფარული შრეების გამომზეურება მოხდეს. ეს კიდევ უფრო იშვიათი და საკრალური მდგომარეობაა, რაც მხოლოდ მაღალგანვითარებული შინაგანი წყობის ადამიანების ერთობისას შეიძლება იშვას. მაგრამ ყველა შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს თანამოსაუბრეთა პატივისცემას, ნდობას და გულახდილობას. სწორედ ასეთი იშვიათი დამთხვევის წყალობით დიდი ხნის მეგობრებს შორის ეს გულითადი საუბარი შედგა. 

-	არა, ხომ გეუბნები, მიქარა-თქო. 
-	კი მაგრამ, რასაც ამბობ, ეგ უმნიშვნელოა. 
-	კი, მეც ვეთანხმები, ხანდახან უნდა გაუტარო ქალებს. 
-	ხომ გსმენია, ურთიერთობა კომპრომისების ხელოვნებააო.
-	ასეა კი. აგერ ჩემი გამოცდილებაც ამას მეუბნება. რა არ მომხდარა ამ 15 წლის განმავლობაში, მაგრამ მაინც ერთად ვართ. კრიზისები მოსულა, აბა როგორ გინდა?
-	მოიცათ რა, ეს სხვა შემთხვევაა. 
-	იქნებ მანიპულირებს?
-	არა, დეტალურად გავარჩიე ეს საკითხი.
-	მაშინ უნდა გადაწყვიტო.
-	რა გადავწყვიტო?
-	ან უნდა გაატარო, ან...
-	ან?
-	სხვა ნახო.
-	მეც ამ აზრისკენ ვიხრები, მაგრამ მაინც რომ მიყვარს?
-	მოიცა რა, რა არის სიყვარული რეალურად არავინ იცის. ჰორმონების დროებითი ამოფრქვევა და მიჩვევა. 
-	ნუ, არც მთლად ასეა საქმე. მაგალითად, ბერძნები ამბობდნენ, რომ სიყვარულს ოთხი ძირითადი ფორმა აქვსო: სექსუალური, შემოქმედებითი, ნათესაურ-მეგობრული და ღვთაებრივი. 
-	სწორი უთქვამთ, ანუ რომანტიკული სიყვარული სექსამდე დადის. სექსიც ჩვევაა, საბაზო ინსტინქტი. დანარჩენი ლირიკაა.
-	ლირიკა ეძახე და კი გამათეთრა კაცი…
-	ერთი მოაზროვნე იმასაც ამბობს, რომ სიყვარული ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში მეგობრობით შეიძლება დასრულდესო. 
-	ანუ, სექსუალური მდგომარეობა გადავიდეს მეგობრულში. საინტერესოა. 
-	ბერებად აღვიკვეცოთ ბარემ!
-	პრინციპში საბოლოო ჯამში ასკეტური მდგომარეობისკენ მიდის ადამიანი. ასაკთან ერთად ხომ ვნებებიც ცხრება. 
-	სამწუხაროდ ასეა.
-	ან საბედნიეროდ. ბოლოს და ბოლოს რამდენი ტკივილი ახლავს ვნებას. ვნება გვნებს. გასხივოსნების გზა ვნებების დათრგუნვაზე გადის. 
-	ამიტომ ჩემო ძმაო, უნდა გიხაროდეს. გასხივოსნების გზაზე დამდგარხარ, ჰაჰაჰა!
-	ჰმმ, ან ჩაქვესკნელების.
-	ახალგაზრდობაში ერთი ნაცნობი ასეთი ტექნიკით ცდილობდა ლიბიდოზური ინსტინქტის დათრგუნვას. როდესაც ქალის სურვილი აიტანდა, ცდილობდა მისი დაკნინებული მდგომარეობა წარმოედგინა. 
-	ეგ რას ნიშნავს?
-	რას და მისი ყველაზე დიდი აქტივის, სილამაზის ჭკნობის ვიზუალიზაციას. 
-	უბერავდა ეგ აშკარად.
-	წარმოიდგინეთ, ის ვისი ხიბლიც მოსვენებას გაკარგვინებს, საპირისპირო ხატსახით შეცვალო, გაფურჩქნა ჭკნობაში გადაზარდო. რამხელა რისკია, რამხელა გაბედულება!
-	ტეხავს… ქალის გარეშე მუღამი ეკარგება ცხოვრებას. რა ჯობია ამ საბედისწერო თამაშში ყოფნის მდგომარეობას, ხან მარცხს, ხანაც გამარჯვებას?! 
-	შენი ჰედონისტური პოზიცია გასაგებია, მაგრამ საბოლოოდ ისიც მარცხისთვისაა განწირული, თუ ახალგაზრდა არ მიდის ადამიანი.
-	მაინც როგორ?
-	როგორ და თუ წლებთან ერთად ვნება არ დაცხრა, გრძნობითი ორგანოების ეტაპობრივი დაჩლუნგებით სურვილების განცდის საშუალება იკარგება. ამ შემთხვევაში სურვილი რჩება, მისი დაკმაყოფილების ინსტრუმენტი კი ხელიდან გვეცლება, ყველაფერი კი ღრმა ასაკში ორგანიზმის მოკვდინებით მთავრდება. 
-	ბასტა! არ მინდა დაბერება, არ მინდა სიკვდილი…
-	გამოსავალს რაში ხედავ? 
-	დაბეჯითებით ვერ გეტყვი, მაგრამ ამბობენ რომ სუბლიმაციაა გზა ინსტინქტზე გამარჯვების, ჰინდუიზმში ამას კუნდალინის ძალის ტრანსფორმაცია ჰქვია და იოგინები ამით ჩაკრების გახსნას აღწევენ. 
-	შე იდეალისტო შენა! აი, თურმე რატომ არ მოგყავს ცოლი. შენ შენი იცი, ძმაო. მე კი ვნებას, თუ რაც გინდა ის დაარქვი, ვერ შეველევი. სიკვდილამდე მისი ერთგული ვარ დონ ჟუანივით, ჰაჰაჰა. სხვა რა დაგვრჩება მეგობრებო, ყველაფერი თუ სიკვდილისთვისაა განწირული, დაე დროებით მაინც იზეიმოს წარმავალმა სიცოცხლემ და წამიერმა გაელვებამ! 
-	თქვენი შეხედულებები დიამეტრულად საპირისპიროა და ორივე მათგანს თავისი სიმართლე და არსებობის უფლება აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სიყვარულის არსი არც მისგან გაქცევას და არც ვნებათა მორევში თავდავიწყებას გულისხმობს. 
-	აბა, რას გულისხმობს?
-	იცით, ამ კამათისას მივხვდი, რომ მე მის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია. არა იმ გაგებით, რომ მხოლოდ მისი ფიზიკური არსებობა მანიჭებს ნეტარებას, არა. მე მასში ჩემი არსების ერთგვარ შემავსებელს და გაგრძელებას ვხედავ. შესაძლოა ჩემი სიტყვები ზედმეტად სენტიმენტალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს რეალური განცდაა, თითქოს ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი. ასევე ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი არსებობა აქ და ახლა დიდწილად ასეთი ქალვაჟური ურთიერთობების ნაყოფია. ჩვენი მშობლების საბედისწერო შეხვედრის გარეშე, ჩვენი მეგობრობა, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს არსებობაზე, არ შედგებოდა. ამიტომ, რაც უნდა მრავალი მიმართულება არსებობდეს ჭეშმარიტებისკენ მიმავალი, მე ამ გზას ვირჩევ, თქვენ კი შეგიძლიათ თქვენეული გზა აირჩიოთ. ახლა კი დაგემშვიდობებით და შესარიგებლად გავეშურები.  

***

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი