გვირილები
როგორ მიყვარდა ტიალ მინდორში, გვირილებისგან გვირგვინის დაწნა, გაშლილი თმები, თეთრი გვირგვინი, ქარის შრიალი, ფოთოლთა ფანტვა, თმების ფრიალი, თვალების მზერა და საათობით ფერების ხატვა, ტილოზე გრძნობებს ვაფერადებდი, ფუნჯმაც გამიგო და ვნებებს აჰყვა. ცაზე ღრუბელი მზის სხივს ფარავდა, აფრიალებდა სევდიან ალამს, გული სიმშვიდით მანუგეშებდა, ვერ ვენდობოდი ჩემს გრძნობებს ალალს, აღარც მეგობრებს ვეკითხებოდი, არ ვიკარებდი არც ძველს, არც ახალს, მხოლოდ გვირილის თეთრი ფოთლები, მეუბნებოდა ხან კის, ხან არას. გამოანათა ღრუბელში სხივმა და ბნელ თვალებში შუქი ამინთო, ქარი გაქარდა უცხო მხარეში, სულნაზმა სიომ გული დამითბო, ფრიალა თმები თვალებს შეეხო, მისმა დანახვამ სული დამიტკბო, ქარმა გაწია ღრუბლების ჩრდილი და ჩრდილთან ერთად სევდაც წაიღო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი