მდინარე


მთებს შორის მიჰქრის მდინარე ჩქარი, 
ვინ იცის საით მიეჩქარება?
მგონი არსადაც არ ეჩქარება, 
უბრალოდ მთიდან მიექანება.

გზაში ციცაბო კლდეები ხვდება 
და იმ კლდეებში მიედინება,
გაუხედნავი კვიცივით მიჰქრის, 
წინ-წინ უაზროდ მიეჭენება...

და არც კი უწყის, რამდენ ხანს ირბენს, 
ან საით, რისკენ მიედინება,
ან რამდენ ხანში აღწევს საწადელს, 
ან საწადელი რაღას პირდება.

არ ფიქრობს, არა, ჩქარი მდინარე, 
ფიქრის დრო არ აქვს და არ ექნება,
სანამ ციცაბო მთებს არ გაივლის, 
სანამ მდინარე არ გასწორდება;

სანამ სალ კლდეზე არ ჩამოირბენს, 
სანამ თლილ ქვებს არ მიეხეთქება,
როგორც ყოველი ახალშობილი, 
თავისვე დროზე გამოიზრდება...

და მერე, როცა მისი დრო მოვა, 
მაღალ მთას ვაკე შეენაცვლება,
როცა მდინარის გზა გასწორდება, 
ფიქრის დროც უფრო მეტი ექნება.

თავის დროს ყველა ფიქრობს თავისას, 
ძველ დროს ახალი შეენაცვლება,
როდესაც თავი ბრძენი ჰგონია, 
ცხოვრება წყნარად მიედინება…

და ეს წყნარი დრო ისე გაშპება, 
დარჩება გრძნობა და მოგონება,
ახალგაზრდობის განვლილი წლები, 
მერე სიცილით გაახსენდება.

-როდესაც მთაში, კლდეებში, სალში, 
მიგვაქანებდა ბედი თვითნება,
იღბლის ვარსკვლავზე მინდობილები, 
თითქოს გვიცავდა ზენა, განგება.

ვერც კი ვხდებოდით, რომ ხელთ გვეჭირა, 
დიდი უსაზღვრო ბედნიერება,
ისე ვფლანგავდით ბუნების მადლსა, 
არც კი გაგვაჩნდა მადლიერება...

ამ ფიქრში, დარდში და დინებაში, 
გამოჩნდა დიდი უსაზღვროება,
თვალუწვდენელი წყლის ოკეანე, 
ეგებებოდა, როგორც ოცნება.

და მომდინარეს ვეღარ გაეგო, 
ამხელა ჯარი რისთვის ჭირდება?
როცა ამ ჯარში გადაერევა, 
აღარსად იგი არ გამოჩნდება.

თავისუფალი მისი აზრები, 
არავის აწი არ ენდომება
და ვერასოდეს ვერ გააკეთებს, 
რაც მის გულს და სულს მოენდომება.

ამ ფიქრებს იქით, უკვე ზღვა იყო, 
წვიმის წვეთივით გაქრა დინება,
ჩაყლაპა სუფთა ანკარა წყალი 
და გაქრა კიდევ ერთი ოცნება.

როგორც ვარსკვლავი გაქრება ცაზე 
და მის მაგიერ სხვები გაჩნდება,
ადამიანიც თავის ცხოვრებას, 
გალევს და მერე სხვა იბადება.

ასეთი შექმნა ღმერთმა ქვეყანა, 
ასე ალაგებს წესებს განგება.
ვინც ამ წესებს არ ემორჩილება... 
არა, ასეთი არ მახსენდება!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი