ძველი თბილისი
დაასხი კაცო, დაასხი, სანამდის პირი გამიშრა, მახსომს, პირველად სკოლაში, დიდედამ როგორ გამიშვა. აბა პაპაჩემს, სულმნათსა, სკოლა სუ ფეხზე ეკიდა, ოღონდაც სახლში მოსვლისას, თავისთვის ღვინო ეყიდა. დრო იყო მაშინ ეგეთი, საჭმელი გვენატრებოდა, ვისაც ფული და შნო ჰქონდა, ახლო არ გვეკარებოდა. დედიჩემმა და მამამა, როცა ვიყავი წლისაო, რატომღაც გაყრა ისურვეს, ვალი დაიდეს ღვთისაო. თურმე მამიჩემს ვიღაცა, სომხისა ქალი ჰყვარობდა, დედიჩემსაც შაუტყია, მამა კი დიდხანს ვარობდა. გასციებიათ საწყლებსა, სიყვარულისა გრძნობები, სარეცელს აღარ იყოფდნენ, თითქო ერთადა მყოფები. მამიჩემს სომხის ქალისა, მაინც ჰყოფნიდა ალერსი, დედიჩემსა კი, საწყალსა, ხედავდნენ ნერვებ ალესილს. ერთ დღესაც თურმე დედიჩემს, თათრის ულვაშა კაცთანა, ხილ-ბოსტნეულს რო ჰყიდიდა, ხარჯი მოსვლია მასთანა. ცხრა თვეში, შესაბამისად, დედამ ქალ-ვაჟი დაჰბადა, მამიჩემს გაჰკვირვებია და დარჩენილა სახტადა. სომხის ქალმა რო გაიგო, მამიჩემს წამსვე ახარა, ცხრა თვეში ზუსტად იმ დღიდან, მანაც ქალ-ვაჟი დაჰყარა. მერე გაეყვნენ ერთმანეთს, დედა წავიდა თათართან, მას მერე კიდე თორმეტი შვილი დაჰყარა ვაჭართან. მამამაც განა ჩამორჩა, იმ სომხის ქალთან წავიდა, ერთმანეთისა ჯიბრობით, ისიც თორმეტზე ავიდა. მე მეცამეტე ვიყავი, ერთს და მეორე მხარესა, მაგრამ პაპა და დიდედა, არ მაკარებდა არცერთსა. მერე, რო წამოვიზარდე, არც ბაბო მყავდა, არც პაპა, და ეთნიკურად თათარი, დედამ და-ძმანი გამაცნა. დედას ქართული უჭირდა, დავიწყებია საწყალსა, თათრულის გარდა იმ სახლში, ვერ გაიგებდი მართალსა. მამამაც მალე მიპოვნა, მიმიპატიჟა თავისსა, იქა სომხური ისმოდა, მამამ რო გაითავისა. თორმეტი და-ძმა თათრულად, თორმეტი კიდე სომხურად, სიყვარულს მეფიცებოდნენ და მეც ვიყავი ლომგულად. ასეთი იყო თბილისი, ქართველთა დედაქალაქი, თათარი მუდამ ხილს ჰყიდდა, სომეხი იყო დალაქი. ებრაელი და ბერძენი, ოსი,ლეკი და არაბი, სპარსი, რუსი თუ ჩეჩენი, დღესაც სუყველა აქ არი. დაასხი მეთქი სანამა, პირი ბოლომდე გამშრალა, სადღეგრძელო მაქ სათქმელი, ცხოვრებამ როგორ შამშალა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი