ნებიე (პოემა)
მარიობა ქომობნიდან აიბარგა ხალხი, მზე იცინის, ტაროსია ლაღი, ურმის თავზე დაუჭვირთავთ ბარგი, იმის თავზე დასვეს წვიტი ბალღი. ზემობანი აიარეს მალე, დიდი-პაწაჲ შემდგარია გზაზე, იჩქარიან, ზეიმია ხვალე, შვამთობაა, ხალხი მიდის მთაზე. ზაფხულს მოაქვს სიხარული დიდი, თავს იყრიან დიდვანი თუ წვიტი, ხალისია, ზეიმია მთისი, მარიობის თვარის დასაწყისი. კისკისი და სიმღერები ისმის, ზოგი სამობს, ემზადება მისთვის, მშვილდოსნები უცქერიან მიზნით, კაპარჭები გაუვსიათ ისრით. ცხენოსნები დახტუნავენ ცქვიტად, ისინდის ჯოხს თავზე უჩანს ჩაჩი, მაღლა სერზე მოხუცები ზიან, თამაშს კარგად რომ შეავლონ თვალი. ნინველ ციცებს მოუხატავთ სახე, იზომავენ ჭრელა-ჭრულა კაბებს, გაამზადეს სათამაშო მახე, კაცის სახე მიახატეს ხაპებს. მეჭილილემ გამოუსვა ხემი, გათლილ ცაცხვზე გადაჭიმულ სიმებს, შაირისთვის მოიღერა ყელი, გააჟღერებს ძველ და ახალ ფიქრებს. სიმღერა ჭილილზე „ნიშან-ბოღჩა დააბრუნეს, თხას დაკიდეს ალთუნიო, სამართალი ჩააბრუნეს, დეივიწყეს ქართულიო. ჭიპონს მკლავი მოუჭირე, სტვირს მოადე თითებიო, პაწაჲ ღვინით მოულხინე, მალე სიძეც იქნებიო. დედამთილმა იწუწუნა, ჩემი რძალი გონჯიაო, ჯაზინენემ ჩასჩურჩულა, შენს ბიჭს მაინც ჯობიაო. გურიაში გედეველი, ციცაჲ ვნახე ჯინველიო, იმას ვეღარ შეველევი, მე'ნა ვიყო პირველიო“. შაირებით გახალისდა ხალხი, მეჭიპონემ მოუჭირა გუდას, აღარავის აღარ ახსოვს დარდი, მესტვირე რო თავის სტვირზე უკრავს. ჭიპონის ხმას შეუერთდა დავლი, დაუთვალა საცეკვაო რითმი, გოგოს იქით გაეპარა თვალი, მოედანზე რომ შუუხტა ბიჭი. ისე სამობს, თითქოს ფრინავს განა, გაწკეპილი წითელ ჩაქურაში, ფეხის ტეხვით ხტუნავს გან და განა, ვერვინ ბედავს ამოუდგეს მხარში. დაჰკრა ტაში მოსეირე ხალხმა, მოაქციეს საფერხულო წრეში, ხედავ, უცებ გაუბედა ქალმა, ააყოლეს სამა ერთი-ერთში. ნებიე და სულა სამობს, მარა, არც იციან ერთმანეთის რამე, ბიჭს გოგოსკენ თვალი გაეპარა, თბილი გრძნობა მიაყოლა თანვე. ერთი ნახვით სიყვარული იშვა, ნებიეც და სულაც ხვდება ამას, ორვეს გულში გაუარა ფიქრმა, მათი გრძნობა აღარ გავდა თამაშს. სტვირის კვნესა ისმის მაღლა მთაზე, სიყვარული შეეპარა ციცას, გამონათდა სავსე მთვარე ცაზე, შურის თვალი მიანათა მიწას. მთიელს უყვარს ხალისი და ლხენა, ასეთი აქვს ძველის-ძველი რწმენა: ტყეებს ამკობს ფრინველების სტვენა, ადამიანს სიმღერების მღერა. სულა მაჭახლის წყალი ვის არ მოხიბლავს, მთაში ხალისით მიედინება, ჭირს და ლხინს, ყველას ერთად მოხლიბავს და ცისფერ ზღვაში ჩაედინება. პატარ-პატარა ჩქერი და ღელე, ერთმანეთს ასწრებს შემოერთებას, მინდიეთი და ეფრატისღელე, ერთად მიერთვის ცივ მაჭახელას. ღმერთი დალოცავს ყველა მაჭახლელს, გაუტეხელს და წინაპრის მხსოვნელს, შრომით და ბრძოლით იწრთობს მაჯას, ხელს, ვერაკაცს ნახავ ყარიბს და მთხოვნელს. არ დაივიწყეს ძველი სიმღერა, ნადურს მღერიან სამ ხმაში ორფად, გამოსულიდან რომ დაიწყება, გადასძახიან სოფლიდან სოფლად. მხოლოდ ქართული ისმის ამ სკურში, თუმცა ასწლობით მტრების ხელშია, არ ეყურება სხვა ენა ყურში, ვერ ამოუშვა სხვა ხმა ყელშია. ძველიდან ახსოვთ, მაჭახლელობა, თოფის სროლას და მტრის ხოცვას ნიშნავს, აქ ყველამ იცის თავის ხელობა, ალუჩის ხეზე, ალუჩა ისხამს. *** მიიკლაკნება ვიწრო ბილიკი, მთის გადაგრეხილ მწვანე ფერდობზე, გზას მიუყვება ბიჭი ტალიკი, მსხალს ახრაშუნებს თავის გემოზე. მთიდან დასცქერის გაშლილ ხეობას, უმშვენიერეს წმინდა მდინარეს, გასცქერის მთათა მონაცვლეობას, დავარცხნილ ტყეებს, პირ-მომღიმარეს. ჩამოირბინა ეფრატის ღელე, ხერთვისს ჯუმადის ქვასთან ჩამოჯდა, გზა გააგრძელა მინდიეთისკენ, წიფლიან ტყეში შაშვი გალობდა. ოსანეთს როცა შემოაბიჯა, სახეზე ჟღალი ფერი დაედო, ბედი თავისით მიაქანებდა, ვეღარაფერი ვეღარ გაეგო. როცა მოფხიზლდა, წინ ოდა ედგა, სადაც ერთგული სატრფო ელოდა, ქუჩის ძაღლივით შემოუყეფა, ლოდინის ძალა დიდხანს ეყოფა. სარკმელში ქალის სახე გაბრწყინდა, ბრიალა ჭაბუკს მოჭრა თვალები, ქალის წინ უცებ ჩიტი დაფრინდა, თითქოს ახარა კარგი ამბები. „მოდი, ნებიე, მომეცი ხელი, შარაზე პაწაჲ გავინავარდოთ“. „რას ჩივი, სულავ, გვიყურებს ხევი, ხალხის სათქმელი რაფერ გავხადოთ?!“ ნებიე შეცბა, როცა ოდიდან, მამის ძახილის ხმა გაიგონა, წამსვე შებრუნდა, სახლში შევიდა, წყლით სავსე თუნგი თან გაიყოლა. სულა გაიქცა, ჩაფრინდა ხერთვისს, წითელი ფერი გზაში მოშორდა, ეფრატისღელე მინდიეთს ერთვის, გულს დაძაბული სევდა გაშორდა. მაღლა ზეციდან მზე უთვალთვალებს, ადრე დილიდან შარას უნათებს, ხვალ გაუსწორებს ნებიეს თვალებს, ნიშანს მიუტანს, აანთებს სანთელს. ნიშნობა სკურდიდის თემში ძველი სახლი დგას, ოდა ნათალი კერკეტი ხისა, ეზოში ბალახს ცოხნის თეთრი თხა, გამზადებული ნიშნობისთვისა. სახლში ფუსფუსებს მრავალი ხმები, მზადება იწყეს დიდი ხანია, სულიკო ადგილს ვეღარ პოულობს, თან გული უძგერს, თან უხარია. მაყრული ჟინით უმღერის გული, მაგრამ ადრეა, ჯერ ნიშანს ართავს, დღეს დაისვენებს სულიკოს სული, გამოსულზე კი ქორწილს გამართავს. დაიძრა ხალხი სკურდიდის მთიდან, მიიკლაკნება ვიწრო ბილიკზე, ბულბული გალობს ალუბლის ხიდან, ბუმბული ბურძგლავს მამლის ყივილზე. *** მინდიეთში შემოვიდა გუნდად, სკურდიდლების მაყრიონი მღერით, რო მიადგნენ ოსანეთის უბანს, ნიშან-ბოღჩა გახსნეს ორი ხელით. კალათები დაალაგეს ხუთი, დაფარული ჭრელი ტილოს ფარჩით, საჩუქრებით სავსე არი ყუთი, ქათქათა და თეთრეული ფართლით. კიბის თავზე შედგა პატარძალი, შეჩერდა და გაიხედა გარეთ, მერე უცებ შეაბრუნა თავი და კიბეზე ჩამოუყვა მალე. სულამ უბეში ხელი ჩაიყო, გულის ჯიბეში ბეჭედი ედვა, მიჯნურის გულმა ძგერა დაიწყო, წამით გაუქრო თვალებში ხედვა. მთელი სოფელი გამოსულიყო, ძაღლი და კატა ირევა ხალხში, მხოლოდ ნებიეს ხედავს სულიკო, სხვა არაფერი არ უჩანს თვალში. არათითს თითის ფასი დაედო, როცა შეცურა ბეჭედის რკალში, ქალსაც სახეზე ვნება დაეტყო, ააკანკალა გულიდან ტანში. დედას მოადგა კურცხალი თვალზე, თუმცა ღიმილიც უმშვენებს სახეს, შვილის ნიშნობა ახარებს ძალზე, განშორება კი არ აძლევს საშველს. სიხარულს ცრემლი ისე უხდება, როგორც რიყის ქვას უხეში ხავსი, ცრემლს სიხარულიც მალე მოჰყვება, ასეთი არის ცხოვრების არსი. ხეობის გაყოფა დაჰკრა სპეტაკი სიმართლის ზარმა, ამბავი მოაქვს მოულოდნელი, ხეობის ღარში გამჯდარმა ქარმა, ჩამოაცვივა ფოთოლი ხმელი. მოლიპულ გზაზე, ტალახიანზე, ურემს მიათრევს ბებერი ცხენი, პირცივი ქარი თმას უფრიალებს, ბერიკაცივით ჭაღარა შვენის. ვერ მოისვენებს ცანცარა ქარი. რა ქნას? ბუნებით ასეთი არი. თავში დაადო განგებამ ვალი, რომ აუხილოს მძინარეს თვალი. მიქრის და ჰაერს ურცხვად მიაპობს, ხეებს არხევს და ავად წიაპობს, მიწა წრიალებს, თან დარდიანობს, ცაში ვარსკვლავიც აღარ კიაფობს. ჩამოწვა ნისლი, კაცს ვერ გაარჩევ, მაგრამ ხეობა აივსო ხმებით, ისმის ჩოჩქოლი, ყვირილს ვერ არჩევ, ვისი გორისა თუ ვისი თემის. ნისლში ხედავენ მოჩვენების მსგავს, უცხო სხეულებს, ცხენებს და ეტლებს, თითქოსდა ჭინკებს დევები მოჰყავთ, სოფლის ბოლოში აგებენ კედლებს. რა მოსწრებაა ამფერი ნეტავ, მოხუც ბერებსაც არ ახსოვთ ასე, რომ გაეყაროთ ძმა ძმისგან კენტად, მშობლების საფლავს აღარ დაასწრეს. რა ხდება ხალხო? ციცქნა მაჭახელს, როგორ გაყოფენ, რა აქვს საყოფი? გასაყოფელი აქა რა ნახეს, მდინარე გახდა ხევის გამყოფი. ექვსი სოფელი თურქეთში დარჩა, თორმეტი რუსთა იმპერიაში, გაინაწილეს ქართული ფარჩა, ხალხი დაწყვიტეს ბრმა ხეტიალში. დროს ვინღა დათვლის? მთვლელები გაწყდნენ, დარჩნენ ქალნი და ღარჭები საწყლად, ვინც მფრინავ ტყვიებს შემთხვევით ასცდნენ, გადაასახლეს გმირობის ნაცვლად. ჩვენი ხეობა სხვისი გამხდარა, ხალხიც გასხვისდა, ქალიც გაქიბრდა, ზნე და ნამუსი სულ თლა წამხდარა, სიმართლის თქმაც კი კაცთან გაჭირდა. რა ეშველება მაჭახლის მხარეს? გამოკეტილა ოთხივე მხრიდან, თითქოს დაწყევლა ეს არემარე, ღმერთი საჩივარს უგზავნის ციდან. ჰოი მე ღმერთო, ამ პაწა მხარეს, რა დანაშაულს უგზავნი ნეტა? ერთმანეთთანა ძმას და მოყვარეს, აუკრძალია დუშმანს შეხვედრა. ცრემლი ვერ ასწრებს შეშრობას თვალზე, მშობელი შვილებს სევდას უმალავს, მტერი მოადგა ნათესავს კარზე, მოღალატეებს უქებენ ღალატს. ძმებს შორის ორი მტერი ჩამდგარა, ექაჩებიან თავიანთ მხარეს, ხეობა სულით ავად გამხდარა, დამსგავსებია ნახევარმთვარეს. აქეთ ძმას რუსი უკრძალავს მღერას, იქით დარჩენილს თურქი ერევა, ორი მდინარე მათ შორის ღელავს, ორივეს წყალი თავში ემღვრევა. კურცხალი კურცხალს თავზე ეცემა, მიწამ დაკარგა თავისი ფერი, მაგრამ ქართველი არ დაეცემა, მომავლის სათქმელს ჯერ გულში მღერის. ნეტავ ზაფხული სად იმალება? რატომ დაცვარა სიცივემ კერა? ცხოვრების წლები რად იკარგება? რისთვის წაართვეს ხალხს თავის ნება. ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მიჯობს, მაგრამ იქ წასვლა უფრო ძნელია. რა პასუხს ვეტყვი იმ ქვეყნად მყოფებს? საფლავს ამდენ ხანს არვინ ხლებია. ღმერთო გვიშველე, გადაგვარჩინე, მშველელი არ გვყავს შენს მეტი არვინ, ცოდვა და მადლი შენ შეგვარჩინე, თვარა ცხოვრება დაგვენგრა თვალწინ. მოტაცება სულა თავს გრძნობდა, როგორც ციხეში გამომწყვდეული მგლებთად და მტრებთან, საზღვარი ჩადგეს ცივი, უხეში, მტერი არ უშვებს ძმებს ერთმანეთთან. რა გააკეთოს არ იცის კაცმა, დანიშნულ ქალთან ახლოს ვერ მიდის, გადაუღობა ორმაგმა ჯარმა, გზები მოუჭრა, ჩახერგა ხიდი. მაგრამ სიყვარულს რა შეაჩერებს? გული გასკდება, ვერ გაძლებს კენტად, სულიკო გრძნობებს ვეღარ აჩერებს, ადგილზე ჯდომა კლავს უფრო მეტად. უძილო ღამე უწერდა გეგმებს, როგორმე უნდა ენახა სატრფო, სწრაფად ფიქრობდა უამრავ ხერხებს, უნდა მოსინჯოს, წავიდეს მარტო. ვერვის ენდობა, ყველა შიშს მონობს, არიკაცს გარში გასვლა არ უნდა, გადამთიელთა ჯარები ომობს, მაჭახლელს ბრძოლის მადა წაუხდა. სულამ გაბედა, სისხამზე ადგა, ძილი რომ ყველას ერევა მეტად, გაუვალ ტყეში ბილიკს დაადგა, გადაირბინა საზღვარი ხელად. ქვაბითავს როცა მიადგა ტყიდან, ღრუბელს დახედა ზეიდან თავზე, რა ლამაზია ყურება მთიდან, გახედავ, თმები გიდგება ყალყზე. გამთენიისას ოსანეთს იყო, მშიერ გელივით გაბღეზებული, ქალის სარკმელი კლიტული იყო, ისიც შიგნიდან დაფეთებული. ნერწყვი წყალივით ჩაყლაპა ყელში, ტყიდან გამოსულს ტყის სუნი ახლდა, ხის დარაბები შემორჩა ხელში, შუქბნელ ოდაში ქალი არ ჩანდა. ჯერ თავი შეყო, მერე ტან-ფეხი, ნებიეს ტახტზე ნებიე იწვა, მძინარეს პირზე დაადო ხელი, თავი დახარა, მის გვერდით მიწვა. ნებიემ ძილში იგრძნო სულიკო, სიზმრის მაგიერ ცხადი შემოხვდა, თან უხაროდა, თან დამფრთხალიყო, ვერ გაეზომა წინ რა ელოდა. „ახლა ვერავის ვუმხელ ჩემს სევდას, დღეს სხვისი დარდი არვის ადარდებს, ყველა ხომ თავის გასაჭირს ხედავს, ხარი ხარს ფერს და ზნესაც გადადებს. უშენოდ ჩემი სიცოცხლე ქრება, შენი თვალები სიზმარშიც მხვდება, მაგრამ სიზმარმა ვერ მომცა შვება, უშენოდ ჩემი სხეული კვდება. მე ხატად მიდევს შენი ნახატი, ნახატი, მე რომ დავხატე მთაში, სხვა არაფერი არ მაქ სანატრი, მის წინ ვათენებ მძიმე ლოცვაში.“ „მომეცი ხელი, შენთან მოვდივარ, საითაც წახვალ, იქით წამოვალ, უშენოდ არც მე არად ვარგივარ, უშენოდ გარშიც აღარ გამოვალ“. აიღო ხმელა ჭადი და ყველი, ჭრელი თავშალი მოიგდო მხარზე, მუჭად ჩაკიდა დანიშნულს ხელი, ერთად გავიდნენ უჩუმარ გზაზე. ძველი ბილიკით აუყვნენ აღმართს, კაცის თვალმა რომ არ დაინახოს, ერიდებიან ავანს და ჩავანს, შეუმჩნეველად უნდა იარონ. ჯერ ბაღჩა-ყანა იარეს ბევრი, მერე ტყე და მთა გადაიარეს, საზღვარზე ასკერს უარეს გვერდი, მერე სალდათის უკან იარეს. ზედა ჩხუტუნეთს მთიდან მიადგნენ, თვალს სიხარულის ცრემლი მოედვათ, ორი საზღვარი გადმოიარეს, ცრემლი იწმინდეს, გულზე მოეშვათ. უცებ გაისმა რუსის ზარები, საზარელი და მეტად საშიში, მთაზე ჩამწკრივდა მათი ჯარები, დააგრიალა მაღლობზე შიში. რუსის ხმაურზე თურქიც გადმოდგა, აქეთ-იქიდან ზარებს რეკავენ, აწი საქმიდან რაღა გამოვა, თვალში უცქერენ და თან ღელავენ. „ჩემო ნებიევ, სანამ გვიპოვეს, მე ჩემი ფეხით ჩავბარდე მიჯობს, შენ დაიმალე და დააყოვნე, მიწყნარებულზე დაბრუნდი გიჯობს“ სულიკო ფეხზე წამოდგა, მარა, ნებიეს ხელი ჯაჭვივით იჭერს, რაფერ გაუშვას არ იცის თვარა, ან რითი მისცემს საყვარელს იმედს... მაგრამ სხვა გზა რომ არ დაუტოვა, არც მტერმა და არც მწერალმა ბედმა, არც მოიხედა, ისე დატოვა, ორივე თვალი აუვსო ცრემლმა. თვალებში მაინც ნებიე უდგას, მის სახეს ხედავს და სხვას არაფერს, ძალიან უნდა რაღაცა უთხრას, მაგრამ თქმის ნაცვლად ამბობს - ვერაფერს. ამბობენ, სულა საზღვარზე მოკლეს და ჯაშუშობის ბრალი აჰკიდეს, გამოაცხადეს დუშმანის მომხრედ, ხარის ეჟვანი ტურას დაჰკიდეს. ნებიე ნებიე დარჩა საკუთარ თავთან, ვის რა შესჩივლოს? ვის რა გაუნდოს? პირისპირ დარჩა საკუთარ ლანდთან, მტერი ბოროტი არც მას დაინდობს. ნებიე უცქერს დაბნეულ ფიქრით, ცხელი მზისაგან გადამწვარ მხარეს, ხიდჩატეხილი მდინარის იქით, გადასასვლელად ამზადებს ძალებს. აქედან რუსი გამოედევნა, იქეთ თურქების უცდის ასკერი, შვაში ხიდი დევს მდინარეზედა, ღრიალებს წყალი, ყვირის ჩანჩქერი. ნებიე რუსებს გაურბის, მარა, ხიდს იქით ცალკე თურქის შიში აქვს, ხიდზე შეჩერდა, გულში თქვა, „კმარა“, დროა, მოეღოს ბოლო ამდენ დარდს. ზღვისფერი თვალი, ზღვასავით სველი, მის ნათელ მზერას სევდას მატებდა, ამხელა ნაღველს საწყალი შველი, პაწაწა გულში ვეღარ ატევდა. მდინარის ხმები სიმღერად ესმა, არ ეშინია მისი სისწრაფის, ყველა ნაღველი გულზე მოეშვა, სიკეთეს უკვე აღარ ესწრაფვის. „ჰოჲ, მდინარეო, რაფერ შენ შემრჩი, წმინდა ნამუსის გადასარჩენად, სამარადისოდ, ვრჩები შენს ხელში, შენ გადამიყვან სულიკოს სულთან”. სამხრეთით თურქი უმიზნებს ლულას, ჩრდილოეთიდან რუსი ესხმება, ციდან ღრუბლები უშენენ წვიმას, ფეხქვეშ მდინარე წყალი ესხმება. გული გახვრიტა გასროლამ ორმა, ერთ წამში ორმა სისხლმა იფეთქა, თურქის ნასროლი მარცხნიდან მოხდა, რუსულმა ტყვიამ გული გახეთქა. მზე დაუბნელდა, მთვარეც გათავდა, წყვდიადში ჩაქრა ყველა ოცნება, და სიყვარული ისე დამთავრდა, როგორც ზმანება და მოგონება. *** ეფრატის ღელე ხმაურით მოდის, ნეტა რას ყვება, ნეტა რა'ნა თქვას, ამბავი მოაქვს ძგერით და შფოთვით, სასიხარულო რამე არ'ნა თქვას. სიყვარულს დარდის მეტი რა მოაქვს, ვინც მას ემონა, ჯვარზე იწამა, ყველაფერს თურმე თავისი დრო აქვს, უდროო ჭამა შავმა მიწამა. იმ ღამის მერე არვის უნახავს, აღარც ნებიე, არც მისი ლანდი, მდინარის ტალღებს გადაუკარგავს, თან წაუღია სევდა და დარდი. ხეობა გლოვობს, მაგრამ არ ისმის, არც კივილი და არც ტირილის ხმა, აკრძალულ სიტყვას ვერავინ იტყვის, გულში ჩაიკლა მავანმა ბოღმა. გაუფენიათ შავი ზეწარი, გადაღმა ამცნობს თავიანთ ამბავს, გაღმაც გამოვდა მოხუცი ქალი და ისიც დარდით აფენს შავ ფართალს. შავი ლეჩაქი ქვრივი ქალისთვის, ცხოვრების წესის ამსახველია. ვინც თავი დადო მამაკაცისთვის... თუმცა ამბავი უკვე ძველია. დესტანე ისმის მდინარის იქით, გლოვა ამსგავსეს იგავს და არაკს. წავიდა ის დრო, როდესაც ჭიქით, უჭახუნებდნენ ორნახად არაყს. იმ ღამით ორი დედა ტიროდა, მდინარის გაღმა და მის გამოღმა, იმ მდინარესაც ცრემლი სდიოდა, თუმც არ შეეძლო სიტყვის გამოთქმა. ცაზე ღრუბელმაც ცრემლი დაღვარა, ზეცა ჭექდა და ქუხდა ის ღამე, ნახევარმთვარემ თავი დახარა, ახლა კი უკვე ვტირით შენ და მე. არც ნებიეს და არც სულას ნეშთი, არ უნახია აქამდე ვინმეს, მხოლოდ ამბავი შემორჩა ჩვენში, რომელსაც ახლა მსმენელი ისმენს. ამ ხეობაში დაბადებული, ქალი და ვაჟი ხორციელ გაქრა, მაგრამ სულებად გადაქცეული, მათი სანთელი დღესაც არ ჩაქრა. იგონებს დღეს და ხვალც მოიგონებს, მაჭახლის ამბავს ქართველი ერი, როგორ ამსხვრევდა ცხელ-ცხელ ლითონებს, ჩვენს მიწაწყალზე გადამთიელი. გაიყვეს ჩვენი წმინდა ხეობა, ჩვენ კი დაგვტიეს მაყურებელი, დაგვაკარგვინეს ძველი ზნეობა, ყელს გამოგვისვეს სამართებელი. მაგრამ ჩვენ ჯერეთ ვუყურებთ მაგათ, ჩვენი დროც მოვა, ის მალე მოვა, გაიზრდებიან ღარჭები საღად და ჩვენ მთაზედაც შეწყდება გლოვა. თვალებს დაჭყიტავს ბუნიობის მზე, ქართველი ისევ დაიწყებს თესვას, გაღმა-გამოღმა ნადური იმღერს და სადღეგრძელოს დღეგრძელი შესვამს. იხაროს ჭერმა, ამოწყდეს მტერმა, იმღეროს ერმა, ილოცოს ბერმა, შეჰყაროს გზებმა, დალოცოს მთებმა, დაე, იმრავლონ მაჭახლელებმა. სიზმარი უსიყვარულოდ, თვით უკვდავება, არ არსებობსო, პოეტს უთქვია, სიყვარულისთვის ვინც ეწამება, მათი სანთელი მუდამ ანთია. ნებიესა და სულას სულები, ერთმანეთს თურმე ცაში ხვდებიან, ამას ამბობენ მაჭახლელები, ვისაც უნახავს, ვისაც ხლებია. ჯუმადის ქვასთან მოხუცი შემხვდა, მომიყვა მისი ძველი ამბავი, ჯეელობისას შეჰყრია სევდა და სიყვარულით იყო დამჭკნარი. შეყვარებია ლამაზი ქალი, მაგრამ ის ქალი სულ სხვას ყვარობდა, სხვას დაუდვია იმ ქალზე თვალი, ლაღი ტაროსი სხვისთვის დარობდა. ევედრებოდა ზეცაში ღმერთებს, რადგან მიწაზე ვერ ნახა შვება, ეძებდა მრავალ სავალს და ხერხებს, და ბოლოს ცაში იპოვა შველა. ერთ ღამეს, როცა ეძინა დარდით, სიზმრის ანგელოზს წაუყვანია, და სიყვარულის ფარული მადლით, სიზმრების მთაზე აუყვანია. იმ მთაზე სულას სული შემოხვდა, და ბეწვის ხიდზე გზა გაუკვლია, ერთად გავიდნენ მეორე მხარეს, სადაც იქამდე არვის უვლია. იმ ღამით თურმე იმ ბიჭის სატრფოც, სიზმრის ანგელოზს წაუყვანია, გოგოს სიზმარში ნებიე შეხვდა და იმ ადგილას მიუყვანია. მიჯნურებს ხელი ხელზე შეახეს, დატოვეს მარტო, სიზმრების ქვასთან, ნებიესა და სულას სულები, აფრინდნენ ცაში, იქცნენ ვარსკვლავად. მიჯნურთ სიზმრებში დღესაც ხვდებიან, ნებიესა და სულას სულები, თან ახალგაზრდებს ეხმარებიან, რომ არ გაცივდეს მათი გულები. ორი მნათობი ცას ანათებდა, და ის სინათლე მიჯნურად ენთო, ქალ-ვაჟს სინათლე გულს უხარებდა, ორივეს თითო სანთელი ენთო. და როცა დილით ცხადს დაუბრუნდნენ, გულში სიყვარულს ცეცხლი აენთო, იმ დღიდან დღემდე ერთად არიან, მათი ცხოვრება გახდა საერთო. ჯუმადის ქვასთან, სადაც მინდიეთს ერთვის ღუღუნა ეფრატის ღელე, ნებიესულას მნათობ ვარსკვლავებს, სურვილს უთქვამენ დაღამებულზე. თუკი სიზმარში გამოეცხადა, შეყვარებულებს ნებიესულა, აუსრულდება სიზმარი ცხადად, მაჭახლის ხევში სახალხოდ თქმულა. მზის მხურვალება ოქროს დაადნობს, მაგრამ სიყვარულს ვერ შეეხება, დრო თავის დროზე ყველას გააქრობს, მოგონება და ქნარი დარჩება. წყალს ბევრი ცოდვა ჩაურეცხია, და მადლიც მიაქვს მდინარეს ზღვაში, აშუღს ამბავი გაულექსია, მოუბნევია საკუთარ ხალხში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი