სიზმარი (ზაზას)


მოხეტიალე ფანტაზია ქროდა ეულად,
ჩემს გონებაში, შევიხიზნე ქუჩის ძაღლივით,
და ჩემს ბინაში, უხილავი იქცა ხილულად,
სქელი ნაწნავი გაიშალა ბოშა ქალივით.

და მოცეკვავე ანგელოზის მოიცვა სარი,
ცეცხლის ალივით გიზგიზებდა ზღაპრული სამა,
ზეციდან მოსულს, გაურბოდა ზეცისკენ თვალი,
იწერებოდა გონებაში ახალი საგა.

ზღაპრულ საგაში დაიბადა ნინველი ქალი,
რომლის გარშემო ფრთხილად ვქსოვდი გულწრფელ სამყაროს,
ქუჩაში ისევ ფანტაზიას დასდევდა ქარი,
მე ახალშობილ ქალისათვის ვწერდი ავგაროზს.

ცის კამარაზე ღრუბლის ჯარი მიჰქროდა მწყობრად,
მასაც დასდევდა ქარიშხალი მოუსვენარი,
ბოლოს ღრუბელი გაარღვია, გაყარა ორად,
ცქერად ვიქეცი, გული ძგერდა მოუთმენარი.

ცა მოიწმინდა, აციმციმდა სამი ვარსკვლავი,
სამი მნათობი ქადაგებდა სხვადასხვა ენით,
თითოეულმა საკუთარი მოჰყვა ზღაპარი,
ჩემი სამყარო ივსებოდა ციური ბგერით.

იმ ღამეს ელვაც ბევრი იყო, ქუხილიც ბევრი,
ჩემი ფიქრებიც ბუნების რითმს აჰყვა ვნებაში,
რასაც ვხედავდი, რასაც ვგრძნობდი, ყველაფერს ვწერდი,
დაფათურობდა შემოქმედი ჩემს გონებაში.

სწორედ იმ ღამეს დაიბადა მკურნალი ნამე,
სამი ვარსკვლავი სამ ძმად იქცა მის დასაცავად,
არ მიეცემა დავიწყებას ის თეთრი ღამე,
მეც იქ მიპოვით, როცა მოხვალთ ჩემს სანახავად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი