მობილური ამბავი
სისხამ დილით კვაჭის ტელეფონის ულმობელმა ზარმა გამაღვიძა. ჩემი ბრალია. ჩაწევა დამავიწყდა. თუმცა ჩაწევის თავი ვის ჰქონდა. არც მახსოვს როდის მივედი, როგორ მივედი ან რატომ მივედი... სახლში. გამაღვიძა და ოხერი ხმით ჩამძახა ყურში. „ჩემი ტელეფონი სადაა?“ – ჭექდა კვაჭის გამყივანი ხმა. „შენი კიარა ჩემი ტელეფონი არ ვიცი, შეჩემა“ – შევუბღვირე და აჩქარებული გულის მხარეს გადავტრიალდი. „სადაა და ხელში გიჭირავს, მართლა შეჩემა“ – იქეთ შეუბღვირე, აქეთ შემოგიბღვერსო, ძველთაგან თქმულა... „დიდი მადლობა“ – ვუპასუხე და გავუთიშე. წამი არ იყო გასული, უფრო აგრესიულად აწივლდა ტელეფონის ზარი. „დამაძინე შეჩემა“ – დიდი რუდუნებით ვთხოვე. „რა დაგაძინე, მართლა შეჩემა“ – ეს შეჩემა კიდე ისე მაქვს აკიდებული, პრობლემების გარდა არაფერი მოუტანია. –„ვენესუელიდან ველოდები ზარს, ერთ კვირაში კარაკასში უნდა ვიყო“. „ქართულად დამელაპარაკე თუ ძმა ხარ... ისეც თავი მისკდება.“ „რეისში მივდივარ და უნდა დამირეკონ.“ კვაჭი მეზღვაურია. კაპიტნის რომელიღაც თანაშემწეა, როგორც ამბობს. ნახევარი წელი ზღვაშია, ნახევარიც სმაშია. მეზღვაურებს კარგად უხდიან ჯამაგირს. სახლში დაბრუნებული ფულითა და უსაქმურობით სავსე ქართველი მეზღვაურები, ძირითადად ლოთობით არიან დაკავებული. სხვა რა უნდა აკეთონ. ფული როცა გამოელევათ ზღვის ნოსტალგია შემოეყრებათ და ისიც ღებულობს თავისი უკიდეგანო სიუხვით. „შენს ნომერზე დავრეკავ?“ – თითქოს რაღაც მოვიფიქრე, რათა რამდენიმე წამით მაინც მომეშორებია. „აუ, რა დებილი ხარ... არ დავრეკავდი ჩემ ნომერზე?“ – რა ენერგიაზე იყო ამ ადრიან დილას, ნეტა ვინმემ იცოდეს. „რაო მერე?“ – თვალები ნაბახუსევის ცრემლმა გაავსო. „გათიშულია.“ „აუჰ...“ „არა, დაცლილი იყო...“ „ოოო“ „ო და ხბო.“ – კვაჭი სულ უფრო მეტად ბრაზდებოდა. „რა გინდა ჩემგან შეჩემა, ჩემზე გაქვს ეჭვი თუ რა იყო, მაგის...“ „მართლა შეჩემა, რა შუაშია ეჭვი? ტელეფონი დავკარგე და დამეხმარე, დროზე უნდა ვიშოვო, ვენესუელიდან უნდა დამირეკონ, ერთ კვირაში კარაკასში უნდა ვიყო მეთქი...“ ო, რა გაბრაზებული იყო... კიდე კაი ტელეფონში ვერ გამოძვრა, თუარა სახეს მომაჭამდა. გადავრჩი... მაგრამ ვაი ასეთ გადარჩენას... „როდის მოვედით სახლში?“ – ისე მკითხა, თითქოს არ იცოდა, რომ მეც ისევე არ მახსოვდა, როგორც მას. „რა გინდა კვაჭი ჩემგან? შენ ჩემთან ერთად არ იყავი? როცა შენ მოდი, მეც მაშინ მოვედი.“ „რომელი იყო საათი?“ – ჩამჭრელი კითხვები არ ელეოდა ამ სიცოცხლით სავსეს. „გეხვეწები, რამე გაიხსენე, თუარა დარხეული მაქვს ბოლომდე.“ – ისეთი სერიოზული მთხოვა, ქუთუთოებზე მომდგარი ნაბახუსევის სითხე, საცოდაობის ცრემლმა გაფითრებულ სახეზე გადმოღვარა. „ხუთ წუთში დაგირეკავ.“ – ვთხოვე და თვალები მხრებით გავიმშრალე. „ორ წუთში!“ – სამხედრო მბრძანებელივით ჩამსძახა საცოდავ ყურში. „არის უფროსო.“ – ვიგულისხმე და გავთიშე. ამოვისუნთქე. ირგვლივ მიმოვიხედე. საკუთარი კერა ვიცანი. გულზე ოდნავ მომეშვა. დროზე უნდა ავმდგარიყავი. ორი წუთი თქვა, მაგრამ ნახევარში დარეკავდა. კვაჭი გურულია. მისი გრძნობები აჩქარებულია მუდამ. ჩემი ბევრად შენელებულია, განსაკუთრებით პახმელიაზე. მაცივრის კარის გაღება და კვაჭის ზარი ერთმანეთს დააკვდა. გახუნებული პლასტმასის ბოთლში ჩარჩენილი რამდენიმე წვეთი ცივი წყალი მორალურად დამეხმარა. ენა დავისველე. ბოთლი შუბლზე მივიდე. „სად ვიყავით გუშინ?“ –კვაჭი ახლა გაცილებით მომზადებული იყო. რადგან ბოლო არცერთს გვახსოვდა, თავიდან გადაწყვიტა დაწყება. ეს უკვე მომეწონა. სერიოზულად ჩავფიქრდი და ონკანი გავხსენი. ონკანმა ამოაბოყინა. „ხელი მაინც მიიფარე.“ – გავიფიქრე და ისევ კვაჭის კითხვას დავუბრუნდი. რაღაც გამახსენდა. „ახლავე გეტყვი... აჩიკოსთან ერთად ვიყავით მთაში... ღრუბლები ძალიან დაბლა ჩანდა... მერე აჩიკოს მამა დაგვადგა... გახსოვს? და მერე, მგონი დედამისიც...“ – ვამბობდი და თან ვიხსენებდი. „სულ გამოშტერდი? რა აჩიკოს მამა და დედა! აჩიკოს დედის გასვენებაში ორი წლის წინ ვიყავით და მამა აჩიკოსაც ფოტოებიდან ახსოვს.“ – კვაჭი ნერვებს სიმწრით იკავებდა. „აუ, ბოდიში... სიზმარი ვნახე ეტყობა... ხო, კი, სიზმარი ვნახე, ახლა გამახსენდა... აჩიკოს დედა და მამა დაგვადგა... სადღაც მთაში ვიყავით და...“ „ახლა სიზმრის მოყოლა არ დაიწყო თუ ძმა ხარ, თუარა...“ – კვაჭის ხმა უფრო გამწარდა და კბილები აკრაჭუნდა. „ბოდოში... გეტყვი ახლავე...“ – არასოდეს არაფერი მომნდომებია ისე, როგორც იმ წამს რაღაც პატარა ფრაგმენტის გახსენება გუშინდელი დღიდან, მაგრამ ამაოდ. თავი ცარიელი იყო. –ორი წუთი მომეცი და მე თვითონ დაგირეკავ შენ თავს გეფიცები.“ „ჩემს თავს რას მეფიცები? დედაშენი ვარ თუ ბებიაშენი?“ „ბებიაჩემი!“ – გავბრაზდი და გავუთიშე. ეგრევე დავიწყე რეკვა საერთო მეგობრებთან. გაამართლა. ორ წუთში მივაგენი ერთ–ერთს, ვინც გუშინ ვნახე. კვაჭის ზარმა ისევ გააპო სივრცე. „ტელეფონს მითიშავ შე...“ კვაჭი უკვე სერიოზულად იმუქრებოდა. „ყველაფერი გავარკვიე. კოტესთან ერთად ვიყავით საღამოს. ბარათაშვილზე დაგვინახეს. დავურეკავ და გეტყვი.“ „რომელ კოტესთან?“ „ჩემ კოტესთან.“ „მიდი დროზე.“ კოტესთან დავრეკე. არ აიღო. მერე დედამისს დავურეკე და ყველაფერი გაირკვა. ღამის ოთხამდე კოტესთან გვილოთავია, თუმცა კოტესთან მაგარი მთვრალები მივსულვართ. ისევ დავრეკე კოტესთან. ბოლოს აიღო. არც კოტეს ახსოვდა გუშინდელი დღე. „ცოტახანი მაცალე, ძაან ცუდად ვარ.“ –კოტე ჩემს მდგომარეობაში იყო, მე კვაჭის. ქუთუთოები კვლავ დაინამა. „მესმის კოტე–ჯან, მარა კვაჭი ძაან ცუდ დღეშია. რეისში მიდის ერთ კვირაში. ზარს ელოდება უცხოეთიდან. იქნებ მოძებნო სახლში.“ –შევევედრე კოტეს. კოტეს მოერიდა უარის თქმა და დამპირდა მოძებნას. ცოტახანში კვაჭიმ დარეკა გახარებული ხმით. „ვნახე, ვნახე და ვენესუალასაც ველაპარაკე. დივანში ყოფილა ჩაკვეხებული მაგის დედა ვატირე. დენში შევაერთე, ჩავრთე და ორ წამში ზარი დაირეკა. ვენესუელიდან დარეკეს, ზეგისთვის ბილეთია დარეზერვებული და მივდივარ. ძაან მაგარი რეისი გამეჩითა. მეორედ მივდივარ. მომილოცე. მეორედ. შენი სიზმარი ნაღდი ყოფილა. ღრუბლებს ზევიდან ვუყურებ. გლიჯავს.“ – კვაჭი მეცხრე ცაზე იყო. მეორედ წასვლა, კაპიტნის მეორე თანაშემწის თანამდებობაზე წასვლას ნიშნავს. ადრე მესამე თანაშემწედ ცურავდა. დააწინაურეს. მეც ძაან გავიხარე. მივულოცე და ეგრევე კოტესთან დავრეკე. „შენთან ვრეკავდი და დამასწარი. ვნახე, აგერაა კვაჭის ტელეფონი.“ – არ მაცალა კოტემ თქმა. გამეცინა. „რა გაცინებს?“ „გამეხარდა.“ – უცებ ვუპასუხე. „დაცლილი იყო. შევაერთე დასატენად და ჩაირთო თუ არა, ეგრევე ზარმა დარეკა. ავიღე და ვიღაცა ინგლისურად მეკითხებოდა რაღაცებს. ვერაფერი ვერ გავიგე. ისა, ვენესუელაო, მერე რაღაც მარაკასიო. მეთქი „იზვინი“, რუსულად ვუთხარი „პერეზვანი“, მარა მგონი ვერ გაიგო. დაურეკე კვაჭის. დროზე მოვიდეს. იმედია კიდე დარეკავენ.“ „აღარ აიღო. გათიშე. არაა პრობლემა. დაიძინე. საღამოს მოვალ და წავიღებ.“ – ვთხოვე კოტეს. ვერაფერი გაიგო. ვერც მე გავიგე. გამოვრთე ტელეფონი და ისევ მარჯვენა მხარზე გადავბრუნდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი