თართი
1 დედა-შვილი ...რა დავაშავე ღმერთო ამფერი, რომ ჩემზე უბედური არ დეიარება ამ საცოდვავ ქვეყანაზე... ჩიტი მაინც ვყოფილიყავი, ვიფრენდი ჩემდა ცაში, ან თევზი მაინც ვყოფილიყავი, რა იქნებოდა ნეტა... -დე, ვის ელაპარიკები, დე? -ეჰ, შვილო, რა ვიცი... ღმერთს ვუჩივი ჩემ გასაჭირს... -დე, ღმერთი რამდენი წლისაა? -არ ვიცი... -მემგონი ასორმოცის, ან ას სამასის, ან ას მილიონის, ან ას ტრილიონის... -ღმერთს ასაკი არა აქვს... -უზომოთ დიდია. -უზომოთ დიდია და ლამაზია. შენსავით ლამაზია. -დე, ღმერთი რაფერია? -ღმერთი ყველაფერია. -თეთრია. მე მინახია ცაში რომაა... თეთრია. -არ ვიცი... -დე, ღმერთი სადაა? -არ ვიცი თქვა! -თუ არ იცი აბა რაფერ ელაპარიკები? -ვაიმე, ერთი დემეთხუე! სულ არ მაქ ახლა შენი თავი. წამოდგა დედა ფეხზე და გაუყვა ნაპირს. პეშვი წვრილი კენჭებით ჰქონდა სავსე და სიარულისას ნელ-ნელა ცვიოდა ხელიდან. გულში ჩარჩენილ სიმწრის ბოღმასთან ერთად შერჩა ხელში წვიტი კენჭები. დიდი სიამოვნებით გასრესდა მუჭში, მაგრამ რას დააკლებდა მარილიან ზღვაში გაქვავებულ სპეტაკ ქვებს. როგორც გაჭირვებას შეეჩვია და დაუხარა თავი, ისე შეეგუა ქვების სიძლიერეს და ნელა გაშალა შეკრული მუჭი. ბავშვმა დედას გააყოლა თვალი და კენჭების ცვენამ მიიქცია მისი ყურადღება. გაიტენა ორივე ხელი კენჭებით და კვიცივით აედევნა დედას. ჯერ ერთი ხელიდან ცვიოდა კენჭები, მერე მეორედან და როცა ორივე პეშვი დაეცალა, ახლიდან აიღო პაწაწინა კენჭები, რათა ისევ დაეყარა. დედა მიაბიჯებდა ზღვის ნაპირზე და შორეულ ფიქრებში ბორიალობდა. ბავშვი არ შორდებოდა. რამდენჯერ ნდომებია განმარტოვება, ცოტა ხნით მაინც, მაგრამ ერთი წუთით ვერ იშორებდა პატარას. -მეც მამფერი ვიყავი... -რაფერი? -შენფერი. დედაჩემს ვიყავი მიწეპებული მუდამ. წემეჩხუბებოდა ცხონებული, პაწახანს დემეთხუეო, მარა ვერაფრით ვერ მომიშორებდა საცოდვავი. მერე რომ გევიზარდე ჰოროსკოპში წევიკითხე, თურმე კიბოს თვეში დაბადებულები ყოფილან მამფერები. -რის თვეში? -კიბოს თვეში. ივლისში ხომ მაქ დაბადების დღე და მაგიტომ. -მერე მეც ხომ ივლისში მაქ დე დაბადების დღე? -ჰოდა მაგას არ გიჩივი, მე მგავხარ-თქვა! -მერე ივლისში რომ დევიბადე მაგიტომ კიბო ვარ? -კიბო ხარ კიბო და ვერ მოგიშორე... დემეთხუე ახლა აქანე! დედა წამიერად ჩაფიქრდა. მერე თითქოს გონს მოვიდა და გახუნებული ჩანთიდან ძველი წიგნი ამოიღო. ბინძური თითი ენით დაისველა და დაფლეთილი გვერდები გადაფურცლა. მოძებნა სასურველი გვერდი და დაიწყო ხმამაღლა კითხვა. -კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით, ყველაზე ამოუცნობი და მგრძნობიარე ადამიანები იბადებიან. -დე, რას ნიშნავს პირჩხიბის ზოდიაქო? -პირჩხიბის კი არა კირჩხიბის. წახან ხომ აგიხსენი კიბოს ნიშნავს-თქვა. კიბორჩხალა რომ დევიჭირე გახსოვს? მაშვინ თლა პაწა იყავი... -მახსოვს, ზღვიდან რომ ამეიყვანე და მაჩვენე და მე რომ შემეშინდა და ტირილი რომ დევიწყე. მაშვინ თლა პაწაწკინტელა ვიყავი ხო? -ხო... რაფერ გახსოვს მაი? -ისე შემეშინდა, მაგას რა დამავიწყებს. ამფერი დაგრეხილი ფეხები ქონდა და თანაც აქანებდა... -კირჩხიბს მთვარე მართავს. ამიტომ ამ ადამიანების ხასიათიც ანალოგიური ტემპებით და სიხშირით იცვლება. მთვარის გავლენითაა განპირობებული ისიც, რომ კირჩხიბების უმრავლესობას ესაჭიროება განმარტოება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ძლიერ მიჯაჭვულობას განიცდიან მშობლების მიმართ. თუნდაც დამოუკიდებლად ცხოვრების ასაკში, კირჩხიბისთვის დედ-მამის კულტი მთელი სიცოცხლის მანძილზე იარსებებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ყველაფერი, რაც საიდუმლოებითაა მოცული... -ვერაფერი ვერ გევიგე... -არაუშავს, შენთვის ჯერ ადრეა. გეიზდები და გეიგებ ყოლიფერს. შენი ტოლი რომ ვიყავი არც მე მესმოდა და გაგონილიც არ მქონდა აი ჰოროსკოპი. -არც მე მქონდა გაგონილი... -ახლა ხომ გეიგე? -ახლაც ვერ გევიგე. -კაი... არაა პრობლემა. გეიზდები და გეიგებ. -რას გევიგებ? -ვაიმე, დემეთხვე პაწახანს. წაი იგერ სილაში ითამაშე. -შენ არ წახვიდე არსად. -სად უნდა წევიდე. აგერ პაწას წავთვლიმავ. -დე, არ გშია? -ვაიმე, წადი პაწახანი დამასვენე-თქვა. მშიერი, ჩაუცმელი, ყველასაგან გარიყული, გარეული ცხოველებივით უფრთხოდნენ ადამიანებს. ზღვიდან გამორიყული ფიჩხით თბებოდნენ, ფეხსაცმელს, სათამაშოს და ათასგვარ ნივთს პოულობდნენ სანაპიროზე. დღეში ერთხელ თუ მოახერხებდნენ ჭამას და ისიც ნაგავში ნაპოვნ საკვებს. ვეღარ ხვდებოდა საცოდავი დედა, რისთვის ცხოვრობდა. ქვაც დიდი ხნის წინ დაეწია აღმართში და მიწაც კაი ხნის წინ ჩაუსკდა. 2 მაწანწალები -გახსოვს პირველად რომ გამოვედით აქანე? უშველებელი გორები იყო და ჩიტების მეტი აფერი არ იყო. რამდენ რაცხას ვპოულობდით. საიყო მაშვინ ჭკვა? ყველა დღე სმა და დროს ტარება. მთელი ქალაქი ჩემ კისერზე იყო. ახლა ჩვენ რომ გაგვიჭირდა ვის ახსოვხარ? ერთ ლუკმას არ მოგცემს არიკაცი. -შენი ბრალია ზმა, გულკეტილი რომ ხარ... ჟერკიდო როის გიჩიოდი ნუ შობი მასე-ტკვა, მარა დაჟერება რომ არ იცი, კი ხედავ ახლა, ა... -ჩემი გულის დედა ვატირე, თვარა მეფესავით ვიქნებოდი ახლა. ვერცხლის კოვზებით უნდა ვსადილობდე. -გახსოვს რამდენი ვერცხლის კოვზი მეიტანე მაშვინ? ტიტუ... სა ნახე?.. რა იკო ის, ა? -რა იყო და ღვთის წყალობა, მარა რათ გინდა... ვორ დღეში ამოვსანსლე. -სამი ცალი იმ მატხუარმა აგვცაპნა, რას უზახდი მაგას? მერე აღარც გამოჩენილა მაი ხაპიტავა... -საღა გამეეყოფოდა თავი? -ნახე რამდენი არიან? აკ რა უნდა ნახო ზმა? ნაგავსაყარზე, ამაღლებულ ადგილას ისხდნენ და უზარმაზარ ტერიტორიაზე გაფენილ ნაგავს დაჰყურებდნენ მთავარსარდლებივით. უამრავი მაწანწალა ეძებდა სარჩოს ქალაქიდან მოტანილ ნაგავში. ვალიკო და ვალია სეხნიები იყვნენ, მაგრამ ერთი მამაკაცი იყო და მეორე დედაკაცი. ვალიკო აქაური იყო, ვალენტინი ეწერა პასპორტში. ვალია ვალენტინა იყო და საღაც ღრმა რუსეთიდან ჩამოსულა დიდი ხნის წინ. უკან დაბრუნებას აქ დარჩენა არჩია. ქართულიც კარგად ისწავლა, მაგრამ რუსული აქცენტი ვერ. -არ უნდა გაგვებაზრებია, გიჩიოდი ზმა... -კაი ახლა და... შენმა წუწუნმა წეიღო ტვინი. -აგარც ვიცუცუნო ზმა? -იწუწუნე თუ გიშველის. -გულს მაინც გადავაკოლეპ. აბა რა ვკნა? გახმა კუჩმა. რა დრო დადგა. ადრე რავა იკადრებდა... -წინადღეს ვდგანვარ და ვეძებ რაცხას. მომადგა ვინცხა ყურუმსაღმა და ჩემ წინ ჩაარჭო ნამცხვრის ყუთს და არ ამწაპნა ჯოვ. გამევენთე და გეიქცა, მარა რას დეეწეოდი, ახალგაზრდა იყო. კასხანს ვზდიე, მარა აფერი. -ნეტაი იკო რამე კაროპკაში? -რა ვიცი, ვინ გაჩვენა? უხ, სახე ქი დევიმახსოვრე. იი თუ შემხვდა საცხა, გუულეღვავ განა ცხვირბუკს. -ცუხელი სიზმარი ვნახე ვალიკო, ვაპშე მაგარი იკო... რაცხა ნაცნობი სიტუაცია კი იკო, მარა ტან უცნობი... -მაი რაფერია? -საგაცა ტკეში ვიკავი და ბევრი ვიშნის ხე იკო... და კველა ხეზე... გახსოვს საგაცა რო ვიკავიტ ადრე და ნატრის ხეები იკო, შენ მიტხარი მაი რაცხა ნაჩრები რო კონდა მოხვეული, ე მასე იკო, მარა კველა ხეს ბევრი ცელაპანი კონდა მოხვეული... ხოდა იმპერი ლამაზი იკო, რა ვიცი... საგაცა სხვაგან ვიკავი... -რას ჩივი ცა, მაი ერთად არ ვნახეთ ადრე იქანე რომ ვიყავით, სა იყო მაი, ღმერთო გამახსენე, მგონია საცხა პალიასტომთან თუ საცხა მალთაყვაში ვიყავით და ხეები ქლა ცელოფნებით იყო გახვეული ძმა. არ მგონია ლამაზი ყოფილიყო, მარა რაცხანაირი სხვანაირი ქი იყო. -აუ, საცხა ვნახეტ ადრე, მარა არ მახსოვს, მარა ცუხელის სიზმარში მაგარი იკო. ვაბშე კაიფი იკო. ერტი დოდოს უნდა ვკიტხო რას ნიშნავს. -შენც ნახე მაგარი მრჩეველი. მაგ დოდომ ბევრი დაღუპა და არ გირჩევ მაგასთან ბოდიალს. -სა ვბოდიალოპ დოდოსტან, პროსტა ვკიტხავ რას ნიშნავს. იცის მაგან მამპერები. -მამაომ მითხრა მაგას არ გეეკაროვო, წმინდა წყლის სატანისტიაო. -მერე სატანაც რო ანგელოზია მაგიც კი ტკვა მამაომ... -მაი ადრე იყოვო და მერე გააგდო ღმერთმა და გამწარებულმა იმფერი ცოდვები ჩეიდინა, ვერ მეინანიებს ნახევარი დედამიწა. რას ჩივი თუ იცი ვაფშე?!. -ჩვენ რა ანგელოსები ვარტ? კველა ცოდვის შვილები ვარტ, მარა კი ვარტ... -ერთი, რაც გინდა იი ქენი, მე დამანებე თავი ძმა. -კაი არ ვკიტხავ, ნუ შემცემ მაგის გულიზა... -წამოი ერთი ზღვაზე გევიდეთ. -ახლა მოგინდა რაცხა და მაგიზა ხო ზმა? -ხო ძმა! -ერტი ჩეკუშკა შენზეა და არაა პრობლემა. პაცა ხასიატზე მაინც მევიდე. ვალიკო წამოდგა ფეხზე, ხელები გაშალა, დაიჭიმა და რაღაცნაირი ხმა ამოუშვა პირიდან. -რას იკურებიტ აკა, ვერ გევიგე... გეიზმორა კაცმა და კველა იკურება. დავაი ახლა... ვალიკომ ამოაბოყინა კუჭის სიღრმიდან და სიცილი მორთო. ვალია შეუერთდა და ორ ხმაში გააგრძელეს ხარხარი. *** ვალიკო ძლიერი აღნაგობის კაცი არ იყო, მაგრამ ძლიერი სული ჰქონდა. თანაც აქაური იყო და მაწანწალებში მასპინძლის სტატუსით სარგებლობდა. მაწანწალები ძირითადად ჩამოსულები იყვნენ. ზოგი ახლო სოფლებიდან, ზოგი შოეული ქალაქებიდან, ზოგს საერთოდ არ ჰქონდა წარმომავლობა და არც პატრონი ჰყავდა. ზოგიც ვალიას მსგავსად მეზობელი ქვეყნიდან იყო გადმოსული და ათასი სხვა. ძალიან რთული და ამავე დროს ძალიან საინტერესო ხალხი იყო შეყრილი ერთი ინტერესით, როგორმე გადაერჩინათ თავი შიმშილისა და უსახლკარობისგან. ჩვენთან ზამთარშიც არ ცივა ძალიან. საბჭოთა კავშირის დროინდელი მიტოვებული ქარხნები უამრავი იყო. ერთი შალის „ადიალა“, როგორც თავადვე ეძახდნენ, ერთი „უშანკა“ და მიტოვებული ქარხნის ნანგრევებში პატარა კუთხე, წვიმამ რომ არ დაასველოს. ადიალა გადასაფარებლად იყო, უშანკა კი ქუდის და ბალიშის მოვალეობას ერთად ასრულებდა. ჰოდა, მიტოვებულ ქარხნებში შეიქმნა ჯგუფები. მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე შეხიზნებულებს „მაშინასტრაიტელებს“ეძახდნენ (რუსულად ასე ქვია და კომუნისტების დროიდან ასე ეძახდნენ ამ ქარხანას), ტრანსფორმატორის ქარხანაში გამაგრებულებს „ტრანსებს“, კონსერვის ქარხანაში მაცხოვრებლებს „კონსერვატორებს“. დაძაბულობა დაიწყო მაშინ, როცა მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია იყიდა უცხოელმა ინვესტორმა და გადაწყვიტა გაეახლებინა ძველი ქარხანა. მას უნდა დაეხარჯა რამდენიმე მილიონი დოლარი, ჩამოეტანა ახალი დანადგარები და შეექმნა თანამედროვე ქარხანა. მთავრობამ სიმბოლურ ფასად გადასცა უცხოელ ინვესტორს ეს ქარხანა და „მაშინასტრაიტელები“ აღმოჩდნენ თავშესაფარის გარეშე. როცა უცხოელი ინვესტორი ესტუმრა საკუთარ ქარხანას, იმდენი მაწანწალა დახვდა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. იმ ღამესვე სპეციალური დანიშნულების რაზმი მიადგა ქარხანას და შუა ძილში დაიწყეს ქარხნის ხიზნების ცემა. უსახლკაროები გარბოდნენ და გზაში ფხიზლდებოდნენ. -ღმერთო შენ სახელს ვენაცვალე, ნეტა დაგეტიებიე სიზმარში და დევისვენებდი სამუდამო სასუფეველში. ჩაილაპარაკა თავისთვის ერთმა მაწანწალამ. გვერდით მჯდომმა შედარებით უხუცესმა წამოარტყა თავში და შეუსწორა. -ღმერთს რაფერ ენაცვალე? გაგიჟდი? ღმერთო შენი სახელის დიდება იყოს! ე, ასე უნდა მიმართო. -ღმერთო შენი სახელის დიდება იყვეს, მარა ამის სასწალებელი რომ გავხდი, მაგას რა ვუყო, თვარა... -თვარა რა? -რა და აფერი... აწი რა გვეშველება ის მითხარი? -ვერ გევიგე, ამდენი მიტოვებული ქარხანაა. რა იყო, მაგინებმა პრივატიზაცია გუუკეთეს თუ რა მჭირს? -არ გეიგე, გუშღამ ტრანსებში მისულან ერიგზობა ხალხი და იქინე იმნეირი ქოთლახი წევიდა, კაღამ შამუაკტათ ვორი კაცი. -კაღამ კი არა, მართლა შამოაკტათ. ხელათ გადმოასვენეს ელექტროკარში და ვითამ პოლიციას ემსხვერპლა. პოლიციას ისეც ქი ყავდა შემომკტარი ორი მისი ტრუპი და გოუხდათ ოთხი. ახლა მაგათ პატრონი საყავთო და დამარხეს ოთხივე ერთად საცხა ქარხნის ტერიტორიაზე. -მერე მაი რო გეიგონ არასამთავრობოებმა ასტეხენ ალიაქოთს. -მეიკლავენ თავს... ქი გეიგეს ყორფელი, მარა მაი არაა ჩვენი საქმეო... -ჰო, ახლა ჩვენთან რას გამოადენენ... ფულის გარეშე თითს არ გაანძრევენ მაი არასამთავრობოები... -გეგონოს... ჩვენთან ჩივიენ მაგას და იმ ინვესტორს იმდენ ფარას თხოვენ ძმა, რას ჩივი... ააძრობენ სულს. -ინვესტორი რა შვაშია. მაგამ ხომ არ მოკლა. -მაგან ხო დოუკვეთა კიმარა? -მერე მოკალითო კი არ უთქმია ძმა. -რა იცი შენ რა უთქმია? -მაი არ ვიცი, მარა ამაღამ მაგარი ამბავი იქნება. -რა ამბავი? -ჯო, გუშღამ იი ვორი კაცი რო მიასამარეს მაი ასე ადვილად არ დამთავრდება. -მაგაში მართალი ხარ. -ღამე უნდა დევესხათ მაგ ნაბიჭვრებს და ამოვხოცოთ. სხვანაირათ არ იქნება. ორი კაცი მოგვიკლეს და იმდენი ნაცემია კიდევ რომ, არ ვიცი რა იქნება. მინდია და ბიჭები ირაზმებიან. ყველამ რკინის იარაღები მეიმარჯვეთ და წავდივართ გამთენიოს. ყველა უნდა ამოვხოცოთ მაი ტრანსებიო. ასეთი საუბრები მიდიოდა და მართლაც ემზადებოდნენ ერთმანეთთან დაახლოვებული მაწანწალები. ეს ამბავი ვალიკოს ყურამდე მივიდა. ბევრი არ უფიქრია. დაადგა თავზე კბილებამდე შეიარაღებულებს და მიმართა სიტყვით: „ძმებო და დებო! ყველა მიცნობთ მე. იცით ვინ ვარ. ამ ქალაქში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ. ჩემი ბაღნობა აქ გავატარე და ეს იყო ჩემთვის ბედნიერი დრო. ამ პატარა ქალაქში ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყველა ერთმანეთს აფასებდა და ყველას ერთიმეორე უყვარდა. მერე მთელი ქვეყანა შეიცვალა და ეს ქალაქიც შეიცვალა. დღეს ამ ქალაქში დიდი სიძულვილი ტრიალებს. ხალხი ერთმანეთს არ ცნობს, ხალხი ერთმანეთს არ აფასებს, ხალხს ერთმანეთი ძულს. ჩვენ აქ ლუკმა პურის ძებნაში ვართ და დღეს დღეზე ვაგორებთ. ამ ქალაქში ბევრი მდიდარი ჩამოვიდა და ჩვენ გაგვყარა საკუთარი სახლებიდან. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქ ფული. გუშინ „მაშინასტრაიტელებიდან“ ხალხი გაყარეს. ჩემ ბაღნობაში მაქ დავდიოდი და ვთამაშობდი. დღეს გადამთიელს მიცეს და ჩვენ გამოგვაპანღურეს ცემა-ტყეპით. ტრანსებმა დიდი შეცდომა დოუშვეს. მე მათთანაც ვიყავი და ველაპარიკე. ისინი აღიარებენ შეცდომას და ბოდიშს იხდიან. მეორედ არ უნდა განმეორდეს ასეთი ამბავი. ორი კაციდან ერთი „მაშინასტრაიტელებისაა“ და მეორე ტრანსფორმატორებისა. ამიტომ ბარიბარშია. ჩვენ უფრო დიდი მტერი გვყავს: მთავრობას და პოლიციას უნდა, რომ გადაგვკიდოს ერთმანეთს და ასე დაგვხოცოს. გონს უნდა მოვეგოთ დროზე, თუარა ჯერ ერთმანეთს დაგვახოციებენ და მერე, ვინც დარჩება ცოცხალი, დეიჭერენ და ციხეში ამოალპობენ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ შერიგება. ჩვენ ყველა ერთი ვართ და ერთი პრობლემა გვაერთიანებს. ხვალ სხვა ქარხანას მისცემენ უცხოელ ინვესტორს და ზეგ სხვა ქარხანას. მერე სად მიდიხართ. მერე ვისთან ეძებთ სამართალს. ამიტომ დროზე გავერთიანდეთ და ერთმანეთს გვერდით დოუდგეთ, სანამ ყველას არ გადაგვიარეს!“ ვალიკო არ ელოდა ასეთ გამოსვლას. თითონაც გაკვირვებული დარჩა, მაგრამ იმდენად დიდი იყო საშიშროება, რომ ბაგეებიდან თავისით იფრქვეოდა სიტყვები. თავიდან ეშინოდა გამოსვლა. ამდენ გამწარებულ ადამიანს წინ რა დაუდგება. ერთი დაუფიქრებელი შეძახილი და სასიკვდილოდ გადაუვლიდნენ. მაგრამ ვალია გვერდით ჰყავდა, რომელიც მუდამ არწმუნებდა სიმართლის ძალაში. ასე შეარიგა მან ორი ქარხნის მაწანწალები და სხვა ქარხნებსაც შეუთვალა, რომ სასწრაფოდ მიეღოთ „უსახლკაროდ“ დარჩენილები. ამ ამბების შემდეგ მაწანწალების ერთგვარი ლიდერი გახდა ვალიკო და ხშირად საქმის გასარჩევად მასთან მიდიოდნენ, რომელსაც ამ ბოლო დროს თავშიც აუვარდა და ბელადომანიური თვისებები გამოავლინა. 3 დოდო მკითხავი -კარგად გაშალე ხელი. დამანახვე რა გაქ მაქ! რაია მიმალავ? -მეტი რა გავშალო? არ იშლება მეტს. -დეიწვი თუ რაია? -ჰო, ბაღნობაში ფეჩს დავადევი... -მეტი ვეფერი ვერ ნახე დასადები? -ბაღანა ვიყავი, რა ვიცი, არც მახსოვს... -აბა რა გითხრა ამ ხელზე. წაშლილი გაქ ყველაფერი. მემარცხენე ხარ თუ მემარჯვენე? -მემარჯვენე ვარ, მარა მარცხენას უფრო ვხმარობ დამწვრობის გულიზა. -ვაი შაო... ფეხზე რა გჭირს? რაიზა კოჭლოფ? -ბაღნობაში ხიდან გადმოვარდი და იმის მერე ასე დავრჩი ცალ ფეხზე. მეორე მომირჩა. -ორივე ფეხი მეიტეხე? -კი, ორივე მევიტეხე, მარა ერთი მომირჩა და მეორე დარჩა ასე. -კაი, ცხვირზე რა დაგემართა? -ცხვირი სკოლაში ვიჩხუბე და მაშვინ რაცხა ერთი ვცემე და გამიტეხეს ცხვირი და მერე ასე დარჩა. -რაიზა იჩხუბე? -არ მახსოვს. პატარა ვიყავი მაშვინ. -რომელ კლასში იყავი? -მეოთხეში ვიყავი პირველად რომ დამიმტრიეს. -მეორეთ როის დაგიმტვრიეს? -მიორეთ მეექსეში? -მესამეთ? -მესამეთ სტექლოს შევეჯახე და მაშვინ ვიყავი გამოსაშვებში, იმიტომ, რომ გამოცდებს ვეღარ ვესწრებოდი და ისე დამიწერეს ნიშნები, შევეცოდვე. -მეც ქი მეცოდები, მარა რა გიყო? წაი ახლა და ეკლესიაში დაანთე სანთელი. შენ იმფერი კაცი ხარ აწი ღმერთი თუ გიშველის, თუარა, მე რამეს ვერ გიშველი. -მაი რაფერ? -რაფერ და მიხვალ მარიამის ხატთან და დაანთეფ სამ სანთელს. პირველს რომ დაანთეფ ჩეიფიქრე პირველი თხოვნა და გულში უთხარი, მერე მეორეს რომ დაანთეფ მეორე ჩეიფიქრე და მესამეს რომ დაანთეფ მესამე ჩეიფიქრე. ასე გააკეთე ყოველ კვირას დილის 12 საათამდე. -რომელ ეკლესიაში? -რომელშიც დადიხარ. -ანცეთში არ დავდივარ. არ ვარ მონათლილი. -მაჰმადიანურათ ხომ არ ხარ მონათლული? -არა, ანცეთათ არ ვარ მონათლილი. -სახელი რა გქვია? -გელოდი. -ო, ნამდვილი ქართული სახელია. -დიახ. -ახლა ან მეინათლე ან რაცხა ქენი. ხომ ხედავ რაფერ წვალოფ? მაი სულ მაგის ბრალია. პატრონი არ გყავს. ღმერთთან არ ხარ და მისი მფარველობა რაფერ გექნება? მშობლები არიან მონათლულები? -არა. -რატომ? -რა ვიცი მე. ადრე აკრძალული იყოვო და ვინმე არ ინათლებოდაო. ახლა შამოვიდა მოდაში და ახლა დეიწყეს მაი ამბებიო. -ჰო, კომუნისტების დროს საიყო მონათლვა. ჩუმათ ნათლავდენ. ერთი ჩემი ახლობლის ქმარი კაი თანამდებობაზე იყო მაშვინ, კომუნისტებისას, ჰოდა მონათლა შვილი და არ გეიგეს პარტიაში ეს ამბავი და არ მოსხნეს. პარტიიდანაც გარიცხეს და თუთხმეტი წელი კიღამ მიარჭვეს. იყო მამფერი, იყო... -მე არ მახსოვს. -ერთი სიტყვით, შვილო წადი ახლა და საცხა მეინათლე. რაღაცა უნდა იწამო. ან ერთი, ან მეორე, ან მესამე. ახლა ასარჩევადაა. რომელიც გინდა. ყველა ერთ ღმერთს ემსახურება. არა აქვს მნიშვნელობა. ახლა, მაგალითად, მე ყველას ვმკითხაოფ. ჩემთან მართმადიდებელიც მოდის, მაჰმადიანიც მოდის, შენ ხარ ჩემი ბატონი, კათოლიკიც მოსულა და ებრაელიც, სომეხიც და ვინ არ მოსულა. -რომ გუუჭირდება მოვა აბა რას იზამს. -აბა დალხენილი ჩემთან ჯერ არ მინახია, მარა ჩემთან სიარულის მერე ბევრს დაულხენია, იმიტომ, რომ სწორ გზაზე ვაყენეფ. -მეც დამაყენე და... -ხომ გითხარი, ჯერ უნდა მეინათლო. სულერთია რომელს იწამეფ, მთავარია იწამო. -თქვენ რომელს მირჩევთ. -მე ქრისტიანი ვარ, მართლმადიდებელი, როგორც თითქმის ყველა ქართველი. შენც იგივეს გირჩევ რასაკვირველია. -კაი მაშინ მევინათლები და მერე მოვალ. -კარგი ბატონო. -სად მევინათლო? -რომელ ეკლესიაში? -ხო. -რომელიც ახლოსაა შენ სახლთან, რომ მერე სიარული შეგეძლოს ადვილათ. -კაი, რაცხას ვნახავ. -კაი ახლა, მელოდებიან სხვები. კარქათ. -რამდენი უნდა გედევიხადო? -არაფერი არ მინდა ერთი წაი და თავს მიხედე. -მადლობა დოდო დეიდა. -კარგათ დეიდა. დოდო მკითხავი განთქმული იყო ქალაქში. ყველა ასე იცნობდა. ბევრს არც ენახა, მაგრამ გაგონილი ყველას ჰქონდა დოდო მკითხავის სახელი. დოდოს არ მოსწონდა მკითხავის სახელი. -მე მკითხავი არა ვარ. მე უფრო მრჩეველი ვარ. მე შემიძლია დაგისვა დიაგნოზი, მკურნალობა თვითონ უნდა შეძლო. ყველა ადამიანი თავისი თავის მკურნალი და ექიმია, ბებიაჩემი ამბობდა და მაგან მასწავლა და გენეტიკურათაც მაგისგან მაქს ეს. თორმეტი ბადიშიდან მე ამარჩია. აბა, ყველას კი არ აქვს ეს ნიჭი. ეს თანდაყოლილი თუ არ გაქს, არ გამოვა აფერი. სმენა თუ არ გაქს, იმღერეფ? ვერა. ვერც ურჩევ ვერავის, თუ შენ არ გაქს დაბადებიდან ამის ნიჭი. აგერ ა, ხელის გულზე ჩანს ყოლიფერი. აგერ ეს სამკუთხედი რომ დეინახა თურმე ბებიაჩემმა, ხელში ამიყვანა და თქვა, ეს მაჯობებსო. ყარსში დაბადებულ-გაზრდილი იყო მაი და მაგასაც ბებიამისიდან ქონია გადმოცემული. ევა ერქვა, ამბარიდი იყო გვარათ, მერე იქანე ომი დეიწყო და აქანე წამევიდენ, ზღვისპირისკენ. ბერძნები იყვნენ მაგენი, რუმებს უძახდენ მაგინს. მაგის ბებია ჰემშირლი ქალი ყოფილა, სედა ერქვა, გვარი არ ვიცი, მარა ჰემშირლებს მაჰმადიან სომხებს უძახდენ. რა ვიცი, ყველანაირი სისხლი მაქს. მამაჩემის მხრიდან უკრაინელი, ყირიმს თათრები, აქეთ ლაზები და რა ვიცი, ყველაფერი ერთათ. -სუფთა ქართველი ყოფილხართ. -ვინაა დღეს სუფთა ქართველი? ქალაქელები ყველა არეული და დარეულია და საცხა სოფელში თუ არის მაი სანახავია და მედალი უნდა დაკიდო, მარა მაი კიდო საკითხავია. აი საქართველო ისეთ ადგილასაა, ხან იქიდან გადოუვლიდენ და ხან აქიდან. არაბები, სპარსები, მონღოლები, თურქები, რუსები და თათრები და ბერძნები და სომხები და ვინ არაა ჩვენ სისხლში. კაი, მაი ჩვენი საქმე არაა, ჯობია ჩვენ თავს მოუაროთ. -მაშ მითხარით რამე. -რა გითხრა, რით გაგახარო?.. დოდო მკითხავმა კაი გულიანად ჩაიცინა და საქმეზე გადავიდა. -მემარჯვენე ხარ თუ მემარცხენე? -ორივეს მშვენივრად ვხმარობ. -რომელი ხელით წერ? -იცით რა, მარცხენათი უფრო კარგად გამომდის, მაგრამ სკოლაში მარჯვენა ხელით მაწერინებდნენ და ამიტომ ახლა ორივეთი კარგად ვწერ. -შენ აწყობილი გქონია საქმე და ჩემთან რაღა გინდა? ისევ გადაიხარხარა დოდო მკითხავმა და უცებ დასერიოზულდა. -მაჩვენე ხელი. -რომელი? -მარცხენა. -აი, მარცხენა. დოდო მკითხავმა კლიენტის ხელი დაიდო მუხლებზე და კარგად დააკვირდა. იგი ხერომანტიის ძლიერი სპეციალისტი იყო. გარდა იმისა, რომ ბერძენმა ბებიამ ბევრი ასწავლა, თავადაც კარგად ჩაუღრმავდა და სხვა სპეციალისტებისგანაც ბევრი ახალი აიღო. -ვაიმე, შენ ისეთი ხელი გაქვს, რომ აქით უნდა მასწავლიდე. -მართლა? აი, სულ ვგრძნობდი ამას და ვისთანაც ვთქვი, ყველამ დამცინა. -არა, რას ამბობ? მარა, ამას განვითარება უნდა, თუარა დეიტანჯები. -ზუსტადაც ვიტანჯები და მაგიტომ ჩამოვედი თქვენთან. -საიდან ჩამოხვედი? -დედაქალაქიდან. -რას ამბოფ? იქანეც არიან კაი სპეციალისტები. -ვიცი, მაგრამ აქ ვარჩიე. -მე მოგცემ შენ ერთ ტელეფონს და იმას დოურეკე დედაქალაქში. ის ასწავლის და მეც ბევრი მასწავლა. მე კი ვიცი ეს ამბები, მარა სხვაზე სწავლა არ შემიძლია. -გასაგებია. რამდენი მოგართვათ? -ახლა ამხელა გზაზე ჩამოდი? რა ვიცი... რამდენიც გაგიხარდება... დოდო მკითხავმა ამოიღო კალამი და ფურცელი და მიაწერა ტელეფონის ნომერი. -აგერ, ა, ამ ნომერზე დარეკე და რა ვიცი, ყველაფერს გასწავლის, თუარა მართლა ცოდვა ხარ. ეს არაა ადვილი ამბავი... მამაკაცი ფეხზე წამოდგა და 100 დოლარი ამოიღო საფულიდან. დოდო მკითხავს თვალები გაუფართოვდა და თმა ყალყზე დაუდგა. -ვაიმე რა ამბავია... მაგის ხურდა სავნახო?.. -არ მინდა ხურდა, უბრალოდ ცოტა მითხარით რამე ჩემს შესახებ. -ვაიმე, ცოტას კიარა ყოლიფერს მოგიყობი რაც ვიცი. ამდენი ფული ერთი რაიკომის მდივნისგან მახსოვს კომუნისტების დროს და ახლა შენ კიარა და თქვენ მეორე ბრძანდებით, დაბრძანდით ბატონო. -აი ჩემი მარცხენა ხელი. -ესეიგი, შენ ახლა მარცხენა ხელი გაქვს ცხოვრების ამბავში, მარჯვენა კი გენეტიკურ ამბავში. რა ხტება შენს თავს ყოველდღიურათ, მაგას ის ხელი გვაჩვენებს, რომელიც უფრო დატვირთულია ყოველდღიურათ, ანუ თუ მემარჯვენე ხარ, მარჯვენა, თუ მემარცხენე, მარცხენა. ახლა, რავარც ვხედავ, მემარცხენე ბრძანდები. -დიახ, მეც ესე მგონია. -აი აგერ ქვევიდან რო ამოდის ხაზი, მაი ბედნიერების ხაზია და ნახე რაფერ დამაჯერებლად მიდის აგერ შუა თითამდე. ეს არის ას პროცენტიანი. -ას პროცენტიანი რა?.. -ას პროცენტიანი სიმდიდრე. -დიახ, მაგრამ მხოლოდ სიმდიდრე არაა ბედნიერება. -რასაკვირველია, მხოლოდ სიმდიდრე არაა ბედნიერება და საჭიროა სხვა ამბებიც. ახლა აგერ სამკუთხედს ხომ ხედავ, ეს ამბობს რომ შენ ხარ დაჯილდოვებული ზებუნებრივი ნიჭით, მარა ამას აძლიერებს ეს, ნახე აგერ, ოთხკუთხედი და შიგნით ჯვარს ხედავ? გავგიჟდები ახლა... -მაგას ვხედავ რამდენი წელია, მაგრამ რას ნიშნავს არ ვიცი. -მაგას ნიშნავს ზუსტათ, რომ ზებუნებრივი ნიჭით ხარ დაჯილდოვებული. ამას მიხედვა უნდა, თუარა დაგტანჯავს. აგერ ა, ამხელა სიმდიდრის ხაზი გაქს და მაინც არ ხარ ბედნიერი. რას ნიშნავს ეს? შიგნით რაღაცა გაწუხეფს. რატო? იმიტომ, რომ ეს ძალა შენში ცხოვრობს და მას არა აქს განვითარების საშუალება. ცოცხალი ორგანიზმი თუ არ ვითარდება, იტანჯება. შენში ის ზებუნებრივი სიცოცხლე ახლა იტანჯება, იმიტომ, რომ ვერ განვითარდა. -ზუსტად ეგრეა. მატერიალურად არავითარი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ვიტანჯები შინაგანად. ჯერ მკურნალობა დავიწყე. ყველაფერი კარგად მაქვს. რენტგენი, ექოსკოპია, ყველაფერი, მაგრამ არაფერი... -ჩემთან ვინ მოგასწავლათ? -არ დამიჯერებთ! სიზმარში გნახეთ. დოდო მკითხავი ჩაფიქრდა. -მისამართი საიდან გეიგე? -სიზმარი, სხვა არაფერი. ყველაფერი სიზმარში ვნახე და როცა მოვედი აქ, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. სიზმარშიც ასეთი იყავით ზუსტად, იგივე გეცვათ და ასევე დამიწერეთ თქვენი მისამართი. -ფურცელი აქ გაქვთ? -სიზმარში იყო... -ხო, რასაკვირველია. -მაგრამ, კალიგრაფია იგივეა. -აი საქმე უმფრო ხოშორად ყოფილა. არა, ინეზა უფრო სწორ გზაზე დაგაყენეფს. მე მაგდენი რავიცი?.. მაგას მოსკოვში აქს ნასწავლი თავის დროზე. -ინეზა... გვარი არ იცით? -არ მახსოვს ახლა გევითიშე. სომხური გვარი აქს რაცხა, იანზე მთავდება, მარა სომეხი არაა, ქურთი თუ, რა ქვია მაგას, იეზიდია, ვერ გევიგე მართალი გითხრა. არ უყვარს მაგაზე ლაპარიკი, მარა ისე ძაან კაი ქალია. -კარგი ქალბატონო დოდო. -კარგათ ბრძანდებოდეთ. ბედნიერათ იყავით და ბრძანდებოდეთ. კაი ბედი, კაი იღბალი. დოდო მკითხავმა გააცილა მამაკაცი, რომელიც საკმაოდ წარმოსადეგი, სიმპატიური და კარგად ჩაცმული გახლდათ. დოდო მკითხავი წიწაკასავით გახურებული და სახეზე გაწითლებული იყო. ცოტა დასვენება და გაანალიზება სჭირდებოდა. ისე უცებ დააცხრა ასეთი კაცი და ისეთი სიზმარი მოუყვა, თავადაც დაიბნა. მაგრამ გულის სიღრმეში რაღაც უხაროდა. თუ ასეთმა ადამიანმა სიზმარში ნახა, უფრო სწორად, სიზმარში მოევლინა, ეს უკვე რაღაც სერიოზულს ნიშნავდა. 4 მატარებელი -დე, იცი რა ვნახე გუშინ სიზმარში? დედა ჩაფიქრებული იჯდა და ბავშვს არ სცემდა პასუხს. ბავშვმა დაქაჩა ნეკა თითზე. -დე, იცი წუხელის რა ვნახე სიზმარში? ვითომ შენ თევზი დეიჭირე. დიდი თევზი იყო. ძაან დიდი. გახარებული ვიყავით, მარა თევზი შენსავით ცალთვალა იყო და შეგეცოდვა და გოუშვი უკან ზღვაში. მე ტირილი დევიწყე. მშიოდა და ვიტირე... -ტირილი კაია... სიზმარში... -ახლაც მშია და ვიტირეფ ახლა... დედა სწრაფად წამოდგა, ხელი სტაცა ბავშვს და გაიქცა. -ჩქარა წევიდეთ, იქნება მიუსწროთ. ბავშვმა ვერ მოასწრო ფეხსაცმლის ჩაცმა და ხელში აიღო დახეული ქოშები. დედამ დაქაჩა და გაიქცნენ. კარგახნის სირბილის შემდეგ ლიანდაგები გამოჩნდა. სირბილით აუყვნენ ლიანდაგს და მალე მათ წინ სადგურიც დაიხატა. ძველი მატარებლის ძრავის ხმა დაიქოქა. -მოვასწარით. - ჩაილაპარაკა დედამ და ბავშვი ხელში აიყვანა. მატარებლის გამცილებელი ხელით ფანარს ამოძრავებდა მემანქანის დასანახად. დედა გამცილებლის ზურგს უკან დადგა, ჯერ ბავშვი ისროლა მატარებლის ვაგონში, მერე თითონ ისკუპა და მატარებელში გაუჩინარდა. გამცილებელი მალევე შევიდა მატარებელში და კარები დაიხურა. ძველი მატარებლის ძრავი ისე ხმაურობდა, მატარებელს გვერდები უკანკალებდა. მატარებელთან ერთად ძველი სადგურის კედლებიც საცოდავად ზანზარებდნენ. დაიძრა მატარებელი და ნელი სვლით სადგურიდან გაიზლაზნა. -დე, მატარებელს რამდენი ბორბალი აქვს? -საიდან მოგდის შვილო ასეთი კითხვები? ჩუმათ იყავი. არ დაგვინახოს. -ფუ, რა სუნია! ზედ ყურში ჩაჰყვირა დედას მგზავრმა. სკამებში ჩამალული დედა-შვილი გამცილებლის საპირისპირო მხარეს წავიდნენ და ტუალეტში შეიპარნენ. -დე, შეიძლება მოვფსა? -კი, აბა რეიზაა ტვალეტი. -რო დავჯდე ამაზე შეიძლება, ხო? -მიდი დროზე ქენი, სანამ მოგვადგენ. -ვინ მოგვადგენ? -ჩქარა მოფსი მეთქი! დედამ მოკიდა ბავშვს ხელი და დასვა უნიტაზზე. -კარი გააღეთ სასწრაფოთ! - გამცილებლის ხმამ დაასწრო კაკუნს. რუსის ქვემეხივით გაება კლიტეების აცმის ჯერი. ბავშვმა შიშისაგან ჩაიფსა და ტირილი მორთო. გამცილებელი შეცბა. გასაღების ჯერი შეწყდა. დედა გალიაში ახალჩამწყრეულ ჩიტივით ფრთხიალებდა და ფანჯარაში იყურებოდა. მატარებლის ბორბლების ხმა თავის რიტმს არგებდა პაწაწინა ბავშვის ალალ ხმას. პირველივე გაჩერებაზე ჩამოყარეს დედა-შვილი მატარებლიდან. სულ გინებითა და ფურთხებით გააძევეს საცოდავები. -დე, რატომ გადმოგვყარეს ელექტრიშკიდან? -ჩვენ მაინც აქ ჩამოვდიოდით. დოდო მკითხავთან მივიდეთ და ვკითხოთ შენი სიზმარი რას ნიშნავს. -დოდო მკითხავმა იცის ჩემი სიზმარი? -არა, შენ იცი სიზმარი და მოუყვები დოდო მკითხავს. ის მერე ახსნის შენ სიზმარს. -მაი რას ნიშნავს? -გეტყვის კარგია თუ ცუდი? -მერე რა იქნება? -თუ კარგი იქნება, კარგია. თუ ცუდი იქნება, ცუდია. -რომ არ მითხრას დოდო მკითხავმა არაფერი, არ შეიძლება? -მაშინ არ მოუყვე. - მაშინ არ მოუყვები. -ჰო, კაი... -დე, ახლა სად მივდივართ? -ხომ გითხარი დოდო მკითხავთან-თქვა. -აუ, არ მინდა დოდო მკითხავთან, დე, გეხვერწები. -საქმე მაქვს და უნდა ვნახო. შენ ნუ გეშინია, არ მოუყვეთ შენი სიზმარი. 5 თართი -რა გატირეფს გო? შამოი ჩქარა! -კაი შვილო, რა დაგემართა? ნახე დოდო ბებოს რა გემრიელი კამფეტები აქ. -მერე მტირალა ბავშვეფს კი არ ვაძლევ. ვინც არ იტირეფს, ის მიიღეფს. - დოდო მკითხავმა ხელი მაღლა აწია, შეკრული მუჭი გაშალა და ფოკუსნიკივით გააჩინა რამდენიმე კანფეტი. ბავშვი მაშინვე გაჩუმდა. -აი, ახლა კაი გოგო ხარ. რამდენი წლის ხარ მითხარი და იმდენ კამფეტს მოგცემ. -ასი... -ოჰ... -სიცილი წასკდება დოდო მკითხავს. -რამდენი წლის ხარ მითხარი, თუარა საერთოდ ვერ მიიღებ. -კაი ხო, ერთი მომე და გეტყვი. -დედა გადამრია ამ ბაღანამ. -დოდო მკითხავი მოიხარა ბავშვის სიმაღლეზე, ერთ კანფეტი მისცა და ახედა დედას. -ვისი ბაღანაა? -ჩემი. -რას ჩივი? სიდან? როის? ამდენი ხანია არ ყოფილხარ ჩემთან ცა? თვალზე რა გჭირს შე საცოდვავო? ვაიმე, არ შემიძლია... -თვალზე ცრემლს მოიწმენდს დოდო მკითხავი და ისევ ბავშვს მიმართავს. -რა გქვია? -პირჩხიბი. -რა? პირჩხიფი? -უფრო სწორად კიბო. -ვაიმე შევჭამ ამ ბაღანას... ბავშვმა უკან დაიხია. დოდო მკითხავმა ისევ დედას მიმართა. -დამიტიე აი ბაღანა. -აუ, არა! -ბავშვი დაიძაბა და სატირლად მოემზადა. -ჰო, კაი, ვის რაში ჭირდება შენისთანა უცხვირპირო ბაღანა? კაი, შამოით ოთახში. დოდო მკითხავი წელში გაიმართება და ოთახში შევიდა. სტუმრები შეყვნენ. -ძირს დაჯექით ახლა, სკამები არ დამისვაროთ. გოგო რა დღეში ხარ? რაია აი? რას გავხარ? ალბათ ათი წელია საერთოდ არ მინახიხარ. თვალზე რა დაგემართა? კიდე კაი საცოდვავი დედაშენი არ ხედავს ამას. აი ბაღანა სა გააჩინე, ან რას ერჩოდი რომ გააჩინე? არ ვიცი... -იცი! -რა ვიცი ცა? -უნდა მითხრა ვისგანაა? სამი იყვენ... სამიდან ერთიდანაა... -სამმა გაგაუპატიურა? -ჰო! -დედას თვალებიდან და ცხვირიდან ერთად მოსდიოდა ცრემლი. დოდო მკითხავმა ნაჭერი მიაწოდა. -მეიწმინდე ცხვირი და დეიტიე მაი ნაჭერი. სამივეს იცნოფ? -არ ვიცნობ, მარა ვიცი ვინ არიან. -იცი სად ცხოვრობენ? -კი. ტრანსფორმატორებში არიან სამივე. -მერე ნახე სამივე და რომელსაც გავს ბაღანა ის იქნება... -არცეთს არ გავს. -აბა მე აქა დეენემის ანალიზებს კარვიღეფ. კაი, მაჩვენე ერთი ხელი. დედა გაუწვდის მარჯვენა ხელს. -შედი ტვალეტში, დეიბანე ხელი გოგო! -მკაცრად მიმართა დოდო მკითხავმა. დედა სწრაფად წამოდგა და გაიქცა დასაბანად. დოდო მკითხავი ბავშვს მიუბრუნდა. -რა გქვია პაწია მეტყვი ბოლობოლო? -თართი. -დედაშენმა დაგარქვა? -დიახ. -მერე უფრო კარგი სახელი ვერ დაგარქვა? -მე მომწონს. -რატომ? -იმიტომ, რომ ლამაზი თევზია. -რას ამბობ? თევზია? -ხო, დედიკომ წიგნში მაჩვენა სურათი და მომეწონა. მერე მეც დავარქვი დედიკოს თევზის სახელი. -მართლა? -დიახ. ისევე იმ წიგნიდან. აბა თუ მიხვდები. -რა ვიცი მამდენი თევზი. ბარაბულკა, სტავრიდკა, კეფალი... -არა, არა, არა... -სკუმბრია? -ნო! -იმას რა ქვია, დაბტყელებული რომაა? -ნო, კამბულაც არა. -აბა რა ჯანდაბა დაარქვი? -არც ჯანდაბა. თუ ვერ მიხვდი, მაშინ წაგება უნდა აღიარო და გეტყვი. -ვაღიარეფ. -სამი კამფეტი. დოდო მკითხავმა მისცა კანფეტი და დაელოდა პასუხს. -მოდი, ყურში გეტყვი. დოდო მკითხავი წინ მიიწია. ბავშვი წამოდგა, ყურთან ახლოს მიიტანა ტუჩები და ჩასჩურჩულა. დოდო მკითხავი ახითხითდა. ბავშვმა ტუჩზე მიიდო საჩვენებელი თითი და დოდო მკითხავს მიუთითა. დედა დაბრუნდა. -ვაიმე ამ ბაღანამ გადამრია. ძაან საყვარელია, მარა ცოდვაა შენ ხელში. მოი დაჯე. მომე ხელი. თვალი სა დეითხარე? -იმ ღამეს... -რა იყო, გიხმარეს და მერე გცემეს? -არა, ჯერ მცემეს და მერე მიხმარეს. -რაში გჭირდება მისი პოვნა? -უნდა მივუყვანო. -რატომ? -მე მივდივარ. -სად მიდიხარ? -ვერ გეტყვი. -მომე ხელი. -დოდო მკითხავი კარგად დააკვირდა ხელის გულს. -ვაიმე რაია აი? არ ვიცი. მე ვერ გეტყვი ნამდვილად. საიდან უნდა გევიგო რომელის თესლიდან გამოვიდა. მე მართლა ჯადოქარი კი არ ვარ. -გეხვეწები. -ჩემთან დატიე. მივხედავ. რა ჭკვიანი თვალები აქ, ნახე. -მეც ჭკვიანი თვალები მქონდა. -კი, გქონდა. ნამდვილად გქონდა. არ გამახსენო. რაფერი ლამაზი ბაღანა იყავი. დედაშენი რომ გასეირნებდა ყველა შენ გიყურებდა, გეფერებოდა. კიდევ რომ იტყვიან თვალის ცემა არააო. სულ მაგენის თვალი იყო. ვუჩიოდი დედაშენს, დეიკიდე ქვა, რომ არ გეცეს თვალი-თქვა. მივეცი, ჩამოვკიდე კისერზე. აქიდან გევიდა და მეისხნა. არ შემიძლია, მაწუხეფსო. ამფერი აფერი არ მინახია. რავიცი, რავიცი... -როცა მოვკდებით, მერე რა იქნება? სხვა ცხოვრება არსებობს? წიგნში წევიკითხე, რომ თურმე როცა მოკვდება ადამიანი, მისი სული არ კვდება და ახალ სხეულში ჩაისახება. შეიძლება ჩიტი იყო, ან ჭიანჭველა. მე თევზი ვიქნები შემდეგ ცხოვრებაში. -მერე რა? რა მნიშვნელობა აქვს? აგერ ადამიანი ხარ და რამეს ვერ აკეთებ, თევზი რომ იქნები რა უნდა ქნა? თუ შენ გგონია ოქროს თევზი იქნები? -დოდო მკითხავმა ისევ გადაიხითხითა. -მე მაგის არ მჯერა. წიგნში წევიკითხე და ჩემ ჰოროსკოპზე გამოვთვალე. ისე დამაინტერესა. მარა ჩემი აზრით, არ არსებობს შემდეგი ცხოვრება. -საერთოდ სული არ კდება. სული უკვდავია, მარა მერე სა მიდის, მაი მე კი არა, იმან არ იცის... -მეც თევზი ვიქნები. -უცებ აჭიკჭიკდა პატარა. -დედიკომ ჩემი ჰოროსკოპიც გამეითვალა და მეც თევზი ვიქნები. -ვიყიდი ერთ აკვარიუმს და ჩაგსვამთ. -ისევ გადაიხითხითა დოდო მკითხავმა. -არა, აკვარიუმში არ მინდა. დე, უთხარი, აკვარიუმში არ მინდა. -ჰო, კაი, გეიმასხრა. -ვაიმე რა ტიპია. -დოდო მკითხავი დასერიოზულდა. -ჩემგან რა გინდა ბოლობოლო? -რამე არა. ისე გამევიარე. -კაი ქენი. აგერ ცოტა ფულს მოგცემ. ბაღანას რაცხა უყიდე. -კაი... 6 ზღვა დედის მზერა ვერ აცილებდა თვალს თოლიების ცაში ფრენას. მისი გრძნობები თოლიებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ადამიანებთან. შურდა მათი, დიდი მგოსანივით. ფიქრებში გართულს წვიმის წვეთი დაეცა სახეზე. უცებ გონს მოვიდა. ბავშვს დახედა, მიიღო გადაწყვეტილება და გაქანდა ქალაქისკენ. ბავშვი აედევნა. -დე, სა მივალთ? დედას არ ესმოდა ბავშვის კითხვები. თავის ფიქრებს მიჰყვებოდა. -დე, მშია და როის ვჭამოთ? ბავშვი ვეღარ ეწეოდა დედას. სირბილით მისდევდა და აწევდა კითხვებს. დედა-შვილი რამდენიმეხანში ტრანსფორმატორების ქარხანაში იყვნენ. ნანგრევებად ქცეულ ქარხანაში უსაქმური მაწანწალები ბორიალობდნენ. ბავშვი შეშინებული აცეცებდა თვალებს. გაუპარსავი, ბინძური, დანაოჭებული ლოთები ბოროტად ადევნებდნენ თვალს ახალმოსულებს. დედა შიშისგან კანკალებდა, მაგრამ მაინც მიაბიჯებდა შეშინებულ ფეხებს ჯოჯოხეთის ვიწრო ქუჩაში. ყოველი გაფაჩუნება აშინებდა. ბავშვი ხელში აიყვანა და ფარივით ეჭირა. ნახევრად დანგრეული ქარხნის კედლებიდან საშიში ხითხითის, ყვირილის, ჩხუბის ხმები ისმოდა. გაფითრებული დედა ხელს უჭერდა შვილს და მთელი ტანი უთრთოდა. გაფაციცებით იყურებოდა აქეთ-იქით. ვიღაცას ეძებდა. რაღა ვიღაცას. იმ სამ კაცს ეძებდა, ვინც გააუპატიურა რამდენიმე წლის წინ. თვალი რომ დათხარეს და ისედაც გამწარებულს, ცხოვრება სულ გაუმწარეს. ბავშვი გაუჩინეს და კიდევ ერთი ხათაბალა აჰკიდეს. თავს ვერ უვლიდა მარტოდ ქუჩაში დარჩენილი და ბავშვი დაემატა. ქარხნის ვიწრო გასასვლელი შიშით გაიარა. ქუჩის ბოლოში ბევრ მაწანწალას შეეყარა თავი და რაღაცებს ბჭობდნენ ხმამაღლა. ბავშვმა ტირილი მორთო, დედას ააკანკალა და თავკუდმოგლეჯილი გავარდა უკან. ვის ეძებდა? ვინ უნდა ენახა? ან რომ ენახა, რა უნდა ეთქვა მისთვის? თავის თავს უსვამდა კითხვებს და პასუხიც კითხვებშივე იყო. ისევ ზღვა, ისევ ტალღები, ისევ ოცნება და ისევ ცრემლები ანუგეშებდნენ საცოდავ მარტოსულს. *** -დედი, მოი დაჯექი აქანე, რაცხა უნდა გელაპარიკო... -რატომ დე? რატომ უნდა მელაპარიკო? -რატო? - დედა დაფიქრდა და ვერ უპასუხა შვილის კითხვას, მაგრამ თავისი სათქმელი გააგრძელა. -მისმინე ახლა. გახსოვს მაშვინ რომ წევიკითხეთ თევზის ამბავი? -რომელი თევზის ამბავი, დე? შენ იმდენ თევზებზე წამიკითხე, რომ... რამდენი არც მახსოვს. -ოქროს თევზის ამბავი დედი... -რომელი ოქროს თევზის ამბავი? მებადურმა რომ დეიჭირა და მერე სამი სურვილი ოუსრულა? -არა... ხო, სამი სურვილი რომ აუსრულა, მარა მებადურმა რომ დეიჭირა კიარა, მეორე... -მეორე? ცხვარმა რომ დეიჭირა და... -არა შვილო, მომისმინა ახლა პაწახანს... -გისმენ დე... -გახსოვს, მაშვინ რომ წევიკითხეთ წიგნში, ქალმა რომ გაცურა დიდ ოკეანეში და იმდენი იცურა, რომ ოქროს თევზად გადეიქცა და მერე თავის შვილებთან რომ მევიდა და სურვილები ოუსრულა? -კი, დე, მახსოვს. სახლი რომ არ ქონდათ და მერე სასახლე რომ ოუშენა და ლამაზი ტანსაცმელები რომ შეუკერა და საჭმელები და სასმელები რომ ქონდათ ბევრი და... - ხო დედი... მაგას გიჩივი... -აუ რა მაგარი იყო. მერე რამდენჯერ სიზმარში მესიზმრებოდა ის სასახლე და საჭმელები და სასმელები... -ჰოდა, მისმინე დედი... მე უნდა წავიდე... -სად უნდა წახვიდე? -მაცალე ლაპარიკი!.. -უცებ აყვირდა ანერვიულებული დედა, მაგრამ მალევე გააჩერა თვალებიდან გადმოღვრილმა ცრემლმა. -დე, რატომ ტირიხარ, დე? დე, არ იტირო, გეხვერწები, დე, თუარა მეც ვიტირებ. დედამ ცრემლები შეიმშრალა და გააგრძელა საუბარი. -კაი, დედი, ცოტახანი მომისმინე, არ გამაჩერო, გთხოვ. -კაი, დე, ხმას აღარ ამევიღებ. დედა თავიდან მოემზადა და ისევ დაიწყო. -ოქროს თევზი ხომ იცი, რომ სურვილებს ასრულებს? -დე, მშია? ნახე იგერ ცეცხლს ანთებენ. ტიტუ, რამხელა ცეცხლი დაანთეს. გახსოვს მაშვინ ცეცხლი რომ დაანთეს ვიღაცა კაცებმა და მერე წვადები რომ შეწვეს, რა გემრიელი სუნი ქონდა... -შვილო, გეხვეწები, ცოტა მომისმინე. ისეც მიჭირს ამის თქმა და რომ მაჩერებ, საერთოდ ვეღარ ვლაპარიკობ. -დე, რა ვქნა, დე, რომ მშია, კუჭი მტკივა და მაწუხებს. ჩემი ბრალი ხომ არაა. -ჩემი ბრალია, შვილო, მარა რა ვქნა, რომ ვერაფერს ვერ გშველი. დამტანჯა ამ ცხოვრებამ და დამაჩანაგა. ხალხმაც გამწირა, ღმერთმაც... შენ რაღას გერჩოდა ის ვერ გევიგე... მარა რას გეიგებ ამ ცხოვრებისას... პაუზა ჩამოვარდა. ბავშვი თავს იჭერდა, ხმას არ იღებდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ დედის გაფრთხილება ჯერკიდევ ახსოვდა. -წავალ მე დედი, გავცურავ ზღვაში და იმდენს ვიცურებ, სანამ ოქროს თევზი არ გავხდები. შენ დამელოდე აქ და როცა დავბრუნდები, ყველა სურვილს აგისრულებ. -მართლა? ყველა სურვილს ამისრულებ? სასახლეს ამიშენებ? -კი დედი... -ბევრი საჭმელები გვექნება? -და ლამაზ-ლამაზი ტანსაცმელები. -მერე შენ ისევ ხომ გახდები ადამიანი. -ადამიანი ვეღარ გავხდები, მარა სურვილებს აგისრულებ და შენ კარგად იქნები, ყველაზე კარგად მთელ მსოფლიოში. -მერე სამი სურვილი ხომ უნდა შემისრულო? -კი დედი. -ერთი სურვილი იქნება დიდი სასახლე... მეორე იქნება ბევრი საჭმელები და სასმელები და ტანსაცმელები... და მესამე... იცი დედი რას მოგთხოვ მესამე სურვილს? ისევ დედიკო რომ გახდე. ხომ ამისრულებ დე? -არ ვიცი... პირველს და მეორეს აგისრულებ და მესამე სხვა მეიფიქრე. მასე არ შეიძლება. - დე, ჩემი სურვილია და რასაც მინდა იმას ჩევიფიქრებ. -კი, მარა, თუ შემეძლება არ ვიცი... -შეგეძლება, მე ვიცი, იმიტომ, რომ სურვილი უნდა აასრულოს ოქროს თევზმა. პაუზა ჩამოვარდა. დედა ზღვას უცქერდა და ფიქრები ჰორიზონტს მიღმა იფრქვეოდა. ბავშვი ცოტა ხნით გაისუსა და ისიც ზღვისკენ შებრუნდა. დედა-შვილი ზღვისკენ იყურებოდნენ და თავიანთ ფიქრებში დაფრინავდნენ. -დე, ოქროს თევზის მაგივრად უბრალო თევზად რომ გადეიქცე, მაშინ რა იქვება. -უბრალო თვზად არ გადევიქცევი... -რატომ? -არ შეიძლება. ადამიანი მხოლოდ ოქროს თევზად შეიძლება გადეიქცეს. არ გახსოვს მაშვინ რომ წევიკითხეთ? -მახსოვს, მარა კარგად არ მახსოვს. -მოდი მოვძებნი და კიდევ წევიკითხოთ. დედამ ამოიღო დაფლეთილი წიგნები და დაიწყო ძებნა. კარგა ხანს ეძება და ბოლოს რაღაც იპოვა. დიდხანს კითხულობდა თვალებით. -დე, ვერ იპოვნე? -კი შვილო, ვიპოვნე. -აბა რატომ არ კითხულობ? -ახლავე... იყო და არა იყო რა... იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო დედა და შვილი. მათ არაფერი გააჩნდათ და ცხოვრობდნენ სიღარიბეში. -დე, ეს ზღაპარი ჩვენზეა ხო? -ჩვენისთანა გაჭირვებულებზეა შვილო.აბა მარტო ჩვენ კი არ ვართ ამფერები. კიდევ ბევრია ჩვენნაირი გაჭირვებული და ადრეც ყოფილან. -დე, ვინ დაწერა ეს ზღაპარი? -ვინ და მეზღაპრემ. -მეზღაპრე ვინაა? -ვინც ზღაპარს წერს. -ზღაპარს რატომ წერს დე? -იმიტომ, რომ ბავშვებმა წაიკითხონ და ისწავლონ. -რა უნდა ისწავლონ? -ზღაპარი. -დე, ბავშვებმა ზღაპარი რატომ უნდა ისწავლონ? -იმიტომ, რომ ცხოვრება ისწავლონ და მერე ისე იცხოვრონ, როგორც ზღაპარი ასწავლის. გეიგე? -არ ვიცი დე... -რა არ იცი? -გევიგე თუ ვერ გევიგე. -კაი... ზღაპარს მოუსმინე მაშვინ. ერთ დღეს დედამ უთხრა შვილს. –„შვილო, აღარაფერი გვაქვს საჭმელი. არც არავინაა ჩვენი მშველელი. გავცურავ ზღვაში და გადავიქცევი ოქროს თევზად. სამი დღე და სამი ღამე დამელოდე და მოვალ ოქროს თევზის სახით. სამჯერ ამოვხტები წყლიდან და შენ სამი სურვილი ჩაიფიქრე და აგისრულდება“. დედამ გაცურა ზღვაში და გაუჩინარდა. ელოდებოდა ბავშვი სამი დღე და სამი ღამე. მესამე დღეს ბავშვი გაფაციცებით იყურებოდა ზღვისკენ, მაგრამ ოქროს თევზი არ ჩანდა. ბავშვი მშიერი იყო და ძალა წართმეოდა. თვალებზე ცრემლები მოადგა და ხმამაღლა მორთო ტირილი. ამ დროს ზღვიდან გაიგონა დედის ხმა. „რატომ ტირი შვილო. მე უკვე გადავიქეცი ოქროს თევზად და აგისრულებ სამ ნატვრას“. ბავშვმა გაიხედა ზღვისკენ და დაინახა ოქროს თევზი, რომელიც სამჯერ ამოხტა წყლიდან და ნაპირთან მოცურა. ბავშვმა სამი სურვილი ჩაიფიქრა. თევზმა უთხრა, გაიხედე უკან და დაინახავ რაც შენ ინატრეო. ბავშვმა გაიხედა უკან და უზარმაზარი სასახლე იდგა. გაიქცა ბავშვი სასახლისკენ. მცველები შეეგებნენ მას და შეაცილეს სასახლეში, სადაც სეფექალები დახვდნენ და ახალ ტანსაცმელში გამოაწყეს. მერე დიდ დარბაზში შეიყვანეს, სადაც დიდი მაგიდა იყო გაწყობილი ნაირ-ნაირი საჭმელითა და სასმელებით. ბავშვი დაჯდა და დაიწყო ჭამა. იმდენი ჭამა, რომ მუცელი ატკივდა. ექიმმა ისეთი სასმელი დაალევინა, რომ წამსვე მოურჩა მუცელი. ბავშვს დედა გაახსენდა და გაიქცა ზღვისკენ, მაგრამ ოქროს თევზი აღარსად იყო. დიდხანს ეძახდა დედას ბავშვი, მაგრამ ოქროს თევზი აღარ ჩანდა. დაბრუნდა სასახლეში ბავშვი და დაღონებული მიწვა ლამაზ ლოგინზე. მას ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ დედა აღარსად იყო. ჩადიოდა ბავშვი ზღვაზე ყოველდღე და ელოდებოდა ოქროს თევზს. ერთ დღესაც გაიგონა ხმა. „აი, შვილო, მე ისევ მოვედი შენთან, მაგრამ ახლა უკანასკნელად მნახავ. შენ უკვე დიდი გოგო ხარ. აწი თავს უნდა მოუარო. შენ ბედნიერი მომავალი გექნება. როცა გაიზრდები, შენთან მოვა ლამაზი პრინცი და მასთან ერთად შექმნი ოჯახს. გეყოლებათ ბევრი შვილები და გაზრდით მათ ბედნიერად. ჩემზე აღარ იფიქრო. წინ ულამაზესი მომავალი გაქვს. მე ყოველთვის ვიქნები შენს გულში და ყოველთვის ვიზრუნებ შენს მომავალზე. თუ გაგიჭირდება, მე ყოველთვის დაგეხმარები, მაგრამ შენ ისე უნდა იცხოვრო, რომ არ გაგიჭირდეს. შენ ახლა ყველაფერი გაქვს და მოუარე ამ სიმდიდრეს“. ოქროს თევზმა სამჯერ ისკუპა წყალში და სამუდამოდ გაუჩინარდა... -დე, არ მინდა სასახლე. არ წახვიდე... არ გახდე ოქროს თევზი, თუარა მე შემეშინდება მარტო... -არა შვილო, არ უნდა შეგეშინდეს. მე შენზე იქედან უფრო ვიზრუნებ. აბა ახლა არაფერი არ შემიძლია და რა ვქნა?.. -წამო, წევიდეთ და იმ ბიძიებს ვთხოვოთ საჭმელი. მე ვეტყვი და მომცემენ. -არა დედი, ისინი საშიში ხალხი არიან. -ვიცი, მარა ძაან მშია. -წამო, ევიდეთ მაღაზიაში. ცოტა ფული მაქვს, დოდო დეიდამ მომცა და გიყიდი გემრიელ რაღაცებს. დედა წამოდგა და ქალაქისკენ წავიდა. შვილი მისდევდა და თვალები უბრწყინავდა. -დე, რას მიყიდი? -რაც შენ გინდა იმას გიყიდი. -კამფეტებს მიყიდი? -კამფეტებსაც გიყიდი და საჭმელსაც. -დოდო დეიდა ზოგჯერ კაი ქალია ხო? -კი, ზოგჯერ კაი ქალია. მე რო წავალ, დოდო დეიდასთან დაგტოვებ, გინდა? -არა დე, არ მინდა, იმიტომ, რომ ზოგჯერ კაი ქალია, მარა ზოგჯერ არაა კაი ქალი. იმ დღეს ბევრი საჭმელი და ტკბილეული უყიდა ბავშვს დედამ. მას არაფერზე პირი არ დაუკარებია. გაქვავებული იჯდა და ზღვას უყურებდა. საღამოს, როცა ბავშვს ჩაეძინა, ტანზე გაიხადა და ზღვაში შეცურა. ერთხელაც არ გამოუხედია ნაპირისკენ. შეცურა ზღვაში და ნელი ცურვით ჰორიზონტისკენ გაუჩინარდა. 7 მოლოდინი დილით ადრე ამობრწყინდა ცაზე მომღიმარი მზე. ზაფხული გასული იყო, მაგრამ ჯერ მაინც თბილოდა. დაჟანგულ რკინის ჯოხებზე ჩამოფარებული დაფლეთილი ნაჭრებით აწყობილ კარავში, მზის სხივები ალაგ-ალაგ მიძვრებოდნენ. ბავშვმა თვალები სწრაფად დაჭყიტა და დედას დაუწყო ძებნა, მაგრამ დედა არსად ჩანდა. მერე დედის ჩანთა და ტანსაცმელი დაინახა და მიხვდა, რომ დედას ვეღარასოდეს ნახავდა. ახლა მხოლოდ ოქროს თევზის ნახვის იმედი დარჩენოდა. სამი დღე და სამი ღამე დედის გარეშე ლოდინი ეძნელებოდა პაწიას და დაბნეულ თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. ხმასაც ვერ იღებდა, ან რომ ამოეღო ვისთვის მიეწვდინა. ბავშვი ჯერ ზღვისნაპირზე გავარდა და დედას ეძახდა. დედა არ პასუხობდა. ბავშვს გული სწრაფად უძგერდა. ხან ერთ მხარეს გაიქცეოდა დედის ძახილით და ხან მორე მხარეს. ბოლოს თავის კარავთან დაბრუნდა და დედის ტანსაცმელს დაუწყო ფერება. -დე, ხომ მალე დაბრუნდები? იცი, უკვე როგორ მომენატრე? უშენოდ არ შემიძლია. ღამე იცი რაფერ შემეშინდება? ძაან, ძაან. რა ვქნა? მე ხომ ჯერემ პატარა ვარ, რა ჩემი ბრალია. საჭმელი დაინახა. ჭამისას სევდა გაუქრა, მაგრამ როცა დანაყრდა, ისევ გულს შემოეყარა. დედის ტანსაცმელში ქვები ჩაალაგა და იქ დააწვინა, სადაც დედა იძინებდა. მერე გვერდით მიუწვა და დაიწყო მასთან საუბარი. -დე, გახსოვს ზოდიაქოზე რო მიყვებოდი? პირჩხიბი ივლისში დაბადებულების ნიშანია. ისინი დედის გარეშე ვერ ძლებენ... ისევ ცრემლები მოადგა თვალებზე და გაქვავებულ დედას მაგრად მოეხვია. -დე, მეც ხომ შენსავით პირჩხიბი ვარ და შენს გარეშე არ შემიძლია? რატომ დამტოვე? არ მინდა ოქროს თევზი... არც სასახლე მინდა... აღარც საჭმელს მოგთხოვ... დეეე... გაიქცა თართი ნაპირისკენ. ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. ბოლო ხმაზე ეძახდა დედას ცარიელ სანაპიროზე და ზღვისკენ მიუწევდა გული. სამი დღე და სამი ღამე ცრემლიანი თვალებით უყურებდა ამღვრეულ ზღვას და ელოდებოდა ოქროს თევზად ქცეულ დედას. არც დედა ჩანდა და არც ოქროს თევზი იყო უკიდეგანო ზღვაში. მესამე საღამოს დელფინების დიდი ოჯახი შენიშნა ნაპირთან. პატარა დელფინები დედა დელფინებს კუდში დასდევდნენ და ხტუნავდნენ ზღვაში. თართი ვერ აშორებდა თვალს და რაღაც უხაროდა. მოსწონდა დელფინების ურთიერთობა და ნაპირიდან უყვიროდა. -დელფინებო, დედაჩემი ხომ არ გინახავთ. ოქროს თევზია დედაჩემი. ყველაზე ლამაზია ამ ზღვაში. უთხარით, რომ ველოდები უკვე სამი დღეა... და სამი ღამეა. ჩქარა მოვიდეს, თუარა მე აღარ შემიძლია. ძალიან ცოდვა ვარ. დელფინებო, გეხვერწებით. იპოვეთ ჩემი დედიკო... დელფინებს ესმოდათ ბავშვის. ნაპირს მიუახლოვდნენ და გაეთამაშნენ, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდათ, მაგრამ თართი ვერაფერს ხვდებოდა. გადიოდა დღეები და თართი უფრო და უფრო იწყენდა. საჭმელიც გაუთავდა და სასმელიც. ნერვიულობისგან ავად გახდა. მზესავით ცხელი იყო და ძალაგამოცლილი. გაქვავებულ დედასთან იწვა ღონემიხდილი და ვერაფერს ხდებოდა. არ იცოდა რა ექნა. ძალაწართმეულს შუაღამისას ჩაეძინა. დილით მზის სხივმა თვალებში შეაჭყიტა და გააღვიძა. თართი ფეხზე წამოდგა და ტანსაცმელი გაიხადა. რაღაც გადაწყვეტილი ჰქონდა და ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. თავისი ტანსაცმელი ქვებით გაავსო და დედას გვერდით მიუწვინა. მერე ზღვისკენ წავიდა და შეცურა წყალში. -დე, მეც პირჩხიბი ხომ ვარ და შემდეგ ცხოვრებაში ხომ მეც თევზი ვიქნები. გახსოვს, მაშვინ რო წამიკითხე? მეც გავცურავ და როცა მეც ოქროს პაწაწკინტელა თევზი გავხდები, ზღვაში გიპოვნი და შენთან ერთად ვიქნები და აღარასოდეს მოგშორდები. ბავშვი მიცურავდა ჰორიზონტისკენ და თან დედას ელაპარაკებოდა. *** შუა ზღვაში, ფსკერზე, წყალმცენარეებში უამრავი ქვირითი ეყარა. რიგრიგობით სკდებოდა ქვირითები და უამრავი პატარა ლიფსიტა იჩეკებოდა. მერე გუნდად იყრიდნენ თავს და ერთი მიმართულებით მიცურავდნენ. ერთი ლიფსიტა ყველასგან განსხვავდებოდა. ოქროსფრად იყო დაწინწკლული და ტუჩებს არ აჩერებდა, თითქოს ვიღაცას ეძახდა. გამოეყო ლიფსიტების გუნდს და სხვა მიმართულებით გაცურა. უცებ უზარმაზარი თევზის კუდი მოესვა და დაარეტიანა. როცა ოქროსფერი ლიფსიტა გონს მოვიდა, უზარმაზარი თევზი მასთან ახლოს იყო. ისიც ოქროსფერი წინწკლებით იყო, მაგრამ ცალი თვალი არ ჰქონდა. ლიფსიტას შეეშინდა ცალთვალა თევზის და საპირისპირო მიმართულებით მოკურცხლა. უცებ დიდი პირღია თევზი მიუახლოვდა და გადაყლაპვა დაუპირა. ცალთვალა თევზი იქვე გაჩნდა და პირღიას დიდი ძალით დაეჯახა. პირღია თევზი შეშინდა და გაეცალა. ცალთვალა თევზმა კუდი მოუსვა ოქროსფერ ლიფსიტას და ფარფლებში ჩაიხუტა. ლიფსიტამ სითბო იგრძნო ცივ წყალში და ფარფლებზე ჩაებღაუჭა. ცალთვალა თევზს სახე გაუნათდა. წყალი ანკარა იყო და ირგვლივ ულამაზესი წყალმცენარეები ირწეოდნენ. ორი ოქროსფერი თევზი თავისუფალ წყაში, სადღაც შორს, უდარდელად მიექანებოდნენ. ზღვას ბოლო არ უჩანდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი