მთანისლქარეთი


უკვე იმდენჯერ გადაგეთოვე,
სიბნელე შენში სრულად დაოსდა,
როცა მოთეთრო ფანტელლანდვაში
ნისლის აჩრდილმა გამოგაორთქლა.
მე შენ იმდენჯერ გადაგეცეცხლე,
აღარაფერი აღარ გათბობდა,
რომ დავრჩი მარტო და გასახელე,
გამოვიწვიე ყოფნის არყოფნა.
არყოფნის გულშიც შენ დაგინახე,
ქალაქმა ასხმა ქალაქთა შობა,
ლამპიონებით ფრთანორჩ სინათლედ
გადმოგასვეტა ალავერდობამ.
იქით მზეები, აქეთ კი ყინვა,
იქით სიცოცხლე, აქეთ ბაღები,
ფერიცვალების გზაგასაყარზე
ობელისკებად მოგელანდები.
უკვე იმდენჯერ მოგექარიშხლე,
შენი სხეული ჩემს ფრთებზე დნება,
ვიმღერებ აზიზ აპრილმაისზე,
ყვავილთა ზღვები გადაგვევლება.
ჩვენ დავიხრჩობით ფერად მდელოზე
ცისარტყელისფერ ყვავილნარებში,
თუ მოგიყვები მელანქოლიკზე,
წადი, დამტოვე მთანისლქარეთში.
შენ მიმატოვებ მთანისლქარეთში,
კვლავ უსინათლო სამყაროს მოვსხლავ,
უდაბნოდქცეულ კატაკომბებში
ცივ-ცივ წყაროს წყლას გაპკურებ მორცხვად.
აგედევნები ოაზისებად,
შემოგეწყლები ქვიშის თვალებში,
ამოვნაზდებით ორქიდეებად
ატომთა უსპეტაკეს ფანტელში.
და ბოლოს ლითონისებრ კლანჭებში
გამოვიღვიძებ უკვდავ პეპელად,
რკინის უმძიმეს მოზაიკებში
ამოვლექსდები მერმის პოეტად. 
გ.ტუღუში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი