გიყვარდეს


გიყვარდეს არა უფალი,
არამედ ქველი მოყვასი,
უფალს არაფრად სჭირდება
არც ლოცვა კუშტი ხოჯასი.
დარდობდე უბნის ჯიხურში
მოვაჭრე მხრცოვან ბებოზე,
ნუღარ დაძვრები მიღმურში,
ლექსებს ნუღარ თხზავ ზეგონზე.
კვლავაც მშობლიურ უბანში
იქეც ყავარჯნად პაპასი,
რომელმაც ლაღ ბავშვობაში
გაჩუქა სითბო ათასი.
გიყვარდეს ციგნის ბავშვები,
ვისაც სჭირდები გიყვარდეს,
არა მდიდართა ფანდები,
არა, როდესაც იავდრებს.
თუ დაინახავ სახლის წინ
გაძვალტყავებულ ცხოველებს,
გამოკვებე და მერწმუნე,
დაწერ უკეთეს ნოველებს.
შვილმკვდარ დედას კი ესტუმრე
ყოველდღე, ვისაც ახარებ,
რომ სამყაროსი მეურმე,
ოდესღაც შვილსაც ანახებს.
ყური დაუგდე უნიჭოს,
იქნებ იმ წამში ბრწყინვალებს,
პირში ახალე გენიოსს
სათქმელი, რომ არ მინავლდეს.
მლანძღველიც უნდა გიყვარდეს,
გიყვარდეს დამკვირვებელი,
ვინც გაქილიკებს გიყვარდეს,
ასევე ფარისეველიც!
დახატე შენი მეზობლის
გადაკოჟრილი ხელები,
არა მეფენის, ზეკაცნის,
რომელთ დაუდგეს ძეგლები!
გ.ტუღუში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი