მზის სამელნეები
მზეს მზეში მოსწყდა სინათლე და მოხაზა ქალი, ქალმა სიშორე, სიშორემ კი − ჯორჯ ბაირონი, ეძებდა ლორდი უძილობით მზის იქით ბორნებს, არარსს რომ ლაქად დასჩნეოდნენ მოკაეშნონი. მაგრამ ერთ ღამეს მოელანდა მგოსანს კვლავ ქალი, მკერდაკოკრილი და შიშველი ვით ხაიამი, მას გაუელვა − კალიოპეს არ მაქვსო ვალი, არ მხიბლავს ფახრ-ალ დინ ასადის ვისრამიანი. მინდაო მკერდი შევუხურო მოლანდულ დიაცს, ვნება ეკვეთოს ყოვლისმშობელ და უნდო წყვდიადს, თუმცა რა იცის ბაირონმა, რომ ვინც უქიათ, სწორედ დიაცი უღვივებდა ბნელ-ბნელ ხვაშიადს. ჰოდა, შლეგ ლორდსაც დაუწყია ლექსების წერა, ქალის სიშორით − გადამქრალით გამთენიოს პირს, თუკი წამება პოეტების გესენტიმენტათ, მოდი, ბაირონ, უცილობოდ აგვეტიროს და... და მერე ჩვენი სახელები დაერქვას თვეებს, როგორც ივნისი ან ივლისი ანდა აგვისტო, ნეტავ რა დალევს სულის ზღვაში მზის სამელნეებს, ამოაწებ და ლექსებს დაწერ გულთ საგიზგიზოს. ამოავლებ და ლონდონს, ვენას, თუნდაც ძველ ათენს შენი ძეგლები დაამშვენებს − გამესიურდი, არ გეყვარება ქალთა მოდგმა, ხოლო მათ ისევ გაადემონებს ტრფიალისას, ,,გნახე, ტიროდი“. მზის სამელნეებს სულს ჩააწებ და მინავლდები, იღბლიან გლახაკს მოუნდება შენით ცრემლობა, ყველგან ხარ, სადაც პოეზიით არ უვაჭრიათ, ყველგან ხარ, სადაც უგვირგვინო მეფობს მეფობა. -გია ტუღუში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი