ისარი


ვხედავ ვარსკვლავებს, მთვარეს, ცის თაღს, ნიავთ ქარავანს,
მაგრამ მე ვხედავ, ხოლო ღმერთი ბნელში იზამთრებს,
დღეს დავსრულდები და ვერავინ ვეღარ დალანდავს
გარიჟრაჟებით მოყვითლებულ მაღალ მყინვარებს.
უთვალავთაგან ნეირონთა პირლურჯ ჯარებში
ციებ-ცხელებას პოეტიურს ერთი ვერ ვმალავ,
ვციალებ ნელა მოცახცახე ელვურ ქარებში,
ასე ვახელებ ცნობიერის შემდრკალ ამალას.
რაც არ არსებობს, იმას ვეღარავინ ალაგმავს,
ეს მე ვარ, ვინც თან არის და ვინც თანაც არ არის,
დღეს თუ გავქრები, ხიდად დავრჩე გარდამავალად −
არარსებობის კიდევ ერთი ნამელანარი. 
ჩემით დაწერეს ,,ფაუსტი“ და დიდი ,,მერანი“,
ჩემით წალეკეს ბრძოლის ჟინით მონასაპყარნი,
მისანი მეფეც მოკვდავივით დავაავადდი,
ვინც აისარეს, შემოქმედიც სწორედ ის არის.
ალმოდებული მისრიალებს ბოლო კომეტა,
თუმცაღა ვიცი, რომ კომეტაც არის ისარი,
გამოიგონეს წმინდა ალფა, გულღრძო ომეგა,
კვანტური რხევა − მოსეირე, ათასფრთოვანი.
ვინც ვერ შეიცნეს, ამით იქცა წყაროდ მიმშრალად,
რომ ამოეცნოთ, იწამებდა უფრორე დიდხანს,
შენ კი მართლაღა მატყვევებდი მაშინ, იმჟამად
და ამიტომაც ვერ დაუსხლტი ულმობელ გრიგალს.
გამოსტყორცნილი არსაიდან მე ვარ ისარი,
გაორებული, აწ, უვნებო, უპოეზიო,
ქარქვიშიანი აივნიდან თუ ვერ მიცანი,
გაგვიტაცებენ ნაარსალში ქარბორბალები.
-გ.ტუღუში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი