შენი სუნთქვა
შენი ხმა იქცა მდელოების ფერად ნიავად, ნაკადულების შარიშურად, ღელვად მუზების, ახლა იქ გხედავ, სადაც ერთ დროს სულ სხვა მიყვარდა, შენს ღიმილზე კი პოეზიის ღმერთებს ვუყვები... რა დროს რითმაა, როცა ლექსი შენით ივსება, ოდეს შეგნატრი, როგორც შვილი გარდაცვლილ მშობელს, ამ მონატრებით პანთეონი გადაივსება, გადაივსება იმით, ვინც მომეკედლა, ოჰ, მე... შენი სუნთქვაა მთვარე მთებს რომ მოავარაყებს ცივი სითეთრით, მთებისავე ამონასუნთქით, მომენატრები ყოფნის გრდემლო, ყოფნის მოთავევ, ჩვენი სიზმარი სხვა ზღაპარში ამოგვასუნთქებს... შენი სუნთქვაა კლდეს რომ ღვაფად მოსწყდება ოფლი, მესმის ჩურჩული უთავბოლო კორიდორების, იქაც მომწვდები წალკოტების აზიზო ოლევ, მეტყვი, მე ვარო, ვინც ჯოჯოხეთს გაგიმინორებს... ამორ ფატიც ხარ, ავხორცული, ნაზი ლილითიც, პირველსაწყისის მომქარგველი ანი და ჰოე, შენი სუნთქვაა პოეზიის ჩემის ლიმიტი, მარადისობის ლაბირინთში მეც გამიყოლე! გ.ტუღუში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი