სულმნათი კატა


დიდება კატას — როგორც სულმნათს ღამეობის; წარწყმენდა ლამაზს, რაც ვითომდა არ არს ობი... ნუ მემხრობი შენ — შენობით იყვავილე, თორემ ღმერთი ცრუ ციაგებს დაგინისლებს.

მედლის ლტოლვა — გმირის უქმი ომთ ურჩობა, სადაც მხედარს გულმავიწყი მართლის გულყრა სახადია; სახადია, როგორც თაგვთა ქარბორბალა, როცა წმინდას ბნელი, უღმრთოდ, ბინად უჩნდა.

ფენები, ენები, ერები, ბერები — სარკეა ფერფლის; წყენები, ხვევნები, ხედვები, ვნებები — მახეა მსხვერპლის. შხეფები სისხლის — სიყრმის ბედია ძმათა ომების; უძღები სვავის სისავსეა მხეცთ მოწონების.

დროები ლერწმდება, როგორც ზვარაკი, ფიალის ღვენთი; ომები ძველდება — ოქროს ძაძებად, ნისლების დენთი. ველი მცდელობებს, ღვენთიან ღრუბლებს — დენთიან ცასთან, ვატან სილაჩრეს სამარის მღერის ულევ კოშმართან.

მთავარი ვარამი ნაბადი-სამარი აქ არი! მზაკვარი ვაჭარი, ლაჩარი, თამამი — ლამაზი გახდა, შემგრძნობი კივილის... მაგრამ ბრმა ჩივილის — უსმენო, მედგარი; ყიდვის და გაყიდვის ფულად ნამუსის უთავო მხედარი.

მიწა მიილევს მალმალე ყოველს, ყოვლის შემძლეთურთ; ია — ავია, ვარდი — ფანდია, ეკალი — სული... ყოველი „ვითომ“ გამოსიზმარდება ეჭრის კენწერო — ღმერთების ღელვა, ღამეთა ნაღმვა, დღე დაღალული.

გადმოგვხედავენ მომავლები — ულაღო მზერით, უწმინდურები, მაგრამ სიცილის მცველნი თავისთვის; როგორც დღეს ჩვენ ვართ... როგორც დღეს ვკორტნით, როგორც ვსულმნათობთ... და კატა კნავის — ისევ ღამეა, ღელვა მწე ღმერთის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი