აზრის გაქცევა


მწველი ძროხები დღეს მორძეული სარდაფებია,
სადაც მშვენება ცრუ სიყმაწვილის მკვდარ კედლებს ბადებს.
აქ მტვრის ფარდებში ფურისულებიც დაღამდებიან,
ზღვარი წავშალე... ზამთრის ქვაბებით დამკივის მთვარე.
ფეხები ხმება ლავრების ლხენით, შხამთა შხეფებად,
წვეთები მელის ლამპიონებად, ველთა მშენებლად.
ბერდება გედი, გველდება ძველი თმენა ტერფებად,
სანდო ვერხვებად ზეცაში მტრედის განსასვენებლად.
ტანჯვა ვალია, ვაგხანალია — დროის გოლგოთა,
დიდების ბზარი ანემონებად ზვრების ჩოჩქოლთა...
მოსასხამია უხმო სარდაფი მაკედონელთა,
შირვანის შაჰის შარავანდედი შემგროვებელთა.
და გადის ხანი ლერწმის ანბანი სამყაროს გლოვით.
ფერხთით ვიტირე ტკბილმოუბარი ცხოვრების მცველი,
ეჟვნის სიცელქე შვებით ვიმღერე , როს ვედებს ვგრძნობდი,
შვილთა შენდობა შემწყანერბლური შამანებს შველის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

16 კომენტარი

უკაცრავად ეს ლექსია თუ რაიმე მოგელანდათ ? ხომ არ ფიქრობთ რომ ასე წერა მარტივია? თუ მცირეოდენი ერუდიცია აქვს ავტორს? ზედმეტად ხომ არ იყავით ენის ჟონგლიორობით გატაცებული ამ ლექსის წერის დროს?

ექსპერიმენტული პოეზია ყოველთვის იწვევს აზრთა სხვადასხვაობას .მაღალ მხატვრულობაზე ამ შემთხვევაში არც ვაყენებ პრეტენზიას.უბრალოდ აგიხსნით თუ რა იყო ამ ლექსის დაწერის სუვილი და რას გულისხმობს ტექსტი.თუ პირველად ირონიას მოახერხებთ და გვერდით გადადებთ, ალბათ შევძლებთ ერთმანეთის მოსმენას.

გადავდე პირველადი ირონია რომელიც არ მგონია პირველადი იყოს ბოლომდე და გისმენთ...

ამ ლექსს უდა გავყვეთ მარტივი ზოგადი სიმბოლიზმის ეპითეტებით,მეტაფორებითა თუ მინიშნებებით.

სიცოცხლე / საზრდო vs. ჩახუთულობა: „მწველი ძროხები“ (სიცოცხლის, ბუნებრივი სიმდიდრისა და რძის/საზრდოს სიმბოლო) გადაქცეულან „მორძეულ (ჩამოქცეულ/ბნელ) სარდაფებად“. ეს არის სულიერი ან მატერიალური სიღარიბის, ჩახუთულობის შეგრძნება."მწველი" იმიტომ არის რომ ვეღარც ძლებენ და ნელნელა ილევიან.

წარსულის ილუზია: „ცრუ სიყმაწვილე“ და მისი „მკვდარი კედლები“ გვეუბნება, რომ ახალგაზრდობის ოცნებები და სილამაზე ილუზორული აღმოჩნდა. კედლები ნიშნავს ჩაკეტილობას როგორც ფიზიკურს ისე სულიერს.
ზამთრის ქვაბები“ და „დამკივის მთვარე“ ქმნის აბსოლუტური სიცივის, გაყინულობისა და ყვირილის/ტკივილის განცდას. ზღვარი რეალობასა და სიზმარს შორის წაშლილია.
ეს არის სარდაფში დაფლული ქვაბები,რომელთა რახარუხი კონტრასტში მოდის მთვარის მშვიდ ყოფასთან ცაზე.

წარმატების შხამი: „ლავრების ლხენა“ (დიდება, წარმატება) სინამდვილეში შხამია, რომელიც ადამიანს „ამბობს“ (ფეხებს ახმობს). დიდებას მოაქვს სულიერი დამბლა.
ფეხები იმიტომ რომ ასევე სიმბოლურად წინსწრაფვის ,სიარულის მეტაფორა.
„ბერდება გედი“ — სილამაზე, სიწმინდე და ხელოვნება ბერდება.

„გველდება ძველი თმენა“ — წლობით დაგროვილი მოთმინება სიკეთედ კი არ რჩება, არამედ გველად (სიბრაზედ, შხამად, სიბოროტედ) გადაიქცევა.

სულის თავშესაფარი: ამდენი ტკივილის ფონზე, „მტრედი“ (სული) ეძებს განსასვენებელს „სანდო ვერხვებში“ — ანუ ბუნებაში, სიმშვიდეში, ზეცასთან ახლოს.

ტანჯვის აუცილებლობა: ტანჯვა აღქმულია როგორც „ვალი“, რომელიც ყველამ უნდა გადაიხადოს. ცხოვრება ერთდროულად არის „ვაგხანალია“ (უზომო ქეიფი/ქაოსი) და „გოლგოთა“ (ჯვარცმა/ტანჯვა).

ამქვეყნიური დიდების მსხვრევა: ალექსანდრე მაკედონელისა და შირვანის შაჰის ხსენება შემთხვევითი არ არის. მათი დიდება, შარავანდედი და იმპერიები დღეს მხოლოდ „უხმო სარდაფია“ და „შემგროვებელთა“ (მუზეუმების, ისტორიკოსების) საკუთრება. ყველაფერი ამაოა.

ანუ ისინიც იმავე სარდაფში არიან ახლა სადაც ლირიკული მე თავიდან.

მწუხარება და სინანული: „ლერწმის ანბანი“ (მყიფე, სუსტი მწერლობა/სიცოცხლე) სამყაროს გლოვობს. პოეტი ტირის „ცხოვრების მცველის“ ფეხებთან — ეს არის სინანული, დაკარგული წლებისა და შესაძლებლობების გამო.

სულიერი გათავისუფლება: ბოლო ორ სტრიქონში შემოდის „ვედები“, „შამანები“ და „შენდობა“.

ეგზისტენციალური ტანჯვისგან, ისტორიული ამაოებისა და სიბერისგან ხსნა მხოლოდ შენდობაში, მიტევებასა და სულიერ წმენდაშია.

„შამანებიც“ კი (მაგიური/სულიერი ძალები) მხოლოდ მაშინ პოულობენ შველას, როდესაც შენდობასა და შემწყნარებლობას აღწევენ.

ეს არის ეგზისტენციალური კრიზისისა და სულიერი კათარსისის (გაწმენდის) ტექსტი.

ლირიკული გმირი განიცდის ახალგაზრდობის ილუზიების მსხვრევას, ხედავს ამქვეყნიური დიდების ამაოებას (მაკედონელი, შირვანშაჰი), გრძნობს სიბერისა და დროის სისასტიკეს („გველდება თმენა“), მაგრამ ბოლოს აღწევს სულიერ სიმშვიდეს — ცოდვების მონანიებით, სამყაროს მიღებითა და საკუთარი თავის შენდობით.

აქ ალბათ ბევრი რამ გამომრჩა კიდევ, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ დეტალები მკითხეთ და აგიხსნით!

(სიცოცხლის, ბუნებრივი სიმდიდრისა და რძის/საზრდოს სიმბოლო).ამის სიმბოლოდ შესაძლებელია უამრავი სხვა რამის გამოყენება და მაინც დამაინც ძროხები რატომ თან ასეთი უხეხში სიტყვაა."აქ მტვრის ფარდებში ფურისულებიც დაღამდებიან," ალბათ ფურისულა რაიმეს სიმბოლოა აქაც, მაგრამ იგივე კითხვაა რატომ მაინცდამაინც ფურისულა? კარგად რომ ჟღერს მაგიტომ?"წვეთები მელის ლამპიონებად, ველთა მშენებლად." ესეც სრულიად გაუგებარი ხატებაა წვეტების ლამპიონებად გადაქცევა . ორი შეპირისპირებული მხარის გაერთანების მცდელობაა მაგრამ რატომ?იკვეთება ეს ტექსტიდან?„ლერწმის ანბანი“ (მყიფე, სუსტი მწერლობა/სიცოცხლე) ეს სადავო მეტაფორაა რატომ არის მაინც დამაინც სუსტი მწერლობის სახე ლერწმის ანბანი? ანუ თქვენ ისეთ მეტაფორებს აჯღერებთ ტექსტში რომელსაც მარტივ სიმბოლიზმს უწოდებთ მაგრამ შესაძლოა სხვა ვინმესთვის სხვა მნიშნველობა მიიღოს მაგ სახეებმა. თუმცა მრავალშრიანობის გამო შეიძლება ვინმემ დიდ პოეზიად ჩათვალოს! რადგან გარკვეულ სკოლებში ეგ ტენდენცია შეიმჩნევა...

ისიც გაუგებარია თუ ყველაფერი ლოგიკური სიმბოლიზმიდან არის ნასაზრდოები და ყველაფერს თავის მნიშნველობა აქვს "აზრის გაქცევა" რატომ ჰქვია ნაწარმოებს?

„პოეზიაში „ლოგიკური ბზარი“ არ არსებობს, არსებობს პოეტური შთაგონების ირაციონალური ლოგიკა. სურრეალიზმში (მაგ. დალის მხატვრობაში ან არტოს თეატრში) სახეები სწორედ იმით არის არსებული, რომ ისინი უარყოფენ ყოველდღიურ ლოგიკას. „წვეთების ლამპიონებად გადაქცევა“ არის წმინდა წყლის სიზმრისეული ვიზუალიზაცია.“ თუმცა შესაძლებელია ასევე ლოგიკასთან კავშირი.წვეთები როგორც სისველის მყიფეს ან ცრემლების სიმბოლო.ლამპიონი როგორც სინათლის ახალი გზის მანათობელის სიმბოლო.ველი როგორც სივრცე სადაც შესაძლებელია ნგრევაც და აშენებაც.მეტაფორა კი ასე შეიძლება წაიკითხო.ძველი იარები(ცრემლები,მყიფეობა) გარდაიქმნება რაღაცა ახლის, შემეცნებისა და შენების ხატად."აზრის გაქცევა" სწორედ მაგიტომაც ჰქვია ნაწარმოებს რომ არ არის ცალსახა ლოგიკა ამ ლექსში ,როგორც მატემატიკური ფორმულა .მაგრამ თუ იაზროვნებ ირაციონალურ-რაციონალურად და სიზმრისეულად შესაძლოა დაინახო კიდეც ამ გაქცევის ლოგიკაც.

ასევე ჩემი აზრით ,არასწორია მითითება სიმბოლოს არჩევაზე.თუ (სიცოცხლის, ბუნებრივი სიმდიდრისა და რძის/საზრდოს სიმბოლო) სხვა რაიმეც შეიძლება იყოს,მე რაც გამოვიყენე, ეგეც შესაძლებელია და უხეში არის თუ არა სიტყვა ეგ სცდება კრიტიკას და გადადის გემოვნების სფეროში.თუ ჩვენ ყველაფერში ლოგიკას ვეძებთ მაშინ რაღად გვინდა პოეზია ან ხელოვნება? წავიდეთ და ყველამ მათემატიკური განტოლებები ამოვხსნათ.

კითხვა მაინც რჩება.არის თუ არა ლექსი წარმატებული როგორც პოეტური ტექსტი?, ამაზე მხოლოდ ავტორის განმარტება ვერ გასცემს პასუხს. აქ საბოლოო მსაჯული მაინც თავად ტექსტია: რამდენად შეუძლია მას დამოუკიდებლად იმუშაოს მკითხველზე, განმარტებების გარეშე. სწორედ ამ საკითხზე რჩება ღია სივრცე.მე გეთანხმებით იმაში რომ შესაძლებელია ისეც წაიკითხოს რომელიმე მკითხველმა როგორც თქვენ.მაგრამ იმდენად ჰერმენტულია აქ ყველაფერი რომ ვერ მოვთხოვთ მკითხველს ჩაწვდომას.პოეზია თუ არის გაზიარების ხელოვნება.ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ტექსტი საკმარისად არ ამართლებს საკუთარ ჰერმეტულობას.თუ სხვა მიზნები ჰქონდა ავტორს .მაგალითად ტექსტის ისე დაწერა როგორც ნახატივით მაშინ ეგ გემოვნების საკითხია,ამართლებს თუ არა.

პოეზია ბევრი რამ არის.ისიც რაც თქვენ დაწერეთ და ასევე საკუთარ "მესთან" დიალოგიც.ეს ტექსტი მეორეს ემსახურება.ეს ლექსი არ არის სამშობლოზე,სიყვარულზე,ან ისეთ თემაზე რაც საერთოა.თქვენ ლექსს აფასებთ ტრადიციულად.რაშიც ხართ მართალი, მაგრამ ჟანრი შეგეშალათ.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი