შენ არ არსებობ
მზე როცა სხივებს წაიღებს მწკრივად, ცა ქარვის მერცხლებს აშეშებს ჩვენთვის. ყოველ ფუსფუსში იისფრად გვცივა, რადგან საღამო სიყრმეში შედის. მაგრამ არ შევცვლით არცერთი ამ წამს. ერთად ზღვა ხდება ნავი ნაპირით... და რაც გულს ასე გუგუნში ზარავს, ცხრება ტალღებად, ჰანგად ჩავლილი. გახსოვს უჩვენო ყოფა მოწყვეტით? როცა ვერაფრად ღირდა ცხოვრება. იქ, შავ ფიფქებად უფრთო მერცხლები თოვდნენ იარებს ჩვენში ხსოვნებად. იმ სამყაროში, სადაც შლამების ბრმა აღლუმია ყოველ ნაბიჯზე, ჭაობის ფერით სულის ჩანჩქერი სხეულში ყოფნას აღარ აპირებს. ჭაობში გიცან გედი სიწრფელით! სადაც სიცოცხლით ტკბობა ვისურვე. ვკრთოდი ეულად ხმელი წიფელი, შენთვის ბოლო ტოტს ვართვი სისუსტე... ვგრძნობდით სისავსით მოსილ ერთმანეთს. მირქმის მდინარედ, რომ ვერ ილევა. მაშინ დანებდა მტრული დღე-ღამე მარადისობის ახალ ქმნილებას! ასე მოგხატე ხატი ხილვიდან. შმაგმა მხატვარმა ღმერთის სარწმუნოდ. მკვდარი ფუნჯები სულში ჩამტყდარან; მე ისევ ვიცი! „შენ“ არ არსებობ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი