ჯარისკაცის წუხილი


მზის სხივი სადმე თუ გამოჩნდება, ჩვენგან დგას ცალკე.
თოვლსაც ვასწავლეთ მეწამულობა — ძმათა კვლის სარკე. 
ტუსაღი რწმენა რიგითს მაინც მაქვს ომში უშრეტად.
სიცოცხლის წყარო უდიერობით სანგრებს უშრება... 

ზემდგომთა შიშით სულის ჩივილი ვერ დაიწყება!
დედების გლოვას პასუხობს მხოლოდ ყრუ დავიწყება. 
მეფის მონების ლოცვას ვეღარ სცნობს საკურთხეველი,
მომავლის ველზე ყველაფერია განურჩეველი.

კუპრის ღვთაების ხოტბად ისვრიან ვაზნებს მხეცები, 
გონის ფარდულში ფიქრების ხატად ტყვიებს შერჩები. 
ყმების შეწირვა ბრმა სახადია ქვეყნის პირობით, 
დოგმების ხვევნით მსხვერპლს სურს სამოთხის საშვი გმირობით.  

ომში ორთავე მხარის კიჟინა ხმება ლოდინით.
ქრება ქოფაკთა უქმი ქაქანი ქვებზე ქოშინით.
შემდგომი ყმები ჩაგვანაცლებენ წარსულ ქიმერებს
და კვლავ ჩვენსავით ბრტყლად მოგვიძღვნიან ნაცნობ სიმღერებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი