შეცნობის სიშავე


ფანდის ფიტულებში ჩრდილნი გაფიცულან, 
რადგან პატრონები ბნელშიც გაფითრულან... 
აუწყვეს სიტყვები სიმართლეს საზომად, 
იქნებ ამბოხება არ დარჩეთ ფანტომად?! 
კრთოდა ქალის ჩრდილი: „თითქოს ზღვა ვიწვები!
ქალს სიცილში თუთქავს ნაცრემლი სხივები,
ვიქეცი ოთახად ფარული ქვითინის,
მხოლოდ გარე კარი სხვებისთვის იცინის.“
მეორე ხმებოდა: „დამგმეთ კაცის ჩრდილი!
რადგან სიყვარული მრჩება მკვდრის ჩივილი...
ვერ თქმული სიტყვებით მორცხვი ყინულის მზე,
როგორც ყვავილები მარტოსულ საფლავზე.“
„შემხედეთ ბავშვის ჩრდილს!“ — კვნესოდა მესამე, —
ოცნების ლამპრებად შერწყმული დღე-ღამე...
მაგრამ გისოსები უშლიან ამ ფრთოსნებს,
შემორჩა მკრთალ ფანჯრად, ნატვრას რომ აცოცხლებს.
„მე ვარ ომის ჩრდილი!“ — ყვაოდა მეოთხე, —
გვამთა თოჯინებით სიკვდილის მეოხე!
„წრფელად იყვავილებს უჩემოდ ყოველი,
როცა სხეული გაქვთ ვნებებით ცხოველი“?
ძევს სიკვდილის ჩრდილი მდუმარე სიშლეგით:
„ბოლოს ყველა მაინც ჩემს გამო იღლებით...
აზრს რაღას მისცემდით სასრულის გარეშე?
სიცოცხლის ქიმერა მე თქვენთვის დავგეშე!“
აქ ჩაფიქრდა ყველა შეცნობის სიშავით:
„ამ განცალკევებით საითკენ ვისწრაფვით?
მოწყენის ჩრდილია ყოველი პატრონი...
კვლავ ჩრდილები ვიყოთ! ნათლისგან მარტონი!“
ფიტულთა სიფითრე ვერ ფარავს შავ ფანდებს.
ქიმერა სიმშვიდეს არასდროს არ ბადებს.
დავკარგავთ ყველაფერს ყველაფრის შეცნობით?
სამყაროს ჩრდილს ისევ ამიტომ ვეყრდნობით?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი