მე ამასწინათ


მე ამასწინათ ისე დავთვერი, 
დავუჩოქე და შევთხოვე ღვინოს, 
- თავს მომახვიე შენი სარტყელი, 
იქნებ ფიქრებმა აღარ მიკბინოს. 


მე ამასწინათ ვიტირე ისე, 
არ წამომსვლია ცრემლი არცერთი, 
ჩემთვის ვიქურდე, არ გავასხვისე, 
ის რაც არ მითქვამს, ანდაც ვერ გეტყვი. 


მე ამასწინათ მესტუმრა ტატო, 
უკან მოსდევდა შავი ყორანი, 
სუფრასთან ერთი ვიყავი მარტო, 
დავლიე მათი მოსაგონარი.


მე ამასწინათ ვნახე ცდუნება, 
ყელს მოვიხვიე ნარნარით გველი, 
მოწამლულს შხამით მსურს განკურნება, 
ხელს მიქნევს შორით გრძნობის მძარცველი.


მე ამასწინათ ვიწამე ღმერთის
ისე რომ მისი მცნება ათივე, 
ვერ შევუთავსე ჩემს გულის ფეთქვას,
ვუარყავ, დავგმე , გავიმარტივე.


მე ამასწინათ აღვივსე ისე, 
რომ საბოლოოდ დავცარიელდი, 
მიდი, თამამად ჩაიკისკისე, 
ჯერ უნახავი მომავლის ლედი.


მე ამასწინათ დავთვერი ისე, 
სიფხიზლე უცებ თავში ავარდა, 
ცოტათი თავი გავიხალისე,
მეტს აღარ დავლევ, მორჩა, გათავდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი