მიუალერსე
მიუალერსე, მიეფერე დაკარგულ სურვილს, სანუგეშებლად გაიმეტე შენი შეცდომა, რომ დაგირეკავს, ნუ გათიშავ უგულოდ ყურმილს, თუ გაიხსენებ ხმას, რომელიც აღარ გეცნობა. ჩაჭიდე ხელი ბავშვს, რომელიც არ ცნობს სიავეს, სიფრთხილით ნაზად ეამბორე ხელზე ქალბატონს, თვალებში ცქერა ხშირად უჭირთ ადამიანებს, უსინათლო კი სხვის თვალებში ჩაძირვას ნატრობს. უსმინე იმას, ვინც სიჩუმეს ესაუბრება, მას, რაც ეცემა, უბიძგე, რომ დავარდეს მალე, გაუშვი ყველა, ვიზეც გული გეთანაღრება, მომავალ სევდას - გაგიძლებო - შემოუთვალე! თუ გვერდით არ გყავს,, მითუმეტეს, უსმინე დედას, უყურე მთვრალი მამის ჭიქას, დალევს? დაუსხი, სილა გაარტყი მაცდურ, მაგრამ ყალბ გამოხედვას, თუ რამეს ჩუქნი, საჩუქრის ყუთს შენ ნუ გაუხსნი. იძინე ტკბილად, თავხედური ნახე სიზმრები, იყვირე ჩუმად, აღტაცებით, მთელი არსებით, დაიმეგობრე გაცვეთილი კატაკლიზმები, ბოლოს ისედაც საკუთარ თავს დავემსგავსებით. მიუალერსე, ჩაეხუტე დაკარგულ სურვილს, არ ანუგეშებ? დაივიწყე მაშინ შეცდომა! რომ დაგირეკავს, ნუ გათიშავ უგულოდ ყურმილს, ის ხმა, რომელიც არ გახსოვდა, იქნებ გეცნობა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი