მე და ქურთუკი
ძველებურად დარდი აღარ გამომდის, ამოვვარდი, მგონი, ჩვეულ ფორმიდან, ვარ თვითკმარი, ბედის, მისი წყალობის, ქარტეხილთან ბრძოლა აღარ მომინდა. აღარ მიჭირს თამაში და კამუფლაჟი, შემიძლია ცრემლს ღიმილით ვფუთავდე, ვითარება სატირა და გასაშარჟი: კი, უნდოდე, მაგრამ არვის უყვარდე... უკვე დროც კი გაიჭედა საცობში, და ჩემს გულსაც აღარ ბოლავს გუნდრუკი, სიგარეტის კვამლით ფილტვებს ვიხრჩოლებთ მე და ჩემი შავი ტყავის ქურთუკი. - ნუღარ მგუდავ ცოდვის კორიანტელით! - ტყავი უცებ გაწყრა, წამეპაექრა. მე ვუთხარი - ცოდვა თუ კი არ ვქენით, ქრისტე ჯვარზე აბა რისთვის გაეკრა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი