მკვდარი ოფელია


შავი ლაქები აქვს თვალის უპეებში, 
უხეშ თმის ქსოვილში ცეცხლი მოჰფენია, 
გიჟი გაგიჟდება - გიჟმაჟ კულისებში, 
თეთრი კაბის ფონზე - თეთრად ოფელია. 


თვალებს დახუჭავს და სცენა დაბნელდება, 
პარტერს გაუყვება მისი გულისწყრომა, 
მაინც არ შეგშვენის ოხვრა გარინდება, 
უფრო მოგიხდება - შენ და შემოდგომა. 


პოეტს შედარება უნდა მოაგონდეს, 
ვინმეს უნდა ჰყავდეს მისი ბელზებელი,
ვინმე ნეტარებით უნდა ნავარდობდეს, 
ქარებს უნდა სდევდეს - ღამე ბნელზე ბნელი. 


ცრემლი უნდობარი უკვე აღარ გახრჩობს, 
ცრემლი უკვე გახდა შენი ბინადარი, 
უწინ მარტოობა - აწი ვერ დაგარჩობს, 
შენი მეგობარი - გახდა გასაყარი. 


დაგრჩა მოგონებად - არ ღირს გამოდგომა! 
და თუ გაუდგები - გაქრა ოაზისი, 
გულის უდაბნოში გიწევს წამოდგომა, 
და თუ წამოდგები - ჰანგის დასაწყისი. 


თმები ცეცლხის ალში მჭიდროდ გახლართულა, 
კაბას რუხი ცეკვა წელზე მოჰხვევია, 
შენი საყურეა ჩემი ტარანტულა, 
პოეტს თვალწინ მიდგას მკვდარი ოფელია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი