მამის პერანგი
მე მამაჩემის ნაჩუქარი პერანგი მეცვა, ხასხასა ფერად ქსოვილს თეთრი ღილი ეკეთა, უცებ ნაცნობი მძიმე ლანდი თვალებში მეცა, სარკიდან მამის სილუეტი შემომეფეთა. თბილი, თან კუშტი, მკაცრი მზერით მიცქერდა მამა, მანიშნა, სწორად შემებნია მკერდზე ღილები, მესმოდა მისი ბოხი ტემბრი - ხმის ფონოგრამა, გაიღიმეო - მომაძახა, - ნუ იბღვირები. ღილებს დავხედე, შეკრულიყო მთლად აცაბაცა, უსუსურობა შემომიჩნდა, ცრემლი შადრევნის... და უცებ, მამამ საყელოში ხელები მტაცა : - ცრემლები გაგხწრნის, ნუღარ ტირი, ცრემლი არ გშვენის! მაგრამ მე შენგან ვერ ვისწავლე შეკვრა ღილების მე არც ის ვიცი, როგორ ვმართო ჩემი ჭრილობა... და ჩვენს ნაპრალში მდინარე რომ ჩაედინების, ზედ გადის ხიდი, ხიდზე ხტუნავს ჩატეხილობა. მისმინა ჩუმმა სილუეტმა, შუბლი აწია, იღიმებოდა, ლოყის ნაჩვრეტს გამოჰყვა ლანდი, მე გავტრიალდი, ხმა ბუბუნით წამომაწია, გაოცდა სარკე, მამაჩემს რომ ძალიან ვგავდი. ჯავრობდა მამაც, ხიდის სიგრძე გულს მასაც წყვეტდა, მერე ღილები შემისწორა, გაფითრდა ლამის, ბოლოს კი დინჯად, ვაჟკაცურად დამაიმედა: - არ შეგეშინდეს, შენ პერანგი გაცვია მამის!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი