ბროწეული
ქუჩის მეორე მხარეს, ღობესთან, ტოტზე ნარნარი ჰქონდა ბროწეულს, და ატყვევებდა ის ყველა გრძნეულს, იდგა შოლტივით, იდგა ეული, ვერც შევამჩნიე, როგორ გამაბა და როგორ დავრჩი დატყვევებული. პენტავს და გპენტავს, ლეწავს და გლეწავს, თითქოს უმანკოს, სუფთას და სპეტაკს და მაინც, სულით ავხორცს და მეძავს, უსირცხვილოდ რომ გაფურჩქვნას ბედავს. ჯერ არ სალბუნობს, შორიდან გძერწავს, მერე კი ვნების თხოულობს ნექტარს. და შენც არ გინდა იუკადრისო, უკან ვერ დაგხევს კრძალვა და რიდი, სიამით შფოთავ, ის არის მშვიდი, შენ პათოსურად თითებს იფშვნიდი, რადგანაც იცი, რომ საამისოდ, გედება ცოდვა - გამოსასყიდი. ის კი გევლება მხურვალედ ტანზე, კრთის თითებისგან დაჩნეულ კვალზე, სანაცვლოდ მიაქვს სულის ნაჭრები, და შენც წაგიღებს, თუ გააბრაზე, ყელზე გესობა ბასრი კლანჭები, შენ კი ყელს უშვერ და ესარჩლები. შემდეგ მოგიხმობს ბაგე ნოტიო და მოგთხოვს მძიმე სუნთქვით გაშრობას, გგონია, შენს ფერხთ არის მსოფლიო, არ ჩქარობთ ვნების ხანძრის ჩახშობას, უსმენთ ერთურთის ქშენა - გალობას ყურში ჩურჩულებთ მორიგ მზაკვრობას. არ დააყოვნებთ იმ სხვა დანარჩენს, უახლოვდებით ბოლო განაჩენს, რომელიც სულის საყდარს წაახდენს და სამუდამო ლაქას დაამჩნევს, არ სუფევს შენში უმანკოება, როცა ბროწეულს უმზერ, განახლეჩს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი