თქვი და იყუჩე


ნუ დაიშურებ მწარე სიტყვებს, დაე, გაცხარდი, 
არ მიიკარო სველ ბაგეზე ჩუმი მაყუჩი, 
და, რაც აქამდე კბილით კვნიტე დამსკდარი ტუჩი, ნუღარ ხარ ურჩი შენი თავის, 
თქვი და იყუჩე. 


ჟანგმოდებული ენა არვის გამოადგება, 
ბასრი სიტყვები კვეთს ქარის ნაკადს, მონაქროლს გზაზე, 
შენი დუმილი ბოლოს მაინც შენ დაგბრალდება და აალდება სიტყვის კონა, რაც გადახაზე.


აბა რას ფიქრობ? ხომ ძნელია, რომ არ ბრაზობდე, არ განიცადო ის, რაც გულს სურს მშიერ ძაღლივით... 
და შენც თოვლივით  თუ არ მოთოვ ნაზად გაზონზე,
თუ ვერ დაცხრება, დამშვიდდება  სული დაღლილი,
თუ გაგიჭირდა, თუ დაგჭირდა, ისიც გახსოვდეს, 
თოვლის სინაზის გარდა, ზოგჯერ ზვავიც თან გქონდეს. 


თუკი დამაშვრალს გაგერიდა ავად ნამყოფი, გრძნობათა დოღში წაგებული ფაშატი ცხენი, ფაშატებს მოსდგამთ ენერგია მათთვის სამყოფი, გრძნობის ნაყოფი, გასაყოფი, დოღის აღმდგენი. 


შენ კი ბაგიდან მოიშორე ჩუმი მაყუჩი, 
გააცამტვერე საბოლოოდ გრძნობის სიყალბე... 
და, რომ აქამდე ძველ  სცენარებს თუ გადაურჩი, იყავი ურჩი, სათქმელი გაქვს? - თქვი და იყუჩე!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი